როგორი იქნება დესტაბილიზაციის ახალი სცენარი?

როგორი იქნება დესტაბილიზაციის ახალი სცენარი?

ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა კიდევ ერთხელ „გააღვიძა“ დროებით მინავლებული ვადამდელი არჩევნების თემა, რომლითაც ისინი ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ. აბა, სხვა რისთვის უნდა სჭირდებოდეთ ვადამდელი არჩევნები? ამ თემაზე უკვე ღიად ისაუბრეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ნიკანორ მელიამ და გიორგი ვაშაძემ. თან დაამატეს, რომ ამჯერად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დაგვეხმარებიანო. თუ როგორ აპირებენ მათ გამოყენებას, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი, საინტერესოა დანარჩენი ოპოზიციის დამოკიდებულება ვადამდელ არჩევნებთან.

რადიკალურ ოპოზიციასთან მიახლოებულ ოპოზიციურ პარტიებს (მაგ. „ლელოს“), ჯერ მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მაგრამ მათი წარმომადგენლების მიკიბულ-მოკიბული კომენტარები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ საჭირო მომენტში შეიძლება შეეხიდონ. დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლების შეცვლის მორიგ მცდელობაში ოპოზიციას ასევე შეეხიდება სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც უკვე დიდი ხანია გადაქცეულია მათ სიტუაციურ მოკავშირედ. „ფერადოვანი რევოლუციების“ მოწყობის ცოდნის და უნარების გარდა, მათ მნიშვნელოვანი ფინანსებიც გააჩნიათ. ზოგიერთი „ენჯეოს“ ბიუჯეტი, ძირითადად გარე დაფინანსებით მიღებული, მნიშვნელოვნად აღემატება რამდენიმე პარტიის ბიუჯეტს ერთად აღებულს.

მაინც რატომ უნდა ფიქრობდეს ოპოზიცია, რომ ვადამდელი არჩევნებია ის საუკეთესო გზა, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოიყვანს, მაშინ, როდესაც აქამდე ჩატარებული არც ერთი სოციოლოგიური გამოკითხვა, მათ ამას არ უდასტურებს? საქმეც სწორედ იმაშია, რომ ე.წ. „ვადამდელი არჩევნები“ რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის სჭირდება, რომ კიდევ ერთხელ სცადოს „ტოტალურ გაყალბების“ თემის აწევით და ამჯერად უკეთ მობილიზებული ემიგრანტების დიდი მასის, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორ-მეგობრების დახმარებით მიაღწიონ არჩევნების დელეგიტიმაციას და ამის შემდეგ კი ჩვეული „მაიდანისეული“ სცენარით წარმართონ პროცესები.

ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ, რადიკალური ოპოზიციის ამ გეგმას დამატებითი სტიმული მისცა და ის ამას აუცილებლად გამოიყენებს. გახსოვთ რა გახდა 2013 წელს უკრაინაში „ევრომაიდანის“ მთავარი მიზეზიც და საბაბიც? უკრაინის მაშინდელმა მთავრობამ ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და მის რევიზიას ითხოვდა. ის მყისვე იქნა დადანაშაულებული ანტი-დასავლური და პრო-რუსული კურსის გატარებაში - დანარჩენი რაც მოხდა და როგორც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის ღია და აქტიური ხელშეწყობით არაკონსტიტუციური გზით დაემხო.

დღეს, განსაკუთრებით გვარამიას დაპატიმრების ფონზე, ისე როგორც უკრაინული „მაიდანის“ დროს, ოპოზიცია და მისი სიტუაციური თუ პირდაპირი მოკავშირე „ენჯეოები“ თუ მოლაპარაკე თავები აქტიურად ნერგავენ აზრს, რომ „კრიტიკული მედიის“ მენეჯერის დაკავების შემდეგ, საქართველოს აღარ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. აცხადებენ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გამოუყენებელი შესაძლებლობა, რომელმაც შეიძლება გვერდით ჩაგვიაროს, რომ მომავალში შესაძლოა, მსგავსი შესაძლებლობა არც გაგვიჩნდეს. ქვეყნის საგარეო ორიენატცია, როდესაც მოქალაქეებში მძლავრია ანტი-რუსული მუხტი, არის საკმაოდ მომგებიანი თემა, ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად, მით უმეტეს როდესაც წინასწარი ინტენსიური „ტვინების გამორეცხვით“ თითქოს საქართველო პროეევროპულ კურსზე უარს ამბობს და რუსეთისკენ მიდის. სხვათა შორის, ასეთი თემები კარგად მუშაობს ემიგრანტების მასაში, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი ხნით ცხოვრებამ კარგი საკბილო გახადა „ნაციონალებისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ „რევოლუციისათვის“ მათი მობილიზების გეგმები არაერთხელ ჩაუვარდათ, როგორც ჩანს, საყრდენი ემიგრანტულ თემში პარტიას ჯერ კიდევ დარჩა.

გამომდინარე იქიდან, რომ ივნისის შუა რიცხვებში საქართველო ელოდება პასუხს ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსზე, სავარაუდოდ, კოლექტიური ოპოზიცია გარდა იმისა, რომ ბრიუსელს, სტრასბურგს და ყველა ევროპულ სტრუქტურას დაბომბავს დეზინფორმაციით და დაბეზღების წერილებით, თბილისში შეეცდება პროვოკაციის მოწყობას. მიზანი - ხელისუფლების წამოკიდება ძალის გამოყენებაზე და მერე ან ამის გამოყენება ახალი უფრო ფართო საპროტესტო ტალღის ასაგორებლად, ან მსხვერპლის როლში ჩადგომა და დასავლელი პარტნიორების თვალში ხელისუფლების დისკრედიტაცია.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისი ოჯახის წევრების, ექიმების და ადვოკატების თანახმად, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, უცებ მოწოდებების წერის ძალას პოულობს და საავადმყოფოდან მოუწოდებს ბრძოლისკენ და აქციებისკენ.

„ნაციონალებთან“ თანამშრომლობაში შემჩნეული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი აცხადებს, რომ სწორედ სამოქალაქო სექტორი და არა პოლიტიკოსები უნდა ჩადგნენ საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში.

თუ დავაკვირდებით, პროცესები სწორედ პიტერ აკერმანის სახელმძღვანელოს რეცეპტებით ვითარდება. თბილისში გამართულ ტრენინგზე მონაწილეებს ტირანიის დამხობის მეთოდები ასწავლეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში ტირანია არ არის. სხვა სიტყვებით, ბნელ ოთახში არარსებული კატის დაჭერა. ამის შემდეგ გეგმაზომიერად დაიწყო საჭირო ხალხის შერჩევა და კონკრეტული თემების „აწევა“. აშშ-ში და ევროპაში მიდის ოპოზიციის, ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ადრე შეძენილი ყველა კავშირების გააქტიურება. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც რუსეთიდან დევნილი და აშშ-ში გადახვეწილი ოპოზიციონერი ექსპერტი ანდრეი პიონტკოვსკი, რომელსაც 2005 წელს სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და სხვა მოქალაქეობა არც გააჩნია. დღეს ის გააფთრებით ებრძვის „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და ცდილობს მისი დასანქცირების თემის ლობირებას.

დღეს რადიკალური ოპოზიცია ფიქრობს, რომ მისი მთავარი სამიზნე სწორედ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს, ამოცანა კი მისი აქტივების დასანქცირებაა, რომლითაც იმედოვნებენ „ქართულ ოცნებას“ საყრდენი გამოაცალონ. უკრაინის ომმა, რომ იტყვიან, სულზე მოუსწრო ოპოზიციას, რადგანაც მათი აზრით, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება გამარტივდება, თუ მას უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ან რუსეთისთვის ხელშეწყობა დაბრალდება. ამისათვის კი იაფფასიან და მზაკვრულ ხერხს მიმართეს. ევროკავშირის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმირ ევტუშენკოვის ორი სატელეფონო ზარი ივანიშვილთან ნამდვილად არ იყო შემთხვევითი. თუ ევტუშენკოვს ივანიშვილთან ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხების განხილვა სურდა, მას შეეძლო ეს ელექტრონული ფოსტით ან დახურული მიმოწერით გაეკეთებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმა იყო სწორედ სატელეფონო საუბარი ჩაწერილიყო და გასაჯაროებულიყო ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით. როგორც ვნახეთ, ეს საკითხი მაშინვე ასწიეს როგორც „ნაცმოძრაობის“ მომსახურე მედიამ, ასევე მათმა მოკავშირე ენჯეოებმა. ევტუშენკოვის საუბრის გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ასაჯაროებს „კვლევას“, რომლის მიზანია დაამტკიცოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს ბიზნეს კავშირებს რუსეთთან და ამის გამოა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამ „კვლევას“ მომენტალურად სოციალურ ქსელში ასაჯაროებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, ის და ზელენსკისთან დაახლოებული რადას დეპუტატი დავით არახამია ითხოვენ ევროკავშირისგან და აშშ-სგან ივანიშვილის სანქცირებას. ივანიშვილის ოჯახის აქტივებზე რეპორტაჟებს აკეთებენ „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხები. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მიერ ივანიშვილისათვის სანქციების დაწესება ნაკლებად სავარაუდოა, შესაბამისი სტრუქტურებისთვის ეს თემა უკვე „შეგდებულია“ და ახლა გავლენის ჯგუფებით და საინფორმაციო კამპანიით ცდილობენ, სასურველი შედეგის მიღებას.

მომდევნო დღეებსა და კვირეებში რადიკალური ოპოზიცია და მისი მოკავშირეები კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ შეეცდებიან სიტუაციის დესტაბილიზაციას, უკვე ახალი სცენარით, რომელშიც უკვე საერთაშორისო მხარდაჭერაზე იქნება მთავარი აქცენტი.