ქვეყანაში არათუ დიდი, არამედ საშუალო ზომის ჰესებიც ვეღარ შენდება

ქვეყანაში არათუ დიდი, არამედ საშუალო ზომის ჰესებიც ვეღარ შენდება

ქვეყანაში ჰესების მშენებლობა თითქმის ყველგან შეჩერებულია. ენერგეტიკული დარგი თანდათან ჩიხში შედის. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ნამოხვანჰესის შემდეგ არათუ დიდი, არამედ საშუალო სიდიდის ელექტროსადგურიც კი არ შენდება.

რამდენიმე დღის წინ ნენსკრაჰესის დაპაუზებულ მშენებლობის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაადასტურა, რომ ინვესტორმა, კორეულმა კომპანია „ქეი უოთერმა“ ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჰიდროელექტროსადგური ამ დრომდე ვერ ააშენა. ამჟამად მთავრობა ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სახელმწიფოსთვის პროექტის პირობები გაუმჯობესდეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი კი აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილი ობიექტის მშენებლობას აპროტესტებს, ნაწილს კი კითხვები აქვს.

„მსოფლიოში არ მოიძებნება პროექტი, რომელსაც 100%-იანი თანხმობა აქვს. თუმცა მოგვარებადი თემაა იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილი მომხრეა. კომპანიას ტაიმაუტივით ჰქონდა აღებული აქტივობების თვალსაზრისით, შესაბამისად, დღესაც იგივე რჩება მოსახლეობის მოთხოვნები თუნდაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე, ასევე უსაფრთხოების კუთხით უფრო მეტი განხილვა და ახსნა-განმარტება სჭირდება ხალხს“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას ვიბლიანმა.

ენერგოუსაფრთხოებისათვის ქვეყანაში ჰესების არსებოპბა აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანას საკუთარი რესურსი არ ჰყოფნის და ელექტროენერგიის შეძენა მეზობელი ქვეყნებისაგან უწევს.

2022 წლის 30 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ნენსკრაჰესი, ნამახვანი და ხუდონი, არა კერძო ინვესტორის, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს და ამ მხრივ ცვლილებები დააანონსა.

როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკაზე თავისი უკუეფექტი ექნება, თუმცა დღეს სხვა გზა უბრალოდ აღარც არის. ყველა დაანონსებული მსხვილი პროექტი გაჩერებულია იმ დროს, როდესაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას.

„ის, რომ სახელმწიფო ეძებს გზებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს მან გაააქტიუროს ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, მისაღებია, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ სხვა გზა ვერ ვნახეთ და სახელმწიფოს ჩარევით ვიწყებთ ამ საქმის კეთებას. ის აზრი, რომ ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები რაიმეს შეცვლის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, ასე არ არის.

შესაბამისად, ძირითადი ჰიდრორესურსის ათვისებით უნდა დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განცხადება ენერგოპროექტებში ჩართვაზე ეკონომიკურად არ არის მომგებიანი, სხვა გზა არ გვაქვს. ამიტომ მე როგორც ენერგეტიკოსი ვამბობ, თუ გინდათ ჯოჯოხეთიდან ამოიყვანეთ ეშმაკი და იმას ააშენებინეთ ენერგეტიკული ობიექტები, ვინაიდან ეს სჭირდება ქვეყანას“, - აცხადებს არაბიძე.

მუდმივად იმპორტზე დამოკიდებულება ქვეყნისათვის დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ელექტროენერგიაზე დეფიციტი მზარდია. ენერგეტიკოსი, მურმან მარგველაშვილიც მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის აუცილებელია, რაც საბოლოოდ ისევ ქვეყანას გამოადგება.

„ეს არის საქართველოს ენერგოენერგეტიკის საფუძველი. ჩვენი, საკუთარი ერთადერთი ენერგიის წყარო დღეს არის ჰესები, რაც სამომავლოდ იძლევა იმის პერსპექტივას, რომ ამ ყველაფერში ალტერნატიურლი საშუალებები, ანუ ქარი და მზე ჩავრთოთ, რაც განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია განახლდეს შეჩერებული ჰესების მშენებლობა და რაც მომავალში აიგება, იყოს სასარგებლო დარგისთვისაც და მოსახლეობსთვისაც“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ბმული
2 წლის უკან