„ყველა იხდის ამ ომის საფასურს, რუსეთიც, რომელსაც ენგრევა ეკონომიკა, უკრაინა, რომელსაც ენგრევა ქვეყანა და დასავლეთი, რომელსაც ძალიან დიდი ხარჯი აქვს“

„ყველა იხდის ამ ომის საფასურს, რუსეთიც, რომელსაც ენგრევა ეკონომიკა, უკრაინა, რომელსაც ენგრევა ქვეყანა და დასავლეთი, რომელსაც ძალიან დიდი ხარჯი აქვს“

„რუსეთს ნებისმიერ სიტუაციაში დაკარგული აქვს სახე, მაგრამ ევროპელები ამას მაინცდამაინც ხაზს არ უსვამენ იმ იმედით, იქნებ, რუსეთი დათანხმდეს რაღაცას. რუსეთს საბოლოოდ მაინც მოუწევს დათმობა, მაგრამ ის შეეცდება, დათმობა მოხდეს მისგან წამოყენებული გარკვეული პირობებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

არა მხოლოდ მაკრონი, არამედ სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ ზელენსკის დათმობაზე წასვლას პუტინის სახის შესანარჩუნებლად. ბუჩას, მარიუპოლის ტრაგედიების ფონზე რატომ უნდა შენარჩუნებოდა პუტინს სახე, იმისთვის, რომ მას კიდევ უფრო უარესი სახე არ გამოეჩინა და ბირთვულ ღილაკზე ხელი არ დაეჭირა? რატომ ცდილობენ ევროპელები იმ ადამიანის გაკეთილშობილებას, რომელიც ყველანაირად მოწადინებულია, აგრესორის როლი ბოლომდე შეასრულოს?

- ვფიქრობ, თუკი პირველ ეტაპზე რაღაცას ცდილობდნენ ევროპელი პოლიტიკოსები, ეს იმიტომ, რომ ადრეულ სტადიაში არ უნდოდათ, სიტუაცია მისულიყო ამ დონეზე. მთლიანობაში, ევროპა და, საერთოდ, მსოფლიო ძალიან დიდ დანაკარგს განიცდის ამ ომის გამო. ისინი ფიქრობდნენ, იქნებ, რუსეთს შევთავაზოთ ისეთი მოდელი, მალე დაასრულოს ეს ომი, რომ მსოფლიოში კრიზისი რაღაცნაირად შეჩერდეს. თორემ შეიძლება, ისეთი სასურსათო და ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს მსოფლიოში, გაუსაძლისი პირობები შეიქმნას. ამიტომ ცდილობდნენ რუსეთის დაშოშმინებას, ახლა ცოტა შეიცვალა სიტუაცია, რუსეთის დამარცხება უნდათ, მაგრამ, ამავე დროს, ეშინიათ ბირთვული ომისაც. ამიტომ ეძებენ დიპლომატიურ გამოსავალს. რუსეთს ნებისმიერ სიტუაციაში დაკარგული აქვს სახე, მაგრამ ევროპელები ამას მაინცდამაინც ხაზს არ უსვამენ იმ იმედით, იქნებ, რუსეთი დათანხმდეს რაღაცას. რუსეთს საბოლოოდ მაინც მოუწევს დათმობა, მაგრამ ის შეეცდება, დათმობა მოხდეს მისგან წამოყენებული გარკვეული პირობებით. ახლა უკრაინას ყველაზე მეტად აწყობს, რუსეთმა დათმოს უკრაინის პირობებით და მოაწეროს ხელი შეთანხმებას მათი პირობებით. ამ ყველაფრის საფასურს იხდის არა მარტო უკრაინა, არამედ დასავლეთიც, ყველა იხდის ამის საფასურს, რუსეთიც, რომელსაც ენგრევა ეკონომიკა, უკრაინა, რომელსაც ენგრევა ქვეყანა და დასავლეთი, რომელსაც ძალიან დიდი ხარჯი აქვს. საბოლოო ჯამში, ყველას სჭირდება მშვიდობა, მაგრამ გააჩნია, რა პირობებით. რუსეთი არ ნებდება, აგრძელებს თავის სამხედრო აქტივობებს იმის გამო, რომ უნდა, სწორედ მის პირობებზე მოხდეს შეთანხმება.

უკრაინის ომის პარალელურად ყველაზე მეტად თვალშისაცემია თურქეთის აქტიურობა. ერდოღანი არ აპირებს ურთიერთობის გაწყვეტას არც პუტინთან, არც ზელენსკისთან. იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ერთ პოზიციაზეა და ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს რუს დიქტატორთან ურთიერთობაზე, რის დამტკიცებას ცდილობს თურქეთის ლიდერი? ეს ორ კარში თამაშია, თუ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ერდოღანი მართლაც ჩამოაყალიბა მნიშვნელოვან შუამავლად რეგიონში?

- ერდოღანი დიდი ხანია ცდილობს, თურქეთი გადააქციოს რეგიონალურ მოთამაშედ, დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს და, თანაც, განახორციელოს ბალანსირების პოლიტიკა, ე.ი. გამოიყენოს თავისი ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან და შეძლოს საკუთარი ინტერესების რეალიზაციის განხორციელება მთლიანად რეგიონში. განსაკუთრებით, როგორც ეგენი თვლიან, პანთურქისტული იდეების რეალიზაცია, რომელიც გულისხმობს თურქეთის ეგიდით, თურქეთის ლიდერობით ყველა თურქულენოვანი ქვეყნის შემოკრებას და მათზე გავლენის განხორციელებას. გარდა ამისა, კიდევ მეორე საკითხია ის, რომ თურქეთს ისლამურ სამყაროში უნდა მთლიანი ლიდერობა. ამიტომ ბოლომდე არ იზიარებს დასავლურ ფასეულობებს, ამიტომაც შეჩერდა ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაცია, ერდოღანს ურჩევნია, დამოუკიდებელი ლიდერი იყოს ისლამურ სამყაროში, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდეს. ბოლო ხანებში ნატოს რიგ წევრებთან და, პირველ რიგში, აშშ-სთან გაუჩნდა გარკვეული დაძაბულობა, ამ დაძაბულობის დროს თურქეთი რაღაცნაირად იყენებს ბალანსის შესაძლებლობას, ანუ დასავლეთს აჩვენებს, რომ მიემხრობა რუსეთს, თუ არ დაუთმეს რაღაც-რაღაცები, რუსეთს კი აშინებს იმით, რომ ნატოს წევრია, ამიტომ რუსეთი მის წინააღმდეგ სამხედრო ძალას ვერ გამოიყენებს და, პრაქტიკულად, თურქეთზე გავლენას ვერ მოახდენს.

ფინეთსა და შვედეთში ეჭვობენ, რომ ერდოღანი ცდილობს, ნატოში ამ ორი ნეიტრალური სახელმწიფოს გაწევრიანების თემა კარგად „გამოწველოს“, რომ ფინეთ-შვედეთის საკითხით სარგებელი ნახოს ნატოსგან. რამდენად შეუქმნის თურქეთი პრობლემას ფინეთს და შვედეთს ნატოში გაწევრიანების გზაზე?

- რა თქმა უნდა, ესეც არის. ჯერ ერთი, აქ თურქეთის ამბიციების ამბავია, შვედეთს გარკვეული სანქციები აქვს დაწესებული თურქეთთან მიმართებით, ფინეთი იღებს თურქეთიდან პოლიტიკურ დევნილებს, მარტო ქურთისტანის პარტიის წარმომადგენლები რად ღირს, ასევე, გიულენის წარმომადგენლებს, რომლებსაც დევნიან თურქეთში და ძალიან ბევრს უდანაშაულოდაც დევნიან. ეს დევნა სამართლებრივად ბოლომდე არ არის კორექტული. ეს თურქეთს არ მოსწონს, მინიმუმ, პრესტიჟის გამო, არა მარტო იმისთვის, რომ მაინცდამაინც იმ ქურთების და თურქების დაჭერა უნდა, მას სურს, აჩვენოს, რომ თურქეთს აქვს იმის ბერკეტები, სეპარატისტულ და ანტიერდოღანისეულ პოლიტიკურ მოძრაობებს ყველა მხრიდან რაღაცნაირად შეუზღუდოს შესაძლებლობები, მათ შორის, საერთაშორისო არენაზეც. ამით თურქეთი ზეწოლას ახორციელებს დასავლეთზე, კონკრეტულად, ფინეთსა და შვედეთზე, თუმცა ამავეს ცდილობს ამერიკასთან მიმართებით, მაგალითად, გიულენის გადაცემას სთხოვდა ამერიკას. ერდოღანი თვლის, რომ ფეთჰულა გიულენია იმ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი, რომელიც 2016 წელს მოხდა თურქეთში. კიდევ ბევრი სხვა საკითხია, რომელთა კაპიტალიზაციის მოხდენაც სურს თურქეთს.

ერდოღანის ასეთი სასტარტო პოზიცია ნიშნავს, რომ უკრაინის ომის შემდეგ თურქეთი დასუსტებული რუსეთის ფონზე კიდევ უფრო დაწინაურდება?

- რა გითხრათ, ყოველ შემთხვევაში, თურქეთს აღებული აქვს ასეთი გეზი. თუ რუსეთი დასუსტდება, თურქეთის გავლენა შავი ზღვის რეგიონში გაიზრდება. შეიძლება, ამიტომაც ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთ-შვედეთის გაწევრიანებას, რომ ნატოს, როგორც კოლექტიური ორგანიზაციის გავლენა იზრდება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებით. ეს არ აწყობს თურქეთს, რომელსაც ურჩევნია, რეგიონში მისი გავლენები გაიზარდოს. საბოლოო ჯამში, თურქეთის გავლენა გაიზრდება, მაგრამ, ასევე, გაიზრდება ევროკავშირის და ნატოს, როგორც ორგანიზაციების, გავლენა.

leviko ხოდა როცა რუსეთი დასუსტდება მერე ნახავთ რა მოელის საქართველოს თურქეთისაგან ეს არის მთელი უბედურება
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვერ გავიგე რუსეთის ეკონომიკა როგორ ინგრევა, ენერგო რესურსები შემოელია, სასოფლო სამეურნო პროდუქცია თუ თანამედროვე იარაღის ნაკლებობას განიცდის??!! რუსეთი პოლიტიკური და სამხედრო კრიზისიდან ყოველთვის უსაშველოდ გაძლიერებული გამოდიოდა და გამოვა კიდეც! ჩემი პროგნოზით, დასვლეთი თურქეთის წინაშე ჩაიხდის და ვნებიანად გაუგორდება ფეხებში, დააყრის თავზე მილიარდობით დოლარს და შეუსრულებს ყველა კაპრიზს, ოღონ თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა და ომოც კი გაჩაღდეს! ეს არის აშშ-ს დიდზე დიდი ნატვრა! აი მაშინ კი ჩვენი საქართველოს მდგომარეობა ნამდვილად სატირალი იქნება!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
1 წლის უკან
trampi ჩოპრა
ისე თურქეთი და რუსეთი რომ მაინც დასცხებენ ერთმანეთს ეგ ხო იცი?
ჰოოდა მაგაზე ნუღარ ნერვიულობ...მოსახდენი მაინც მოხდება..
ისიც ნათქვამია თურქეთი რუსების წერაააო....
1 წლის უკან