საწვავის გაიაფების შესაძლებლობა იყო, მაგრამ კომპანიებმა ამას თავი აარიდეს!

საწვავის გაიაფების შესაძლებლობა იყო, მაგრამ კომპანიებმა ამას თავი აარიდეს!

საწვავის ფასის შემცირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მთავრობა არაფრის დათმობას არ აპირებს და ნავთობიმპორტიორების სქემას ამჯერად ბოლომდე ჩაჰყვება. სამინისტროებმა და კონკურენციის სააგენტომ პრემიერისგან მორიგი დავალებაც მიიღეს. უკვე გამოიკვეთა, რომ საცალო ქსელში ბენზინისა და დიზელის გაიაფების შესაძლებლობა იყო, მაგრამ კომპანიებმა ამას თავი აარიდეს.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა. როგორც ჩანს, მათთან საუბარი საკმაოდ მკაცრი იქნება, რადგან მთავრობის მეთაურს იმპორტიორების პოზიცია ძალიან არ მოსწონს.

„ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს ანგარიში უკვე წარმოადგინა გასულ პარასკევს. ამიტომ ახლა მე მინდა, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევანს და ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშას, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე, თუ ეს მოხერხდება და მათთან ერთად განიხილონ მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ვნახოთ და ვთქვათ რა შედეგით დასრულდება თქვენი დღევანდელი შეხვედრა“, - აღნიშნა პრემიერმა.

კიდევ უფრო მომთხვონი იყო ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც კომპანიებს საწვავის სარეალიზაციო ფასის შემცირებისკენ პირდაპირ მოუწოდა.

„კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი და აქვს საინტერესო მიგნებები. ეს ჩვენ შაბათს განვიხილეთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე. ბაზარზე ღიად არსებული საცალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება და ის ეფექტი, რაც იყო ზრდის, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ტენდნეციასთან. ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა ინერცია და ეს იყო რამდენიმე კვირიანი, მაგრამ ეს არ აისახა წანაცვლებით ტაბლოებზე საწვავის საცალო ფასებში.

ვფიქრობთ, მეტი კომუნიკაციაა ამ შემთხვევაში საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ასევე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი და რამდენიმე დღე ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, იმისთვის რათა მოკვლების მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით მყარ არგუმენტებს, რაც მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდვე უნდა შემცირდეს. რამდენიმე შეხვედრა გვექნება კიდევ კვირის განმავლობაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. ანგარიშმა აჩვენა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ.

„საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა. საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთა სხვაობა, იგივე მარკისა და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე, 30-60 თეთრი დაფიქსირდა.

მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე ინფორმაციით, მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი, 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება, რაც საქართველოში, თუმცა აპრილში 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა 4-10-თეთრიანი კლება.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი დარწმუნებულია, რომ სანამ კონკურენციის გასაჯანსაღებლად შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება და დამნაშავე კომპანიები არ იგრძნობენ, რომ შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობა დადგეს, საქართველოში ისეთი სიტუაცია გაგრძელდება, როგორიც დღესაა. იმპორტიორებს არასოდეს არ დაეზარებათ იმის ძახილი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი ძვირდება და ასახვა აქაც მაშინვე მოხდება.

„მათივე ლოგიკითაც რომ ვისაუბროთ, მარტში ლარის კურსი 3,35-ზე იყო და აპრილში - გამყარდა, ნავთობი მარტში 130 დოლარმადე მივიდა და აპრილში - გაიაფდა, მაგრამ ჩვენთან მარტში საცალო ბაზარზე რა ფასიც იყო, იმან აპრილში კი არ დაიკლო, არამედ გაძვირდა და ეს როგორ? მათივე მსჯელობაც არ ჯდება ლოგიკაში. საერთოდ, ეს პოლიტიკური ნების საკითხია. სახელმწიფო მოხელეები თუ მოინდომებენ, შეიცვლება მდგომარეობაც“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.

საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69 პროცენტია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია.

petrekupry საწავვის მოხმარება არ შემცირებულა, გაძვირებული საწვავის საფუძველზე გაზრდილი სამომხმარებლო პროდუქციის შესყიდვა არ შემცირებულა და რატომ გააიაფებენ საწვავს კომპანიები? სოციალური პასუხისმგებლობა ასეთ დონეზე არ აქვთ, რომ მოგების მარჟა შეამცირონ.
1 წლის უკან