თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფინეთი და შვედეთი NATO -ს წევრობისთვის ემზადებიან

თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფინეთი და შვედეთი NATO -ს წევრობისთვის ემზადებიან

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბური აგრესია გარდამტეხი მომენტი გახდა გადაწყვეტილების მიღებისთვის. ალიანსში უკვე მიღწეულია კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყნები MAP-ის მინიჭების გარეშე გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ოჯახის წევრი. თუმცა არის გამონაკლისი და ეს არის თურქეთი. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ. ერდოღანის თქმით, თურქეთისთვის ნატოს გაფართოება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დაცული იქნება თურქეთის ინტერესები.

„შესაბამის მეგობრებს ვუთხარით, რომ უარს ვიტყვით შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე. NATO უსაფრთხოების ორგანიზაციაა და ჩვენ ვერ მივიღებთ იქ ტერორისტული ორგანიზაციების არსებობას. NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თხოვნა მაშინ, როდესაც ტერორისტულ ორგანიზაციას ყოველგვარ მხარდაჭერას უწევენ, შეუსაბამოა“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ NATO-ში გაწევრიანება მესამე სახელმწიფოებისთვის საფრთხეს არ წამოადგენს და არასდროს წარმოადგენდა. ჯო ბაიდენმა ამ 2 ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეს თავდაცვითი ალიანსია. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, რომელიც NATO-ში გასაწევრიანებლად აუცილებელია - მათ ჰყავთ ძლიერი არმია, ეკონომიკა და მუშა დემოკრატიული ინსტიტუტები.

„შვედეთი და ფინეთი აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას და თავდაცვის ალიანსში ორი ახალი წევრის ყოლა გააძლიერებს უსაფრთხოებას. საუბარია აღორძინებულ ნატოზე, რომელსაც აქვს ინსტრუმენტები და რესურსები, სიცხადე და რწმენა, რომ დაიცვას საერთო ღირებულებები და გაუძღვეს მსოფლიოს. მთელ რიგ საკითხებში, შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის“ , - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრები სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მისაღებად. გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი მჭიდრო კავშირშია ფინეთთან და შვედეთთან, ისევე როგორც თურქეთთან, რომელიც აღნიშნული ჩრდილო ევროპული ქვეყნების გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება.

„NATO ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე ოფიციალური ანკარის წუხილის აღმოფხვრას ცდილობს. აზრთა სხვადასხვაობა იშვიათი არაა და ალიანსი გადაწყვეტილებების პოვნაში გამოცდილია. მჯერა, რომ უკრაინას ომის მოგება შეუძლია. რუსეთმა ვერ აიღო კიევი, იძულებული გახდა დაეტოვებინა ხარკოვი და მიმდებარე ტერიტორიები და შეეჩერებინა დონბასზე შეტევა. ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთმა უარი თქვა თავის სტრატეგიულ მიზნებზე, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის“ , - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთთან უთანხმოება მოგვარდება. საული ნიინისტო პირობს დებს, რომ აიღებს ვალდებულებას თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც ის NATO-ს წევრი გახდება.

„ჩემი ქვეყანა უკვე აწარმოებს დისკუსიას თურქეთის პრობლემის მოსაგვარებლად და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება უახლოეს დღეებში. ფინეთს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთთან. როგორც მოკავშირეები ნატოში, ვიზრუნებთ თურქეთის უსაფრთხოებაზე ისევე, როგორც თურქეთი ჩვენ უსაფრთხოებაზე. ფინეთი სერიოზულად ეკიდება ტერორიზმს. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს ყველა თავის ფორმაში და აქტიურად ვმონაწილეობთ მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ღია ვართ თურქეთის ყველა შეშფოთების განსახილველად ჩვენ წევრობასთან დაკავშირებით ღია და კონსტრუქციული ფორმით“ , - განაცხადა საულ ნიინისტომ.

თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ანალიტიკოსები თვლიან, რომ პრობლემა მოგვარებადია, რადგან მათთვის ეგზისტენციალური საფრთხე ახლა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ანკარას მიერ წამოყენებული საკითხები და სავარაუდოდ, სამ თვეში ნატოს სრულფასოვან წევრობას მიიღებენ. გარდა ამისა, შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებისთვის სავალდებული არ ხდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - MAP-ის მიღება, რადგან ალიანსი შვედეთის და ფინეთის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას გეგმავს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ თურქეთის შეუცვლელმა პოზიციამ NATO-ს გაფართოების პროცესი შეაჩეროს.

„ფინეთისა და შვედეთის ნატოში არშეშვება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და არაა გამორიცხული, რომ თურქეთმა სხვა ქვეყნებიც დაიყოლიოს. უნგრეთმა უკვე თურქეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა დაიწყო. ამ ეტაპზე გაურკვეველია იტალიის მთავრობის პოზიცია. განაცხადის შეტანა ერთია, მაგრამ მეორეა სიტუაცია როგორ წავა, გაივლიან თუ არა MAP-ს.

აქ ორმაგი სტანდარტები გამოვა, თუ უთხრეს, რომ MAP-ი საჭირო არააო და ჩვენთვის დააწესეს. ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველომ უფრო მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე ფინეთმა. ხოლო ჩვენზე ნაკლები დემოკრატია კი ალბანეთში და მაკედონიაშია, მონტენეგროში გაცილებით უარესი სიტუაციაა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შესაძლებელი გახდეს MAP-ის გარეშე შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, მით უმეტეს, რომ მისი თქმით, NATO-ს მესვეურებმა განაცხადეს ამის შესახებ. რაც შეეხეება თურქეთის წინააღმდეგობას, პოლიტოლოგის განცხადებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ფინეთშიც და შვედეთშიც ფართოდ არიან წარმოდგენილი ქურთების მუშათა პარტია, რომელსაც თურქეთი მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად.

„ამდენად, ერდოღანის წინააღმდეგობა სრულიად გასაგებია, მაგრამ ერდოღანი შეეცდება მაქსიმალურად მეტი მიიღოს, როგორც თანხმობის, ასევე უარის შედეგად. ერთი მხრივ მეტი მხარდაჭერა მიიღოს ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში და ამასთან, ძალიან ბევრი საკითხია, რაშიც თურქეთს აქვს ინტერესთა კონფლიქტი ევროპულ ქვეყნებთან.

შესაბამისად, მისი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ უფრო ფართო სპექტრით უნდა განვიხილოთ საკითხი და არა მარტო უკრაინის საკითხით.

შესაბამისად, თურქეთი შეეცდება მიიღოს მაქსიმალური, ამ მოგებისთვის ივაჭროს ორივე მხარესთან და, რომლისგანაც მეტ სარგებელს მიიღებს, იმის შესაბამიად იმოქმედებს. თურქეთი ის სახელმწიფოა, რომელზეც ზეწოლა არაა იოლი საქმე და მით უმეტეს ერდოღანის მმართველობის პირობებში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, თურქეთი, რომელიც NATO-ს მნიშვნელოვანი წევრი ქვეყანაა, წამოაყენა პირობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მისი პირობა შესრულდება, პირობის წამოყენება ნიშნავს, რომ მის დაყოლიებას შეძლებენ.

„თურქეთი, რომ არ თანხმდებოდეს, მაშინ თავის მოთხოვნებს არ წარმოადგენდა. 6-პუნქტიანი მოთხოვნაში ჩამოთვლილია საკითხები, რომლის გადაწყვეტასაც ითხოვს თურქეთი. ამ საკითხების დადებითად გადაწყვეტის შემდეგ განიხილავს ამ საკითხს. NATO-ში, ზოგადად, იყო ასეთი პრეცედენტები, იგივე მაკედონიას სანამ მიიღებდნენ, სახელის შეცვლას არ თანხმდებოდა, შეიცვალა სახელი, გახდა ჩრდილოეთ მაკედონია და მიიღეს. ასევე იყო რუმინეთი, რომელსაც ტერიტორიული პრეტენზია ჰქონდა უკრაინასთან, როდესაც მოხსნეს ეს პრეტენზიები, მიიღეს NATO-ში. ასე რომ, ეს არის პროცესი“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას - MAP-ს, გენერალ-მაიორი თვლის, რომ შესაძლებელია MAP-ის მიღების გარეშე მოხდეს ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება.

„ჩავთვალოთ, რომ უკარიანის ომის ფონზე ეს შესაძლებელია. ასევე აბსოლუტურად შეცვლილია გეოპოლიტიკური გარემო და ვითარება. ამავე დროს, ეს ორი ქვეყანა ძალიან აქტიურად არის NATO -სთან კავშირში მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ NATO -ს წევრი ქვეყნები. ფინეთი და შვედეთი ბლოკგარეშე ქვეყნები იყვნენ. ფაქტობრივად, ინტეგრირებული არიან ევროპაში და NATO-ში. არც სტანდარტების ცვლილება არ სჭირდებათ, არც შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, ფაქტობრივად იგივე ევროპის ქვეყანა არის თავისი NATO-ს შეიარაღებული ძალებით. ასე რომ, ფორმულირებას როგორ მისცემენ, რას დაუდებენ საფუძვლად, ეს სხვა თემაა. მაგრამ თქვენი კითხვა - შესაძლებელია თუ არა MAP-ის გარეშე მიიღონ? - შესაძლებელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.