ვიზიტი ბრიუსელში - რაზე ისაუბრა ევროპელ კოლეგებთან ირაკლი ღარიბაშვილმა?

ვიზიტი ბრიუსელში - რაზე ისაუბრა ევროპელ კოლეგებთან ირაკლი ღარიბაშვილმა?

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში 2-დღიანი ვიზიტი დაასრულა და ახლა რამდენიმე კვირაში უნდა გაირკვეს, მისცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. სავარაუდოდ, პრემიერს საკმაოდ რთული მისია ჰქონდა დაკისრებული და მას ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები უნდა დაერწმუნებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს.

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში - პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტში - პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, ევროკომისიაში - უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან.

„მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი შეავსო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირადად განმეხილა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ რეფორმების პროცესში, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების გზაზე მიაღწია“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის. რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

„ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმები საჭიროა როგორც არასდროს“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ჟოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

„შეხვედრის დროს ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის კონტექსტში. მან ასევე დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მტკიცე განწყობას კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი რამე იმაზეც იქნება დამოკიდებული, შეხვედრებზე რა საუბრები შედგა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ღარიბაშვილის და ევროკავშირის ხელთ არსებული პოზიციები ერთმანეთს დაემთხვას, რადგანაც საქართველოს ახლა მათი მხრიდან ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„ევროკავშირი მარტო პრემიერს და მმართველ გუნდს არ ელაპარაკება. ასევე ესაუბრებიან ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორს და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ რაიმე შეიძლება გაიგონ. აქ ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი იგივე პრემიერ-მინისტრია. შესაბამისად მმართველი ძალის მიმართ უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ევროკავშირს და ღარიბაშვილსაც ბრიუსელში ბევრი რაღაცის ახსნა მოუწევს. მიშელს, ალბათ, საუბარი მის მიერ შედგენილ შეთანხმებაზეც ექნება. მმართველმა გუნდმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ხალხიც და ოპოზიციაც მოატყუა.

 მმართველმა გუნდმა წინასწარ არავინ გააფრთხილა, რომ თუკი ოპოზიცია ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა, მიშელის შეთანხმებიდან გამოვიდოდნენ. ამიტომ არ მგონია, ღარიბაშვილს ადვილი შეხვედრები ჰქონდეს. შესაძლოა, საუბარი მიშელის ხელშეკრულების რეანიმაციაზეც იყოს და იმაზეც, ჩვენი ხელისუფლება მის აღდგენაზე რამდენად მზად არის. თუ ჩვენ მიშელის ხელშეკრულების მსგავსი მოდიფიცირებული ვარიანტი ვნახეთ, ჩავთვალოთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ღარიბაშვილს ამაზე ესაუბრნენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

კითხვაზე შეიძლება თუ არა ქვეყანამ ჯერ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და რეფორმების გატარება ევროკავშირმა შემდეგ მოგვთხოვოს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამის გათვლა წინასწარ რთულია. არავინ იცის, იქ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და გადამწყვეტი რა გარემოება გახდება. თუმცა არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ თუკი უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ, საქართველო ისე არ უნდა დატოვონ.

„საქართველოს სახელი კი არ მოსწონთ, არამედ ევროპელებს საქართველოში დემოკრატია უნდათ. ხედავენ, რომ ამ დემოკრატიიდან გასვლის ნიშნებია. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. ოღონდ მინიმუმ ათი წელი მაინც დაგვჭირდება ევროკავშირის წევრობა მივიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ხუთი წელიც ვთქვათ. შესაძლოა, უკრაინამ კანდიდატის სტატუსი უფრო ადრეც მიიღოს, მაგრამ დემოკრატიის თვალსაზრისით, მასზე წინ წავიდეთ. გააჩნია საპარლამენტო არჩევნებს როგორი დემოკრატიულობით ჩავატარებთ. მე მაქვს ვარაუდი, რომ ვიდრე 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, ჩვენ კანდიდატი წევრის სტატუსს არ მოგვანიჭებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ტრაგედია არაა და ჩვენ თარიღებს არ უნდა ვუყუროთ. ჯერ 7 წელი მაინც ევროკავშირის მხრიდან ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიქნებით. დაგვიბრუნებენ რაღაცა კითხვას და პასუხი უნდა გავცეთ“,-აცახდებს ზაქარეიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ შეხვედრები და კონსულტაციები აუცილებელია და ღარიბაშვილის ვიზიტიც დროული იყო. ამიტომ მას დადებითი მოლოდინი აქვს და მიაჩნია, რომ საქართველო კანდიდატი წევრის სტატუსს მიიღებს.

„ვიზიტი და შეხვედრები აუცილებელია. მხოლოდ დოკუმენტის შევსება და გაგზავნა არაა, მუდმივი კონსულტაციებია საჭირო, რადგან შესაძლოა, რაღაც დამატებითი ნაბიჯების აუცილებლობა გაჩნდეს და ა.შ. ვთვლი, რომ ეს ვიზიტი სრულიად დროული და აუცილებელიც კია. აქედან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდი და სერიოზულია.

მე დადებით გადაწყვეტილებას ველოდები. ბუნებრივია, რომ ჩემს მოლოდინს საფუძვლად ჩემი სურვილი უდევს, რომ ეს ასე იყოს და იმედი იმისა, რომ ყველაფერ დანარჩენს ჩვენი ევროპელი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს ინტეგრაციას მხარს დაუჭერენ.

კანდიდატის სტატუსი მოსამზადებელ პერიოდს ნიშნავს. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ეს სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მივიღოთ.

სხვათა შორის, ევროინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ პრინციპზეა აგებული, რომ კანდიდატის სტატუსი ნიშნავს მოსამზადებელი პერიოდის დათქმას, რათა კანდიდატმა ქვეყანამ გარკვეული სამუშაო ჩაატაროს. სამუშაოს წარმატების შემთხვევაში, საბოლოოდ წევრობაზე გადაწყვეტილება მიიღება, ამ ყველაფერს ამგვარი ლოგიკა აქვს“, - ამბობს მენაღარიშვილი.

Aburjga Tasmanieli აუუ... როგორ ცხადად ვხედავ ქართველი ერის დასასრულს!
1 თვის უკან