გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილებით, სახელმწიფო ადგენს კონკრეტულ ზღვრებს, რა ოდენობის თანხას აუნაზღაურებს კომპანიებს. დოკუმენტის თანახმად, ფასთა ინდექსაცია შეეხება სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს, უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხა კი ამ დადგენილი ზღვრის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
განკარგულების თანახმად, ფასთა ინდექსაცია განხორციელდება მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში - 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებულ და შემდგომში ანაზღაურებულ სამუშაოებზე; აგრეთვე, მიმდინარე და 2022 წლის 1-ელ მაისამდე გამოცხადეული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ და შემდგომში ანაზღაურებულ სამუშაოებზე.
პარალელურად კი „საქსტატს“ დაევალა, შეიმუშაოს შესაბამისი ინდექსი და უზრუნველყოს თანმდევი პროცედურების დანერგვა არაუგვიანეს 2022 წლის 1-ლი ოქტომბრისა, რომლის შესაბამისად განხორციელდება ამ განკაგრულებით დამტკიცებული წესით გათვალისიწნებული ფასთა ინდექსაციის ანაზღაურება.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდნენ, მაგრამ მისი მასშტაბებით კმაყოფილნი მაინც არ დარჩნენ. „ანაგის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, დადგენილება იმ სახით, რა სახითაც მთავრობამ გამოსცა, რეალურად ვერ იმუშავებს.
„ეს დადგენილება, ამ შინაარსით, ვშიშობთ, ვერ მისცემს მშენებელს ზარალის კომპენსირების საშუალებას, რადგან უამრავ დაშვებაზეა მიბმული. ამ წესით, ამ დადგენილების ამოქმედება, ვფიქრობთ, შეუძლებელი იქნება და აუცილებელია, ის დამუშავდეს და დაიხვეწოს იმდაგვარად, რომ პრაქტიკაში გამოყენებადი იყოს.
პანდემიის დროსაც სახელმწიფომ შემოგვთავაზა 619-ე დადგენილება, რომელიც თითქოსდა კონტრაქტის ღირებულების 20%-ის ფარგლებში აკომპენსირებდა გაძვირებული მასალის ღირებულებას, თუმცა იმდენი უზუსტობა იყო იმ დადგენილების და მის შინაარსში, რომ მისით ვერც ერთმა სამშენებლო კომპანიამ ვერ ისარგებლა. ამიტომ ასეთი გამოცდილების გათვალისწინებით, ვხვდებით რიგ შეუსაბამობებს, რომელიც ჩვენი აზრით, გამოუყენებელს ხდის ამ დადგენილებას. ვერც ერთი ჩვენი კოლეგა გაძვირებული მასალით მიყენებული ზარალის კომპენსირებას ვერ მოახერხებს.
10%-იანი „ჩამკეტის“ შემოტანა კი კითხვებს იწვევს, რადგან თუ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინდექსი, სადაც თქვა, რომ გაუფასურება არის რაღაც ერთეული, მაშინ სახელმწიფომ ეს რატომ უნდა ჩაკეტოს რაღაც მისთვის მისაღები რაოდენობით, ეს გაუგებარია. თუ ინდექსების წესით მივდივართ, ზედა ზღვარს და ჩაკეტვას ახსნა არ აქვს. გამოდის, ერთი მხრივ სახელმწიფო ხედავს, რომ განიცადა მასალებმა გაუფასურება გარკვეული ინდექსით, თუმცა ამ ინდექსის მხოლოდ ნაწილზე აცხადებს თანხმობას კომპენსაციასთან დაკავშირებით.
მაშინ, როცა წინასწარ უცნობია, რა მოცულობის იქნება ინდექსი, თავიდანვე დავთანხმდეთ, რომ 10%-ით ანაზღაურება საკმარისი იქნება, ცოტა ბუნდოვანია. თუ სტატისტიკა ამბობს, რომ ჭეშმარიტად გაუფასურდა საქონელი, პირობითად 30-40%-ით, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ შეზღუდული გარკვეული ნაწილში კომპენსირებით, ეს არ მესმის“, - განაცხადა „ბიემთან“ ირაკლი გოგოლიშვილმა.
საყურადღებოა ისიც, რომ ფასების ინდექსირების გადაწყვეტილება მხოლოდ ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად იქნა მიღებული და ის მხოლოდ 1-ლი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებსა და 1-ელ მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე ვრცელდება.