„მერაბიშვილი დღევანდელი ხელისუფლების საგამოცდო ტესტია“

„მერაბიშვილი დღევანდელი ხელისუფლების საგამოცდო ტესტია“

თბილისში ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაცია ჩამოდის. ევროპარლამენტართა ვიზიტი 3-4 ივნისს გაიმართება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ლიბორ როუჩეკი (სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსი ევროპის პარლამენტში - S&D), კრჟიშტოფ ლისეკი (ევროპელ ხალხთა პარტია - EPP), იან კოჟლოვსკი (ევროპელ ხალხთა პარტია - EPP), ბორის ზალა (სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსი ევროპის პარლამენტში - S&D), ანემი ნეიც-უტებროკი (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის - ALDE), რიშარდ ჩჟარნეცკი (ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი - ECR), ულრიკე ლუნაჩეკი (მწვანეები/ევროპელთა თავისუფალი ალიანსი ევროპის პარლამენტში Greens/EFA).

ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრები გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასთან, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ევროპარლამენტის დელეგაცია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარსაც შეხვდება.

ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის მთავარი და რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის გასაგები და მარტივად მისახვედრია, სამართლიანობის აღდგენის პროცესს დასავლეთი ლუპით აკვირდება - ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება ახალი ხელისუფლებისთვის ის ტესტია, რომლის წარმატებაზეც შემდგომში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ეს პროცესი ასევე მნიშვნელოვანია ყოფილი ხელისუფლებისთვისაც, რომელიც კრიმინალური რეჟიმის სტატუსს გაიმყარებს, ან შეიმსუბუქებს.

შეეცდება თუ არა ყოფილი ხელისუფლება, დასავლეთის თვალში ყოფილი პრემიერის დაკავება კვლავ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს და ამით საგარეო ფრონტზე კრიზისული სიტუაცია შექმნას, ამაზე საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ გამოუვათ ნაციონალებსვროპა კვლავ საკუთარ სიმართლეში დაარწმუნონ? ყველაზე დიდი, „ევროპის სახალხო პარტიავიცით, რომ მის მიმართ სიმპათიებით გამოირჩევა...

- გარკვეული პრობლემები რომ არ წარმოიქმნას, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს სუპერგამჭვირვალე პროცესი შექმნას. ასეთი მაღალი თანამდებობის პირების დაკავება ევროპასა და ამერიკაში არ ხდება - ძალიან მაღალი თანამდებობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილს, ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არჩევნებამდე და პლუს, მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, პროკურატურას გააჩნდეს ყველა სამხილი, მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს როგორც გარე, ასევე შიდა საზოგადოებას.

მეორე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ევროპა ძალზე კარგად იცნობს იმ დოკუმენტს, რომელიც გირგვლიანის საქმეს ეხება, აქედან გამომდინარე, ევროპელების განცხადებებიც ფრთხილი და მოზომილია - პირდაპირ არ ამბობენ, რომ დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა, სწორედ გირგვლიანის საქმის გამო არის ასეთი სიფრთხილე, რადგან ევროსასამართლოს მიერ ძალზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბრალდებები არსებობდა, როდესაც ამ საქმის განხილვა მოხდა. ამასთან, ის რეკომენდაციები, რაც ევროპამ და ამერიკამ მოგვცა დღევანდელმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

შეეცდება თუ არანაციონალური მოძრაობასაკუთარი ლობისტები ჩართოს ამ საქმეში და მათი მეშვეობით დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავება, როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე მათი ასეთი მცდელობა რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს?

- რასაკვირველია, ამას შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. იგი ამას კარგად აკეთებდა, როდესაც ის იყო ერთიანი გუნდი. იმ განცხადებების ფონზე, რაც სხვადასხვა საჭირბოროტი საკითხებთან დაკავშირებით კეთდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ერთიანობა დარღვეულია. ვანო მერაბიშვილის დაკავებაც კი არ იქცა გამაერთიანებელ ფაქტორად. ეს არის მათი პრობლემა. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიციების შეჯერება რომ მოხდა, ეს არ შეიმჩნევა.

ამ ეტაპზე, რაც გარედან ჩანს, ეს არის განხეთქილება ნაცმოძრაობაში და ის, რომ ძალიან ბევრ საკითხზე ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ. ამისი დადასტურებაა, ახალი ეროვნული მოძრაობის ფაქტობრივი გაჩერება - ამ კუთხით არანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან არ მომხდარა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა, დასავლეთთან კომუნიკაციაც იმ დოზით ვეღარ მოახერხონ, როგორც ადრე ახერხებდნენ.

დასავლეთთან კომუნიკაციის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თუ არა უშიშროების საბჭოსთვის დაფინანსების შემცირება? ითქვა, რომ ლობისტური კომპანიებისთვის თანხის გადახდა სწორედ უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან ხდებოდა...

- ამას ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რადგან ამის მტკიცებას შესაბამისი დოკუმენტაციაც სჭირდება. კი ითქვა, რომ ლობისტურ კომპანიებზე იხარჯებოდა თანხები, მაგრამ არ არის დადასტურებული, რომ ეს კეთდებოდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პიარისთვის. მეორე მხრივ, აუცილებლად იქნება მომენტები, რომლის თანახმადაც აღმოჩნდება, რომ თანხები იხარჯებოდა სახელმწიფო საჭიროებისთვის, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც, პარტიის პიარს ხმარდებოდა. რასაკვირველია, დაფინანსება ნაკლებია, მაგრამ ეს საკითხი პრობლემას ვერ წყვეტს.

ეს ლობისტების გადასაწყვეტი თემა არ არის და საკითხავია, რამდენად სჭირდება ლობისტები თემის გამწვავებას. თვითონ ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ვანო მერაბიშვილის სტატუსიდან, რომ მხოლოდ ლობისტების მუშაობით არ მოხდება ამ თემის აწევა. თვითონ ევროპა და ევროპული ინსტიტუტები არიან დაინტერესებული, რომ საკითხს არ ჰქონდეს პოლიტიკური ელფერი და ამიტომაც ძალიან დეტალურად დააკვირდებიან მთელ პროცესს.

მივეჩვიეთ, რომნაციონალური მოძრაობაყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა დასავლეთთან, ვგულისხმობ, მისთვის სასარგებლო ინფორმაციის ინტენსიურად გავრცელებას. ამ დროს ხელისუფლება შედარებით პასიურ რეჟიმში გვევლინებოდა და ამის გამო მას აკრიტიკებდნენ კიდეც. ვიცით, რომ ლობისტებთან მუშაობა ხელისუფლებამაც დაიწყო, იგრძნობა თუ არა რაიმე ეფექტი? ვიცით, რომ პრობლემა იყო დასავლეთამდე ობიექტური ინფორმაციის მიტანაც კი...

- ლობისტებთან ურთიერთობის შედეგები არ არის მყისიერი მომენტი, ეს ურთიერთობა მოსაწონია, რადგან ყველა სერიოზულ ძალას აუცილებლად სჭირდება გარკვეული ტიპის ლობისტური ურთიერთობები, როგორც ევროპაში, ასე ამერიკაში, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგებს, ალბათ, უფრო მოგვიანებით ვნახავთ - ეს ხანგრძლივი პროექტია და ერთი-ორ კონკრეტულ ფაქტზე გამოხმაურებას არ გულისხმობს.

ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მიერ  დაქირავებული კომპანიები გარკვეულ ინსტიტუციებში ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასაც უზრუნველყოფენ.

ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებული მწვავე რეაქცია კარგად გვახსოვს, თუმცა ვანო მერაბიშვილის დაკავებას წინ უძღოდა დღევანდელი ხელისუფლების შს მინისტრის მოადგილის დაკავება, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომა და სამინისტროში გამოძიების დაწყება, ასევე რამდენიმე ჩინოვნიკის დაკავება. დანაშაულის სიმძიმის თანაფარდობაზე, რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ არის, მაგრამ შეიძლება თუ არა ეს ფაქტი გახდეს დასავლეთის თვალში დღევანდელი ხელისუფლებისთვის გარკვეული ინდულგენციის საფუძველი, რომ ეს კონკრეტული დაკავება არ არის პოლიტიკური ნიშნის მატარებელი?

- დაკავებათა ასეთი მწკრივის გარეშეც ჩანდა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი დანაშაულს არ შეეგუებიან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის ნაბიჯიც, რაც გადადგა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, როდესაც თანამდებობა დატოვა და შემდეგ ის დააპატიმრეს კიდეც. ეს ფაქტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ერთი მომენტის გამო - ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და არა კონკრეტული ადამიანები, ჩინოვნიკები.

ეს საზოგადოებისთვის, უბრალო მოქალაქეებისთვის არის გზავნილი, რომ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოს, - კანონის უზენაესობის დაცვა, - ეს იარსებებს. ჩანს, რომ ხელისუფლება ამას ცდილობს, მისი შემდეგი ნაბიჯები კი გვაჩვენებს, რამდენად ერთგულია ამ პრინციპისა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.

დასავლეთის პოზიცია ცნობილია, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ პროცესებს და ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ პოზიციას. თუ მერაბიშვილის თემის ირგვლივ არ დარჩება ეჭვები და უპასუხო კითხვები, ეს მატებს თუ არა წონას ხელისუფლების იმიჯს და აძლევს თუ არა საშუალებას, უფრო გაბედულად იმოქმედოს მომავალში? ვიცით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გარკვეულად შეზღუდული და შეფერხებულიც კი აღმოჩნდა, სავარაუდოდ, იმის შიშით, - რას იტყვის დასავლეთი. ამის მაგალითად უგულავასთვის წაყენებული ბრალდებების სიმძიმე და სიმრავლეც გამოდგება, ამ ფონზე მას აღმკვეთი ღონისძიებაც კი არ შეუფარდეს...

- როდესაც სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი, ყოველთვის იწყება საუბრები და მთავარი არგუმენტი არის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება პოლიტიკურ დევნად გამოცხადდეს. თუ საკითხს გავყოფთ ორ ნაწილად, შესაძლოა, საქმე ბევრად გამარტივდეს - ერთია პოლიტიკური, ხოლო მეორე სამოხელეო დანაშაული. ასეთ შემთხვევაში, ბევრად მარტივი იქნება პრობლემის გადაწყვეტა.

ეს გამოადგება ხელისუფლებას, როგორც საკუთარ საზოგადოებასთან სასაუბროდ, ასევე დასავლეთთან. იმ 20 ათასი საქმიდან, რომელიც დღეს პროკურატურაში დევს, უმეტესობა სწორედ სამოხელეო დანაშაულს ეხება და არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან.

აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის დაკვირვება და მისი მონაწილეობა ვანო მერაბიშვილის პროცესში, რადგან კიდევ ვიმეორებ, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი სტატუსის მქონე პიროვნება და შესაძლოა, დასავლეთში არსებობდეს გონივრული ეჭვი, ხომ არ არის პოლიტიკური დევნის იარაღად გამოყენებული პროკურატურა ან სასამართლო, ხომ არ ხდება ზეწოლა ვინმეზე.

ეს ერთია, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის მეორე ვექტორზე ვფიქრობ, არაფერი უშლის ხელს ხელისუფლებას, რომ წამოიწყოს პროცესი სამოხელეო დანაშაულებზე. ვფიქრობ, დანაშაულების ასეთი დაყოფა საშუალებას მისცემს ხელისუფლებას,  სამართლიანობის აღდგენა მართლა დაიწყოს. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლები შანსი რჩება მოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ და დაიბრუნონ საკუთარი ქონება და მათთვისაც აღდგეს სამართლიანობა.

ვფიქრობ საკითხის გაპოლიტიკურება ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის იარაღია, რადგან რეალურად, ამ საკითხებში კრიმინალური მდგენელი უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკური.

რაც შეეხება ხელისუფლების იმიჯს დასავლეთის თვალში - მერაბიშვილის პროცესს შეუძლია თუ არა სერიოზული გარდატეხის მოხდენა?

- არა მარტო დასავლეთის, არამედ საკუთარი მოსახლეობის თვალშიც, რადგან აქ არ უნდა განმეორდეს ის პრეცედენტები, როდესაც ადამიანებს უბრალოდ, ეჭვის საფუძველზე აკავებდნენ და წლობით ჰყავდათ ციხეში. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ადამიანს დანაშაული ვერ უპოვეს, მაგრამ 5 წელი გაატარა ციხეში, იმიტომ, რომ ხომ შეიძლება დანაშაული ჩაიდინოსო. ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს.

დღეს ხელისუფლება არ დგას მარტივი ამოცანის წინაშე, მან დასავლეთსაც უნდა დაუმტკიცოს, რომ მერაბიშვილის საქმე არ შეიცავს პოლიტიკურ ელემენტებს და შიდა საზოგადოებასაც - მთელ საქართველოს უნდა დაუმტკიცოს, რომ ის საქმე, რის გამოც მერაბიშვილია დაკავებული, არის კრიმინალი, რომ ეს დაკავება არ არის პოლიტიკური იარაღი რითაც „ქართულმა ოცნებამ“ კონკურენტი ჩამოიცილა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - ხელისუფლების წინაშე საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული ამოცანა დგას.