გიგი წერეთელი: „სააკაშვილმა უნდა იფრინოს“

გიგი წერეთელი: „სააკაშვილმა უნდა იფრინოს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს პრეზიდენტის სპეციალური ფონდიდან დარჩენილ მილიონებს ბოტოქსებზე ნუ დახარჯავს და ეს თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გამოუყოს.  

როგორც for.ge-ს ძიძიგურმა განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ფონდიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ფონდს, რომელიც 50 მლნ ლარით განისაზღვრებოდა, დაფინანსება 10 მლნ ლარამდე შეუმცირდა.

„ამ 10 მლნ. ლარიდან, სააკაშვილმა ფრენებში უკვე 5 მლნ ლარი დახარჯა. ის  ზემოთ-ქვემოთ დაფრინავს და თვეში 25 დღის განმავლობაში საქართველოში არ არის. საქართველოსთვის ძალიან ცინიკური და შეურაცხმყოფელია, როცა გაჭივრებულ ქვეყანაში თანხები იხარჯება ბოტოქსებზე, გაურკვეველ ნახატებზე, გაურკვეველი პროფესიისა თუ წარმომავლობის ქალბატონების მივლინებებზე, ასევე იხარჯება მისი ოჯახის წევრების მისვლა-მოსვლაზე, მათი განათლების საფასურზე და ა.შ.“ - აცხადებს ძიძიგური.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილი თანხებს ხარჯავს, როგორც პრეზიდენტის ფონდიდან, ასევე  დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ  მისთვის გამოყოფილი სახსრებიდანაც.

„ამ სიტუაციდან გამომდინარე, პრეზიდენტს რჩევა უნდა მივცე. ამას გაითვალისწინებს თუ არა, ეს მისი საქმეა, მაგრამ რამდენიმე მილიონი, რომელიც მას დასახარჯი აქვს, იქნებ რომელიმე გაჭივრებული ადამიანისთვის ან თემისთვის გამოიყენოს. ამდენი წლის განმავლობაში, მას საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახი არ უნახავს?! გაჭირვებული ბავშვი არ უნახავს?! ინვალიდი არ უნახავს?! მრავალშვილიანი ოჯახი არ უნახავს?! ვეტერანი?! ეს მისი მხრიდან  ზნეობრივი ნაბიჯი არ იქნება, რადგან ეს უკვე საკმაოდ დაგვიანებულია. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ეს ფაქტები გამომზეურდა, მაგრამ ეს პრაგმატული  ნამდვილად იქნებოდა. მართალია, მის წამხდარ საქმეს არაფერი უშველის, მაგრამ სააკაშვილს მოვუწოდებ სიკეთე ერთხელ მაინც გააკეთოს და ვინმეს თავი დაამახსოვროს“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ზვიად ძიძიგური არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, წლების განმავლობაში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, და ამბობს, რომ ეს საკითხი პროკურატურამ უნდა გაარკვიოს.

„ეს პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, მაგრამ უზნეობაა ის, რასაც ეს ადამიანი წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ კაცს მიდრეკილება აქვს, არასწორად დახარჯოს ის ფული, რომელიც მის განკარგულებაშია. სჯობს, მან ეს სახსრები ხალხისთვის  გამოიყენოს“, - დასძინა ძიძიგურმა.

თუ რა თანხებზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამის შესახებ ნაციონალი გიგი წერეთელი ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა უნდა იფრინოს და საზღვარგარეთაც უნდა იაროს.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ რჩევების გაცემის სანაცვლოდ, ის დიდი დაპირებები უნდა შეასრულოს, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა და ეკონომიკა განავითაროს, რომელიც უკან მიდის.

„არ ვიცი, პრეზიდენტის ფრენებში რა თანხები დაიხარჯა, მაგრამ პრეზიდენტმა უნდა იფრინოს და საზღვარგარეთ იაროს. ეს იქნება სააკაშვილი თუ ვინმე სხვა. ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, უზარმაზარი გამოწვევები ჰქონდა. აქ მხოლოდ ქვეყნის რეკლამირებასა და წარმოჩენაზე არ არის საუბარი, არამედ ვმუშაობდით არაღიარების პოლიტიკასა და საერთაშორისო ბრძოლაზე, რომელიც სამწუხაროდ, რუსეთის მიერ იყო გამოცხადებული.

საერთაშორისო არენაზე საკითხების გატანას პრეზიდენტის მხრიდან ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. ძალზედ ადვილია ყველაფერზე თითი გაიშვირო და თქვა - ეს ცხრა წელი, რა იყო?! ამას რატომ აკეთებდით?! რატომ დაფრინავდით?! რატომ დადიოდით?! ყველაფერს თავისი ახსნა ჰქონდა და ამ ვოიაჟების 99 პროცენტი სახელწიფოებრივი იყო. ამაზე განმარტება კი, არაერთხელ გაკეთებულა. ხელისუფლებას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მათ ხაზინა სავსე დავუტოვეთ და არა ცარიელი. შესაბამისად, მთავრობამ ყველაფერი უკეთ უნდა წარმართოს და ქვეყნის მოსახლეობა დაასაქმოს, რაც დიდი საქმე იქნება“, - განუცხადა for.ge-ს წერეთელმა, რომელმაც ჩვენს დამატებით კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვა. თუმცა, ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რას ფიქრობს წერეთელი იმ შოკისმომგვრელი თანხების შესახებ, რომელიც პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, დედაქალაქის მერისა და დეპუტატთა ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე იხარჯებოდა.

კერძოდ, ცოტა ხნის წინ, ირინე იმელიშვილის მიერ გამოქვეყნებული მასალებით გაირკვა, რომ სააკაშვილის მხოლოდ ესპანელი მზარეულის ცხოვრებისა და თარჯიმანით უზრუნველყოფის ხარჯები 500 ათას ლარს შეადგენდა.  პრეზიდენტისა და დედაქალაქის მერის „ტანის დაყენება“ კი, სახელმწიფო  ბიუჯეტს 115 ათასი ლარი დაუჯდა. ამას გარდა, პრეზიდენტის საჩუქრებით ქალბატონებიც იყვნენ განებივრებულნი. მაგალითად, ქვეყნის პირველი პირისგან მომღერალმა - ივანა მელაიმ 982 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობა მიიღო, მარიამ საჯაიამ მობილური ტელეფონი და სამაჯური, რომელიც 3500 ლარი ღირდა. ხოლო, თინათინ ბოკუჩავამ 1599 ლარიანი მობილური. ამასთან, ახალი მთავრობის პირობებში, დუბაიში სააკაშვილის, კობა ხაბაზის, ალანა გაგლოევას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, გოგა ხაჩიძის, დავით საყვარელიძის, მარიამ საჯაიას, გიორგი ღვინიაშვილის, ნუგზარ წიკლაურის, სერგო რატიანისა და დავით დარჩიაშვილის გართობაზე 240 ათასი ლარი დაიხარჯა.