„ხვიჩიას ნათქვამში ჭეშმარიტება ის არის, რომ ოპოზციურ პარტიებს „ნაცმოძრაობის“ დაშლა აწყობთ, რადგან ის ძლიერი კონკურენტია“

„ხვიჩიას ნათქვამში ჭეშმარიტება ის არის, რომ ოპოზციურ პარტიებს „ნაცმოძრაობის“ დაშლა აწყობთ, რადგან ის ძლიერი კონკურენტია“

„ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიას, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზს წლებია იკავებს, მისმა ოპონენტმა, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ დაშლა ურჩია.

„პარალიზებული მთავარი ოპოზიციური ძალა ყველასთვის პრობლემაა - ხალხისთვისაც, დანარჩენი ოპოზიციისთვისაც. ერთადერთი, ხელისუფლებისთვის არის კომფორტული. მაგრამ პრობლემაა მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ, ვერ გამოჰყავს ის ამ პოლიტიკურ ძალას. შესაბამისად, ამოწურა თავისი თავი ამ პარტიამ. დამთავრდა ეს ისტორია და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების. 5 ნომერი მიშას საკუთრებაა და მგონი მას უნდა გავატანოთ. როგორც საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ ფრანკო ბარეზის 6-ნომრიანი მაისური მას გაატანა და არ გამოუყენებია, ჩვენც ასევე პატივით უნდა გავაცილოთ მიხეილ სააკაშვილი და 5 ნომერი ქართული პოლიტიკიდან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციონერმა კი გააჟღერა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის იდეა, მაგრამ ეს კანონით შეუძლებელია. როგორც for.ge-თან კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, პარტიის დაშლა ხდება საკუთარი ნებით, ან პარტია კონსტიტუციის შეუსაბამო ქცევის გამო - ეს კი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება. მისივე თქმით, მსოფლიოში მხოლოდ ერთი პრეცედენტი იყო, როდესაც საპარლამენტო პარტია გაუქმდა და ეს თურქეთში მოხდა.

„პარტიის ნებაზეა დამოკიდებული დაიშლება თუ არა. თუ პარტიაში სურთ, რომ დაიშალონ, გაიყონ, ან გააუქმონ საერთოდ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ შეუძლიათ. რაც შეეხება სხვა ბერკეტებს, თუ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევა, მაშინ შესაძლებელია, ეს კი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება. ერთდაერთი შემთხვევა იყო, როდესაც თურქეთში არჩევნებში გამარჯვებული პარტია გააუქმეს. იქაც იგივე მიზეზის გამო - არაკონსტიტუციური საქმიანობის გამო. არაკონსტიტუციურ საქმიანობა შეიძლება იყოს ძალადობა, არასისტემურობა და ა.შ.“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

ანალიტიკოსები კი „გირჩის“ იდეას არასერიოზულს უწოდებენ. როგორც ედიშერ გვენეტაძემ for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, იაგო ხვიჩიას პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ მხოლოდ სასაცილო განცხადებებით შემოიფარგლება. მისივე თქმით რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაიშალა და ეს მიხეილ სააკაშვილის არაპოლიტიკური ქმედებების შედეგია.

„გირჩი“ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, რადგან პოლიტიკური პარტია არაა. ამ პარტიის წევრები მანიპულაციის მეშვეობით პარლამენტში შეძვრნენ. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არეალში ეს „გირჩის“ პირველი და უკანასკნელი გაელვებაა. მათი განცხადება ქართულ ანდაზას მაგონებს: „კუმ ფეხი გამოყო, მეც და ნახირ-ნახირო“ - ანალოგიური სიტუაციაა. რას წარმოადგენს და ვის დაჰკარგვია „გირჩი“?! ხვიჩიას განცხადება მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტურია.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა-არდაშლის საკითხს, ეს პარტია ფაქტობრივად მარტივ მამრავლებად უკვე დაშლილია. აღნიშნული პარტია ისეთ არასწორ სვლებს აკეთებს, რომ მომავალ არჩევნებში დაახლოებით 7% ვერ აიღებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათი პოლიტიკური საფლავი გათხრილია. უკვე დაშლილში ვგულისხმობ იმას, რომ მის პოლიტიკურ ძალებს შორის დიდი წინააღმდეგობებია. სააკაშვილი სხვა მხარეს იქაჩება, მელია კი სხვა მხარეს. მიაქციეთ ყურადღება მელიას განცხადებას, „ჩვენ საქართველოში მცხოვრები ხალხის იმედი არ გვაქვს, ემიგრანტების იმედი გვაქვს“, - ამით ყველაფერი ნათქვამია. „ნაციონალური მოძრაობა“ გარე მესამე პირს არ დაუშლია, ის დაშალა მიხეილ სააკაშვილის არაპოლიტიკურმა და არაკაცურმა ქმედებებმა“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს უკვირს იაგო ხვიჩიას განცხადებამ საზოგადოებაში ამხელა აჟიოტაჟი რატომ გამოიწვია.

„ეს არის ერთი კონკრეტული პირის პირადი მოსაზრება. სხვა ვინმეს მსგავსი რამ უთქვამს? რამდენიმე პოლიტიკოსს რომ გამოეთქვა ასეთი მოსაზრება, მაშინ ფიქრი და მსჯელობა შეიძლებოდა. რეალობას მოკლებული განცხადებაა. რაც შეეხება თავად „ნაციონალურმა მოძრაობას“, თუ საკუთარი საქმიანობით კონსტიტუცია დაარღვია, ამაზე დასკვნა კონსტიტუციონალისტებმა უნდა დადონ. თუ მათ ქმედებებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ამ საკითხზე ფიქრი“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლით ოპოზიცია კონკურენტს მოიშორებს. მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნულ პარტიაში დაქსაქსულობა არის, მაგრამ ეს დაშლას არ ნიშნავს.

„გირჩის“ წევრებს იუმორის გრძნობა გააჩნიათ და მათ მიერ გავრცელებული განცხადებაც იუმორისტულია. იაგო ხვიჩიას ნათქვამი ნიშნავს იმას, ამ მიმართულებით ქართულ პოლიტიკაში რამდენად კურიოზული სიტუაციაა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას, ხვიჩიას ნათქვამში ჭეშმარიტება ის არის, რომ ოპოზციურ პარტიებს „ნაცმოძრაობის“ დაშლა აწყობთ, რადგან ის ძლიერი კონკურენტია.

რადიკალურ ოპოზიციურ პარტიაში არსებული დაქსასულობა დაშლას არ ნიშნავს. დაშლა გულისხმობს იმას, რომ პარტიამ ლიკვიდაცია გამოაცხადოს და საკუთარი თავი გააუქმოს. დაქუცმაცება პოლიტიკური ველიდან წასვლას არ ნიშნავს“, - განუცხადა for.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს მაშინ გაიზირებდა, თუკი 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტიკური ველიდან გაქრებოდა.

„მოქალაქეთა კავშირი“ გაქრა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ანალოგიისთვის საფუძველი გვექნებოდა მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილის პარტია გამქრალიყო. ვაკვირდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამქრალა და იბრძვის. ასე რომ, ანალოგიაში ვერ ჩაჯდება. მათ ბრძოლას თავისი ლოგიკა აქვთ. კერძოდ, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა იმ დაპირებით, რომ სამართლიანობას აღადგენდა. ეს გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დევნის გამოცხადებას. პოლიტიკურ დევნას არა, სამართლებრივ დევნაზე მაქვს საუბარი, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობას“ სჭირდებოდა რაიმე დამცველი საშუალება და ამიტომ მან საკუთარი თავი შეინარჩუნა, როგოც პოლიტიკური ჯგუფი და ყველა დევნას პოლიტიკურ დევნას ეძახდა. მსოფლიოსაც ყველა სამართლებრივი დევნა ასე წარუდგინა, სააკაშვილის საქმის ჩათვლით, რადგან პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია გაეკეთებინა, რომ როგორც პარტიას, ეარსება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია 2001 წელს დაარსდა. 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისულებაში მოვიდა და 9 წელი მმართველ გუნდს წარმოადგენდა. 2012 წელს კი, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაარსებული პარტია ოპოზიციაში გადავიდა.