„შუა დერეფნით ტრანსციმბირული მაგისტრალის ჩანაცვლებით საქართველოს იმხელა მოგება ექნება, მშპ 2%-ით გაიზრდება და, პლუს ამას, პორტების განვითარდება მოჰყვება“

„შუა დერეფნით ტრანსციმბირული მაგისტრალის ჩანაცვლებით საქართველოს იმხელა მოგება ექნება, მშპ 2%-ით გაიზრდება და, პლუს ამას, პორტების განვითარდება მოჰყვება“

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი წარუდგინა. წევრი ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბლოკისთვის შესაძლოა, წყალგამყოფი აღმოჩნდეს. რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულ გაერთიანებას ენერგორესურსების ალტერნატიული გზების მოძებნა მოუწევს.

როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, ალტერნატიული გზა საქართველო იქნება. მისივე თქმით, დაიტვირთება შუა დერეფანი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მშპ 2%-ით გაიზრდება.

ევროკავში რუსულ ნავთბზე ემბარგოს დაწესებას აპირებს და ეს რა ზიანს მიაყნებს პუტინის რეჟიმს?

- რუსეთისთვის აქამდე დაწესებული სანქციებიდან ერთ-ერთი მიმართულება რაც რჩებოდა იყო რუსული ენერგომატარებლის იმპორტი. უკრაინის მხარე ევროკავშირს მოუწოდებდა, რომ ამ საკითხზე სანქციები დაეწესებინა, რადგან ამით რუსეთი დამატებით შემოსავალს იღებდა და ამ თანხას დღემდე ომისთვის იყენებს. ევროკავშირის ქვეყნები ძალიან მალე რუსული ნავთობისგან თავის დაღწევას დაიწყებენ. ენერგომატერებლობა რუსეთის იარაღია, რომლითაც დასავლეთს აშანტაჟებს, ამიტომ ევროკავშირმა ენერგომატარებლის (საუბარია როგორც გაზზე, ასევე ნავთობზეც) ალტერნატიული გზების მოძიება დაიწყო.

ემბარგოს დაწესების შემდეგ, ფინანსურად რუსეთს გაუჭირდება და ნიშნავს ეს იმას, რომ პუტინი უკან დაიხევს და უკრაინიდან გამოვა?

- რა თქმა უნდა, თუმცა არ ვიცით, ეს ომი რამდენ ხანს გაგრძელდება. ყველა პროგნოზით ომი ხვალ და ზეგ არ დასრულდება, მას გარკვეული განვითარების დინამიკა ექნება. პოსტპუტინის პერიოდი რომ დადგეს, სანქციები მაინც არ შეჩერდება.

რუსული ნავთობზე დაწესებული ემბარგო საქართველოსთვის რა პრობლემას შექმნის?

- საქართველო რუსეთიდან როგორც ნავთობს, ისე გაზს იღებს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, ძალიან მცირედ ვართ დამოკიდებულები. იგივე ბენზინი რომ ავიღოთ, მოწოდების მხრივ რუსეთი არის მეოთხე ადგილზე. ძირითადად ბენზინს ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიღებთ, მათ შორის მთავარი მომწოდებელი რუმინეთია. ანუ, რუსეთიდან ამის მთლიანი ბლოკირება რომ მოხდეს, პრობლემა არ გვექნება და შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანთ. აი, ევროკავშირის ქვეყნები კი ძირითადად რუსულ ენერგომატარებლებზე არიან დამოკიდებულები და ეს მაჩვენებელი 30-60%-ს შეადგენს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ გაზზეც, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ამ წუთში აზერბაიჯანია. საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას ზამთარში იღებს, როდესაც ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება შემცირებულია. ასე რომ, მისი დივერსიფიკაცია და გადაწყობა საქართველოსთვის უფრო ნაკლებპრობლემური იქნება, ვიდრე ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის.

ემბარგოს დაწესებით საქართველოს რა ხეირი ექნება?

- სანქციების დაწესების გამო ტრანსციმბირული მაგისტრალი ჩაიკეტა, საიდანაც ტვირთების მოძრაობა რუსული რკინიგზის ხაზით აზიიდან ევროპაში ხდებოდა. მისი ალტერნატივა შუა დერეფანია, რომელიც საქართველოზე გადის. პირველი ჩინური მატარებელი უკვე გამოსულია და ეს დიდი განაცხადია. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ტრანსციმბირული მაგისტრალზე ტვირთების მოძრაობას 30 დღე სჭირდებოდა, შუა დერეფნით კი ორ კვირამდე მცირდება. ამ დერეფნის ამოქმედებით საქართველოს იმხელა მოგება ექნება, რომ მშპ 2%-ით გაიზრდება, პლუს ამას პორტების განვითარდება მოჰყვება. სიტუაცია, რომელიც მსოფლიოში დღეს შეიქმნა, ჩვენთვის ძალიან კარგი პერსპექტივაა და ეს პერსპექტივა ეკონომიკის განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ევროპა რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა, აზერბანულ ან ყაზახურ ნავთობზე გადაერთოს, რომელსაც საქართველოს გავლით მიიღებს?

- რაც შეეხება ელექტროენერგიის გამტარიანობას, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გარდა, შესაძლოა, თურქმენეთიც ჩაერთოს. სხვათა შორის აზერბაიჯანული ნავთობი ევროპას ახლაც მიეწოდება. ანუ, ევროპისთვის რუსული ენერგომატარებელის ჩამნაცვლებელი აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობი იქნება, რომელიც საქართველოზე გაივლის, ამით კი, საქართველო სატრანზიტო ჰაბი გახდება.