„თუ ნატო კარს აღებს ფინეთისთვის და შვედეთისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ასპირატების გასაწევრიანებლადაც“

„თუ ნატო კარს აღებს ფინეთისთვის და შვედეთისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ასპირატების გასაწევრიანებლადაც“

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ფინეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. გზავნილი მკაფიოა - ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ნატო-ს პერსპექტივიდან ფინეთს აქვს მყარი დემოკრატიული მანდატი, ის აკმაყოფილებს ნატოს წევრობის კრიტერიუმებს და აქვს ძლიერი და სანდო ეროვნული თავდაცვა, რომელიც თავსებადია ნატოსთან.

ისტორიაში პირველად, ფინეთის მოსახლეობის ორ მესამედს სურს ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდეს. სამხედრო ალიანსში შესვლის მზადყოფნაზე ოფიციალური განცხადება ქვეყნის პირველმა პირებმა, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა გააკეთეს. როგორც პრეზიდენტმა საული ნიინისტესმა აღნიშნა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ზიანს არავის მიაყენებს.

„ნატო-ს წევრობა განამტკიცებს ფინეთის უსაფრთხოებას. ნატო-ს წევრი ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვით ალიანსს. ნატო-მ რაც შეიძლება მალე, დაყოვნების გარეშე უნდა შეიტანოს ალიანსში გაწევრების განაცხადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის შიგნით ამისთვის გადასადგმელი ნაბიჯები მომდევნო დღეებში გადაიდგმება“, - აცხადებს ფინეთის პრეზიდენტი.

ფინეთი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და აგრესიის გამო სტრატეგია შეცვალა და ოფიციალურად ითხოვს ნატოში გაწევრიანებას. ფინეთის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შესაბამისი რეაქცია რუსეთის მხრიდან. კრემლი ფინეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, რამაც შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას მსხვილ საწარმოებს.

რუსეთი, უფრო სწორად კი, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ განიხილავს ნატოს, როგორც თავდაცვით ალიანსს. უფრო მეტიც, ის სრულიად საპირისპიროს ფიქრობს. პუტინი ნატოს რუსეთის უსაფრთხოების მუქარად მიიჩნევს და შეშფოთებულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად როგორ ფართოვდებოდა აღმოსავლეთისკენ და სულ უფრო უახლოვდებოდა რუსეთის საზღვრებს. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ნატოს სამხედრო ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას საფრთხედ მიიჩნევს და ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს უსაფრთხოების გაზრდას. მისი თქმით, ნატოს გაფართოება არ ხდის მსოფლიოს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს.

„რუსეთის რეაქცია დამოკიდებული იქნება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, იმაზე, თუ რა მოჰყვება ამ გაფართოების პროცესს, რამდენად შორს და რამდენად ახლოს იქნება ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურა. რუსეთი გააანალიზებს ფინეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და შეიმუშავებს აუცილებელ ზომებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსული მუქარის მიუხედავად, ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმება ფინეთის გადაწყვეტილებას და დარწმუნებულია, რომ გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, რომელსაც „თბილად მიესალმებიან“ ნატო-ში.

„ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი. ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ფინეთის გაწევრიანება ნატოში აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღიაა და, რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოს განცხადებით, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ბალტიის ზღვის რეგიონისა და ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოებას. დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ფინეთი ნატოს დამატებით ღირებულებას შესძენს.

„ჩვენი თავდაცვის ძალების ძალა ომის დროს არის 280 000 ჯარისკაცი, ხოლო გაწვრთნილი რეზერვი 900 000 კაცი და ქალი. უკრაინაში შეჭრა არის შეტევა ევროპის უსაფრთხოების მთელ წესრიგზე. საჭიროა ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთოს უკრაინის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა პეკა ჰავისტომ.

თუ ნატო უღებს კარს ფინეთს და ფაქტია, რომ კარი ღიაა, ასეთ შემთხვევაში ევროპარლამენტარის რიჩარდ ჩარნეცკის განცხადებით, ეს არის საკმაოდ მკაფიო დადასტურება, რომ კარი ღიაა ასპირანტებისთვისაც. მისი თქმით, ფინეთის გაწევრიანება ნატოში იქნება ძალიან პოზიტიური სიგნალი საქართველოსთვის და მიაჩნია, რომ ფინეთის გაწევრიანება აჩვენებს, რომ ნატომ უნდა დააჩქაროს პროცესები იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებსაც გაწევრიანების პირობა მისცეს და ეს პროცესი წარიმართოს არა ზუსტად ისე, როგორც ფინეთის შემთხვევაში მოხდება, მაგრამ დაჩქარებული პროცედურებით.

„შეცვლილია გეოპოლიტუკური სიტუაცია და მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, რომ გაწევრიანების მოკლე გზაც უნდა არსებობდეს. ნატოს წევრებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც არ უნდა განაცხადონ, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ საშინაო დავალება და გაწევრიანების გზაც დაუსრულებლად გრძელი არ უნდა იყოს. სიტუაცია შეცვლილია, ადაპტაციაა საჭირო. თუ ნატო კარს აღებს ფინეთისთვის და შვედეთისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ასპირატების გასაწევრიანებლადაც“, - განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნიშნავს ღია კარს, რაც მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის და განხილვას არ ექვემდებარება. რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით, იტყვის თუ არა აშშ უარს ნატო-ს გაფართოებაზე უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო ისე, რომ პასუხი არ ჰქონდა დაბრუნებული ვაშინგტონის მიერ წარდგენილ წინადადებებზე.

„ორი სხვადასხვა საკითხია. ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები. მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ესაა აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და ასევე მოსკოვის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა. რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატო-ს ღია კარი, ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

Aburjga Tasmanieli მაგარი გაცეტებულ-გათავხედებულები არიან! ღირსნი არიან რუსეთმა ჭკუა ასწავლოს! ფინეთმა რუსეთთან თანამშრომლობით მოითქვა სული. 1945 წელს შემდეგ 77 წელია რუსეთს ფინეთისათვის უბატონოდ ხმა არ გაუცია. რუსულ რესურსებზე და თანხებზე შეუზღი=უდავი წვდომა ჰქონდათ. და აი ვირო მადლიო რომ იტყვიან ის არის!
1 წლის უკან