რა ქონება დარჩა აბაშიძეს აჭარაში

რა ქონება დარჩა აბაშიძეს აჭარაში

(იბეჭდება შემოკლებით)

„ალიამ“ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძია - რა ქონება დატოვა ასლან აბაშიძემ აჭარაში.

მის ქონებასა და საარაკო სიმდიდრეზე ლეგენდები ხომ ჯერ კიდევ წლების წინ დადიოდა. თუმცა ზუსტად არავინ იცოდა, აბაშიძის კლანი რას ფლობდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ასლან აბაშიძე თავისი კლანის მეშვეობით აჭარაში ყველა მსხვილ ბიზნესს აკონტროლებდა, მის ხელში იყო სამრეწველო, სამშენებლო, კვების პროდუქტების საბითუმო ვაჭრობა. აჭარის უშიშროების მინისტრის კუთვნილი ფირმის, „ბასრის“ წარმომადგენელთა ნებართვის გარეშე, აჭარაში აკრძალული იყო თვით ქათმის კვერცხის მოზრდილი პარტიის შემოტანაც.

აბაშიძეს და მის კლანს ყველაზე დიდ შემოსავალს ბათუმის პორტი, ბათუმის საბაჟო და ნავთობტერმინალი აძლევდა. საბაჟოს აბაშიძის სიდედრის საგვარეულო - ბლადაძეები აკონტროლებდნენ. ზოგიერთი მონაცემებით, საბაჟო დღეში 40 ათას დოლარამდე შემოსავალსაც კი იძლეოდა, რომელიც აბაშიძის ოჯახის ანგარიშებზე სხვადასხვა ფირმებიდან ირიცხებოდა. ამის გარდა მათ სარფში უამრავი ოფიციალური და არაოფიციალური გადასახადი დააწესეს, რომლიდანაც სარფის საბაჟოს უშტატო და შტატიანი თანამშრომლების ხელფასებიც გაიცემოდა.

ანალოგიური სიტუაცია სუფევდა საზღვაო პორტშიც - უამრავი საშუამავლო, ექსპედიტორული და ტვირთის გადამზიდავი ფირმების მეშვეობით პორტში შემოსული თანხები აბაშიძის ჯიბეში მიდიოდა. ხელოვნურად გაზრდილი ტარიფებით და უცხოეთის გემებზე არსებული ტვირთების დატაცება-გაყიდვით მილიონები გროვდებოდა.

აბაშიძის სიამაყე და აჭარაში ჩამოსული სტუმრების საჩვენებელი ობიექტი, ბათუმის საბორნე გადასასვლელი, ოფიციალური დოკუმენტებით, კუნძულ კვიპროსზე, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიას ეკუთვნის. თუმცა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი აბაშიძის განსვენებული მეუღლე - მაგული გოგიტიძე და ოჯახის რამდენიმე ახლობელია. გადასასვლელი განსაკუთრებულ დატვირთვას ციტრუსების სეზონზე იძენდა და ფაქტობრივად ალტერნატივა არ გააჩნდა.

ბათუმის ნავთობტერმინალი შპს „ტერმინალს“ ეკუთვნის. მისი დამფუძნებლებიც აბაშიძის უახლოესი ნათესავები არიან. „ტერმინალის“ რეზერვუარები თვეში 3-4-ჯერ ივსებოდა. ზოგიერთი მონაცემებით, მარტო ამ ნავთობის რეზერვუარებიდან, აბაშიძე და სოსო გოგიტიძე დღეში, დაახლოებით, 200 ათას დოლარამდე იღებდნენ. მენეჯმენტს დღემდე ერთ-ერთი დანიური ფირმა ახორციელებს. აქ ფული რუს ბიზნესმენსა და შენგენში „პერსონა ნონ გრატად“ ცნობილ გარი ლუჩანსკისაც ჰქონდა დაბანდებული. იგი ბათუმში თვეში რამდენჯერმე ჩამოდიოდა და აბაშიძის ოჯახის ხშირი სტუმარი იყო.

ასლანს გულგრილად არც სამშენებლო ბიზნესის კონტროლი დაუტოვებია. მისი სამშენებლო კომპანიები ყოველგვარი ტენდერის გარეშე ეუფლებოდნენ ყველა სახელმწიფო შეკვეთებს და მათ ანგარიშზეც აჭარის ბიუჯეტიდან უამრავი თანხა ირიცხებოდა. აჭარაში სავალდებულო იყო აბაშიძის „აღორძინება-მ“-ის კარ-ფანჯრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების დამშვენება. ხშირად ასეთი ორგანიზაციების რემონტი წელიწადში 2-3-ჯერ ხდებოდა და ამ დროსაც დიდი თანხები ირიცხებოდა.

მონოპოლიზირებული იყო ენერგომატარებლების ბიზნესიც. გარდა ბენზინისა და დიზელისა, რომელსაც აბაშიძის ცოლის ნათესავები - გოგიტიძეები აკონტროლებდნენ, აბაშიძის კონტროლს ექვემდებარებოდა თხევადი გაზით ვაჭრობაც. ამ საქმეს უშიშროების კონტროლირებადი ოთხი ფირმა ახდენდა და მათი მფლობელებიც აბაშიძის უახლოესი ნათესავები იყვნენ. სწორედ მათი ინტერესების გამო არ მოხერხდა აჭარის ბუნებრივი აირით გაზიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მათ შემოსავლებს.

მართალია, ამ სფეროში ინფორმაცია ძალზე მცირეა, მაგრამ დადის ხმები, რომ აბაშიძეს წილები ნარკობიზნესიდანაც მისდიოდა. ყოველ შემთხვევაში, ყველა გავლენიანი ნარკობარონი მისი სანათესაო წრიდანაა. აჭარაში მათ სახელებს არა, მაგრამ მისამართებს კი ასახელებენ - ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე და სოფელ ხუცუბანში. ეს უკანასკნელი, რამდენიმე ხნის წინ აბაშიძეს უშიშროების იზოლატორშიც კი ჰყოლია გამომწყვდეული და უკითხავდა მორალს ნარკომანიის მავნებლობის შესახებ. მაშინ ბათუმში ამბობდნენ, რომ მისი დაკავება აბაშიძის მეუღლის მოთხოვნით მოხდა, რადგანაც ეს „ბარონი“ აჭარის „უფლისწულს“, გიორგი აბაშიძესაც „აკაიფებდა“, რასაც დედამისი ძლიერ განიცდიდა და ახლობლებთან ამ წუხილს არ მალავდა.

აბაშიძის მთელი კაპიტალი თავს „საზღვაო ბანკში“ იყრიდა. საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების ამ ბანკში განთავსება აუცილებელ მოთხოვნად ითვლებოდა. „საზღვაო ბანკში“ იყო აჭარის ხაზინაც. აბაშიძის გარემოცვა ხშირად ამოწმებდა ამ ორგანიზაციების ანგარიშებს და ყოფილა შემთხვევები, როცა მათთვის თანხები ჩამოუჭრიათ. „საზღვაო ბანკშივე“ ინახებოდა აჭარის მუზეუმის ოქროს ფონდიც. მის შემადგენლობაში ოქროს უამრავი სხვადასხვა ეპოქის განძი შედის და რამდენიმე მილიონადაა შეფასებული. ერთხანს ამბობდნენ, ეს განძი აბაშიძემ კარგა ხანია გაიტანაო, მაგრამ აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა, ნოდარ ცეცხლაძემ „ალიასთან“ განაცხადა, რომ განძი ბათუმშია და აბაშიძეს არ წაუღია.

თებერვლის ბოლოს, როცა აბაშიძის პოზიციები ჯერ კიდევ მყარი იყო, კულუარებში ამბობდნენ, რომ აბაშიძემ უკვე იცოდა თავისი კარიერის ბედი და ძვირფასეულობა, მოსკოვში წინასწარ გააგზავნა - მდიდარი ნახატების კოლექცია, მათ შორის მრავალი გამოჩენილი მხატვრის ნამუშევარი, ხატების ძვირფასი კოლექცია, რომელთა უმეტესობა სარფის საბაჟოდანაა ამოღებული, საიუველირო ნაწარმი და ანტიკვარიატი. ყოველივე ეს თვითმფრინავზე განსაკუთრებული დაცვითა და კონსპირაციით დაიტვირთა და ბათუმიდან, გვიან ღამით, მოსკოვში გადაიზიდა.

თუმცა უძრავი ქონება აბაშიძეებმა ვერსად წაიღეს.

ასლან აბაშიძე ბათუმში სამ ბინას ფლობდა: გოგებაშვილის ქუჩაზე თავად ცხოვრობდა. ბათუმის ბულვართან, ელიტურ სახლში აბაშიძის ქალიშვილი, დიანა ცხოვრობდა, ხოლო რუსთაველის ქუჩის ბოლოში, საზღვაო სასწავლებელთან მისი ვაჟი, გიორგი აბაშიძე. სამივე ბინა ზღვას გადაჰყურებს და ქალაქის პრესტიჟულ ადგილზეა. ზაფხულის ხვატისგან გასაქცევად აბაშიძეებს ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს უმშვენიერესი მანსარდიან-ვერანდიანი ვილა აქვთ. ისიც ზღვის ხედებსა და სივრცეს გადაჰყურებს. მისი მშენებლობა რამდენიმე თვეა დასრულდა. მიწის ნაკვეთი, სადაც ეს ვილაა განთავსებული, აბაშიძეს საშემოსავლო დეკლარაციაში მილიონ ორასი ათას ლარად აქვს შეფასებული, თუმცა მაშინ იქ ვილა არ იდგა.

გარდა საცხოვრებელი ფართისა, აბაშიძეს ბათუმში უამრავი საოფისე ფართი ჰქონდა და მათ სხვადასხვა ორგანიზაციებზე აქირავებდა. ყველაზე გრანდიოზული ბათუმის კოლონადებიანი რივიერაა. აბაშიძის ჩანაფიქრით, იქ მსოფლიოს წამყვანი ფირმების მაღაზიები უნდა ყოფილიყო. იქვეა 60 ბინიანი ელიტური საცხოვრებელიც თავისი ნავმისადგომებით, ახალი აჭარლებისთვის, მაგრამ აბაშიძემ მისი დამთავრება ვერ მოასწრო. უცნობია აბაშიძე-ლუჟკოვის ერთობლივი პროექტის - საცხოვრებელ კომპლექს „ბათისის“ ბედი. ზღვის პირას, ერას ქუჩის ბოლოს, 2500 კვადრატულ ფართობზე.

ყველა სიკეთესთან ერთად, აბაშიძე ბათუმსა და ქობულეთში საუკეთესო მიწის ნაკვეთებს ფლობდა. განსაკუთრებით, ბათუმის პორტში, ბორანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მომავალში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას აპირებდა, საკუთრებაში დაიმტკიცა ბათუმის ნავთობქარხნის 13 ჰექტარი ტერიტორია. იგი ახლობლებთან საუბარში აცხადებდა, რომ ეს მიწა ბაბუამისის საკუთრება იყო. რამდენიმე ჰექტარი ასლანმა ქობულეთში, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზეც მიითვისა.

უცნობია, რა ბედი ეწევათ აბაშიძის თხების, ძაღლების, ცხენების და სირაქლემების ფერმებს. როგორც ცნობილია, მათი შენახვა წელიწადში ორ მილიონ ლარამდე ჯდებოდა. გარდამავალ მთავრობას ჯერ მათთვის არ მოუცლია და ამიტომ მათი ბედი გაურკვეველია.