თურქეთი, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ბლოკავს

თურქეთი, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ბლოკავს

რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე-ფაქტო წევრი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს მისიებში. ქვეყნის პირველი დიპლომატი, ბოგდან აურესკუ თვლის, რომ ალიანსის შიგნით, სერიოზულად უნდა განიხილონ, რა სახის შემდგომი მხარდაჭერა შესთავაზონ საქართველოს, რათა ქვეყანამ გაზარდოს საკუთარი მედეგობა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარს უჭერენ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრებს საკუთარი პოზიციის შესახებ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, ინფორმაცია მიაწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ბევრი წევრი მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების იდეას, განსხვავებულია თურქეთის პოზიცია. ისინი მხარს არ უჭერენ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას. მოთხოვნა, რომელსაც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფინეთსა და შვედეთს უყენებს ასეთია - თურქეთისთვის დაწესებული საექსპორტო აკრძალვების გაუქმება.

მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნატოს გაფართოების იდეას, მაგრამ აქვს წუხილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტერორისტულ დაჯგუფებებთან მათი ურთიერთობის გათვალისწინებით.

„ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები არ უნდა იყვნენ ნატო-ს მოკავშირეები. ფინეთმაც და შვედეთმაც უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა და უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები იმისთვის, რომ ნატო-ს წევრები გახდნენ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნატო პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას, მაგრამ თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მისი თქმით, ნატოს გაფართოების პროცესი მრავალი წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული იყო და შვედეთი და ფინეთი არიან ნატოს უახლოესი პარტნიორები, რომლებიც ჯერ არ არიან მისი წევრები.

„თუ შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტენ ნატოში გაწევრიანებას, ეს იქნებოდა ისტორიული მოვლენა და აჩვენებდა, რომ ნატოს კარი ღიაა. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ უკრაინა დამარცხდეს, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კი გაიყოს, მაგრამ ისინი ერთიანი არიან და უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს ამ ომში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ბერლინში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ თითქმის საყოველთაო ძალიან მტკიცე მხარდაჭერა მოისმინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა, რომლის განცხადებით, აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს როგორც შვედეთის ასევე ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს. ბლინკენი დარწმუნებულია, რომ კონსენსუსს მიაღწევენ.

შვედეთის პრემიერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ში არ გააწევრიანებენ, ქვეყანა ძალიან დაუცველ მდგომარეობაში იქნება. მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, შვედეთი და შვედი ხალხი ცხოვრობს ახალ, სახიფათო რეალობაში. პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყნის გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის და ეს არის ის, რაც საუკეთესოა შვედეთისთვის. მაგდალენა ანდერსონმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა უნდა მოერგოს რეალობას და მიიღოს გადაწყვეტილებები არსებული პოლიტიკური კლიმატიდან გამომდინარე.

„ჩვენ ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით. შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიები, რაც ნატო-ში გაწევრიანების შედეგად ექნება. ჩვენ „სოციალ-დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატო-ში გაწევრიანება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ძალიან ფრთხილი განხილვის შემდეგ. ალიანსში გაწევრიანებით შვედეთი მიაღწევს მეტ უსაფრთხოებას და ასევე ქვეყანაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას. შვედეთი იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მაგდალენა ანდერსონმა.

ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ რუსეთი მზად არის თავს დაესხან დამოუკიდებელ მეზობელ ქვეყანას. მისი თქმით, ის გააკვირვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მშვიდმა რეაქციამ, როდესაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სინამდვილეში, სიურპრიზი ის იყო, რომ მან ეს ასე მშვიდად და ცივად მიიღო, მაგრამ უსაფრთხოების პოლიტიკაში, განსაკუთრებით რუსეთთან საუბრისას, უნდა გაითვალისწინო, რომ ის, რაც მან თქვა, არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის კარგად ინფორმირებული არ უნდა იყო, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, პრობლემები მოახლოებული არ არის. გაოცებული ვარ, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კომენტარებით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას დაბლოკავს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ნატო-ს კარი ღიაა ფინეთისა და შვედეთისთვის - ასეთია გერმანიის პოზიცია. ბერლინში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანალენა ბაერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება ნატოს გააძლიერებს და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

„ფინეთო, შვედეთო: თუ თქვენ მზად ხართ, ჩვენც მზად ვართ. ნატო ახლა ისეთი მნიშვნელოვანი და რელევანტურია, როგორც არასდროს და, რომ ალიანსი მნიშვნელოვანია ყველას თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ანალენა ბაერბოკმა.

ლაზი თურქეთი ამბობს, ქურთები ტერორისტები არიან, შვედეთი და ფინეთი კი მათ მხარს უჭერენ, ამიტომ მათი ადგილი ნატოში არ არისო. თუ ასეა, თურქეთის პოზიცია სამართლიანია. მაგრამ თუ ქურთები ტერორისტები არ არიან და თურქეთი მათ უსამართლოდ ჩაგრავს, მაშინ თურქეთი აგრესორია და მისი ადგილი ნატოში არ უნდა იყოს. საინტერესოა როგორ მოახერხებენ ამ ბორცვების მოფარცხვას.
1 წლის უკან