ვიქტორ სუვოროვს გამოშვებული აქვს საკმაოდ გახმაურებული წიგნები – „ყინულმჭრელი“, „აკვარიუმი“ და „უკანასკნელი რესპუბლიკა“, რომელთა ზოგიერთი თავი მიძღვნილია იოსებ სტალინისადმი, სადაც დაუმსახურებლად აკრიტიკებს.
წიგნიდან „უკანასკნელი რესპუბლიკა“ მოგვყავს ზოგიერთი მოკლე ამონარიდი: „ჩვენ წინაშე დგას ისტორიული გამოცანა: გამარჯვების აღლუმია, უმაღლესი მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის მარშალი იოსებ სტალინი აღლუმს ესწრება, როგორც მეთვალყურე, მაყურებელი, აღლუმს კი მისი მოადგილე, საბჭოთა კავშირის მარშალი ჟუკოვი იღებს“.
„სტალინმა გადაწყვიტა, რომ აღლუმს უმეთაურებს როკოსოვსკი. კარგი მარშალია, ვერაფერს იტყვი, მაგრამ იგი ხომ ჩვეულებრივი ფრონტის სარდალია. სხვა სარდლები განაწყენდებიან, მაგალითად, კონევი, მალინოვსკისთვისაც საწყენია, ვასილევსკისთვისაც. თუმცა, როკოსოვსკის ნაცვლად რომ კონევი დანიშნოს, მაშინ როკოსოვსკიც განაწყენდებოდა“...
„ხალხს ისე უყვარდა ჟუკოვი, რომ სტალინმა გამარჯვების აღლუმის მიღების საპატიო უფლება მას დაუთმო. ამ ვერსიას სხვადასხვა ვარიანტი აქვს: ჟუკოვი ისეთი დიდი მხედართმთავარი იყო... ჰო, ნამდვილად ისეთი დიდი, რომ სტალინმა მისი უპირატესობა ცნო“...
„არ ვიცი, როგორ უყვარდა ხალხს ჟუკოვი, მაგრამ აღლუმის მომდევნო წელს, ხალხის რჩეული, ჯერ პროვინციული ოდესის ოლქის სარდლად, მერე კი უფრო შორს – ურალში მოისროლეს და ამხანაგი სტალინი არც აპირებდა მის იქიდან გამოშვებას, ვიდრე ხელით ეპყრა ძალაუფლება“...
მგონი, საკმარისია, ეს აბდაუბდა, სიცრუე, ცინიზმი და ხალხის სასაცილოდ აგდება, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს და ობიექტურობას.
საერთოდ, ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმის სარდლისა და მისი მიმღების დანიშვნის პრეროგატივა უმაღლეს მთავარსარდალს, იოსებ სტალინს ეკუთვნოდა. ასეც მოხდა. სტალინმა გამარჯვების აღლუმი 1945 წლის 24 ივნისს დანიშნა, მოსკოვში წითელ მოედანზე. მას იღებდა საბჭოთა კავშირის მარშალი ჟუკოვი, ხოლო აღლუმს მეთაურობდა საბჭოთა კავშირის მარშალი როკოსოვსკი.
სუვოროვი ერთ ადგილას ამბობს, რომ როკოსოვსკი „უბრალოდ, ფრონტის ერთ-ერთი სარდალი იყო“. იგი მას აიგივებს კონევთან, ვასილევსკისთან, მალინოვსკისთან და ასე შემდეგ. არადა, ცნობილია, რომ სტალინი მას საყოველთაოდ გამოარჩევდა დანარჩენებისგან.
ჟუკოვის, როგორც პიროვნების დახასიათებისთვის შეიძლება, რამდენიმე სიტყვა ვთქვათ. ყველა მისი კოლეგა და თანამშრომლები ჟუკოვს ძირითადად ახასიათებს როგორც ქედმაღალს, უხეშს, გამორჩეულს თავხედობითა და უკონტროლობით. მოგვყავს ერთი ეპიზოდი, საიდანაც ჩანს მისი უხეშობა და თავხედობა.
ეს არის სტალინსა და ჟუკოვს შორის საუბრის ერთი ეპიზოდი.
„– მოგვიწევს კიევის დატოვება. დასავლეთის მიმართულებით საჭიროა, უსწრაფესად გავუკეთოთ ორგანიზება კონტრდარტყმებს.
– იქ კიდევ რა კონტრდარტყმებია საჭირო? სისულელეს ნუ ლაპარაკობ, – გაცხარდა სტალინი, – რამ გაფიქრებინათ მტრისთვის კიევის ჩაბარება?
მე ვერ შევძელი თავის შეკავება და ვუპასუხე: – თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ გენერალური შტაბის უფროსი მხოლოდ სისულელეებს როშავს, მაშინ მე აქ არაფერი მაქვს გასაკეთებელი. გთხოვთ, გამათავისუფლოთ გენერალური შტაბის უფროსობისგან და გამიშვათ ფრონტზე. იქ მე, ალბათ, მეტ სარგებლობას მოვუტან სამშობლოს.
– ნუ ცხარობთ, – მითხრა სტალინმა, – თუმცა, თუ ასე აყენებთ საკითხს, ჩვენ უთქვენოდაც გავძლებთ...
ორმოცი წუთის შემდეგ ისევ გამომიძახეს უზენაესთან.
– აი, რა, – თქვა სტალინმა, – ჩვენ მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობიდან გათავისუფლებთ. გენერალური შტაბის უფროსად ვნიშნავთ შაპოშნიკოვს...
ბორის შაპოშნიკოვი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იყო გენერალური შტაბის უფროსი.“ (ჟუკოვი, „მოგონებები და ფიქრები“, მოსკოვი. 1970 წელი).
ჟუკოვი გამოირჩეოდა პოლიტიკური ამბიციურობითა და თვითნებობით. საკითხებს ერთპიროვნულად და არაკომპეტენტურად წყვეტდა. იმჟამინდელი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, აბეკუმოვის მიერ შედგენილი იყო საქმე – „მარშალ ჟუკოვის ოპერატიული დამუშავების შესახებ“. 1946 წლის აპრილში ჟუკოვი გაათავისუფლეს გერმანიაში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლის პოსტიდან და მოსკოვში გადაიყვანეს საბჭოთა არმიის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლად. შემდეგ ოდესის სამხედრო ოლქის სარდლის პოსტზე დანიშნეს, მერე კი უფრო შორს – ურალში გაუშვეს. სწორედ იმ პერიოდში აბაკუმოვმა ჟუკოვი სხვებთან ერთად დასახვრეტთა სიაში შეიყვანა. როდესაც სია სტალინს შეუტანეს, მან ჟუკოვის გვარის გასწვრივ მოკლედ წააწერა: „მე ამ კაცს დასახვრეტად ვერ მოგცემთ“. ჟუკოვის ახლო გარემოცვიდან ბევრი ხალხი დააპატიმრეს. მათ შორის იყო პირველი ბელორუსიის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი გენერალ-ლეიტენანტი – ტელეგინი. მის მიმართ გამოტანილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ჩხრეკისას ტელეგინს ამოუღეს დიდი რაოდენობის ძვირფასეულობა, მრავალი ანტიკვარული ნაკეთობა, უძველესი გობელენები და სხვა ძვირად ღირებული ნივთი. ანალოგიური ბრალდებებით დააპატიმრეს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ კრიუკოვი და მისი მეუღლე – ცნობირლი მომღერალი, ლიდია რუსლანოვა: „ავი ენები“ ამბობდნენ, რომ იგი ჟუკოვის საყვარელი იყო. მარშალ ჟუკოვზე შედგენილ საიდუმლო დოსიეში კი იყო ინფორმაცია, რომ იგი გერმანიაში უამრავ ნაალაფევ ქონებას აგროვებდა და მოსკოვში აგზავნიდა. მათ შორის იყო ძვირად ღირებული მხატვრული შედევრები, ხალიჩები, ჭაღები, ავეჯი და ასე შემდეგ. საერთოდ, ამბობდნენ, მოსკოვთან ახლოს ჟუკოვის აგარაკი ანტიკვარულ მუზეუმს თუ მაღაზიას უფრო წააგავდაო...
სტალინის პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი რიბინი იხსენებს:
„1941 წლის 4 დეკემბერს ჟუკოვი შტაბში მართავდა თათბირს ფრონტის არმიის სარდლობასთან, სახავდა ამოცანებს მეთაურთა შემადგენლობის წინაშე კონტრშეტევის პერიოდისთვის.
ამ დროს დარეკა სტალინმა. ჟუკოვი დაძაბული იყო. სტალინთან საუბრის დროს ჟუკოვს სახე აელეწა და ლოყები დაებერა. ეს მათ შორის უთანხმოებას მოასწავებდა.
სტალინს რომ მოუსმინა, ჟუკოვმა ჯიქურ უპასუხა: „ჩემს წინააღმდეგ მტრის 4 არმია და ფრონტია. მე უკეთ ვიცი, როგორ მოვიქცე. თქვენ იქ, კრემლში შეგიძლიათ განალაგოთ კალის პატარა ჯარისკაცები და გამართოთ ბრძოლები, მე კი ამისთვის არ მცალია“.
უმაღლესი მთავარსარდალი, ეტყობა, რაღაცაში შეედავა ჟუკოვს, რომელმაც წონასწორობა დაკარგა და ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა და ყურმილი დააგდო. სტალინს ამის შემდეგ მთელი დღე-ღამე არ დაურეკავს“. (რიბინი. „სტალინი და ჟუკოვი“. 1994 წელი).
იმ დროს სტალინმა ქვეყნის ინტერესებისთვის ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი სიბრძნე გამოიჩინა: ჟუკოვი არ მოხსნა თანამდებობიდან და მით უმეტეს არ დახვრიტა – უმაღლესი მთავარსარდლისთვის, ომის კანონებით დაუშვებელი პასუხის გაცემისთვის. მეტიც, შემდგომში ის საქვეყნოდ განადიდა – სამგზის საბჭოთა კავშირის გმირი გახადა.
სტალინის სახელზე მრავალი წერილი მოდიოდა მარშლებისგან და გენერლებისგან, რომლებიც ჩიოდნენ გიორგი ჟუკოვის უმსგავსო გამოხდომების გამო. საჩივრებში ამტკიცედნენ, რომ ჟუკოვი იმდენად გაყოყოჩდა, საბოლოოდ დაკარგა თავის თავზე კონტროლი. ის განრისხებული უმიზეზოდ აგლეჯდა სამხრეებს გენერლებს, ამცირებდა მათ ადამიანურ ღირსებას, მათი მისამართით უმსგავსოდ იკურთხებოდა, სალანძღავ მეტსახელებს ეძახდა და ზოგიერთ შემთხვევაში, სცემდა კიდევაც მათ. წერილების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ჟუკოვთან მუშაობა შეუძლებელი გახდა.
ავიაციის მარშალი – ნოვიკოვი სტალინისადმი გაგზავნილ წერილში ამტკიცებდა, რომ მთელი ომის განმავლობაში ის და ჟუკოვი საუბარში უწმაწური ფორმით აკრიტიკებდნენ საბჭოთა მთავრობის მოქმედებებს. თითქოს ჟუკოვი აცხადებდა: „სტალინს შურს ჩემი დიდება. მას არ დავიწყებია ომის პირველ თვეებში მასთან შელაპარაკება რომ მქონდა, რასაც შეჩვეული არ არის“. ნოვიკოვი წერილში ამტკიცებდა, რომ დიდი სამამულო ომის დროს სამხედრო ოპერაციების ყველა ძირითადი გეგმა, თითქოსდა, ჟუკოვის მიერ იყო შემუშავებული. ნოვიკოვი წერილში იმასაც აცხადებდა, რომ ჟუკოვი შეიძლება, სამხედრო შეთქმულებას ჩაუდგეს სათავეში, რომ ამას ადასტურებს, აგრეთვე, სახელმწიფო უშიშროების მიერ დაპატიმრებული ჟუკოვის ახლობელი – გენერალ-ლეიტენანტი კრიუკოვი. მან დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ჟუკოვს ბონაპარტისტული მიდრეკილებები აქვს.
ასე იყო თუ ისე, სტალინმა გადაწყვიტა, გაემართა ცეკას პოლიტბიუროს გაფართოებული სხდომა, სადაც მიწვეული იყო ყველა მარშალი. სტალინმა სხდომის გახსნისას აღნიშნა, რომ მის სახელზე შემოსულია ბევრი საჩივარი ჟუკოვთან დაკავშირებით, რომ მარშლები უარს აცხადებენ ჟუკოვთან მუშაობაზე. სხდომაზე ისიც ითქვა, რომ გაეთვალისწინებინათ ჟუკოვის დიდი დამსახურება სამამულო ომში...
თუ როგორ და რით იდგა ჟუკოვზე გაცილებით მაღლა და იყო შეუდარებელი სტალინი, ბრწყინვალედ აქვს ნათქვამი მარშალ დიმიტრი იაზოვს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელიც 1977 წლის ნოემბერში მოსკოვში ჩატარდა. „მე მინდა აქ გთხოვოთ, რომ გამომსვლელებმა გააშუქოთ ჟუკოვის როლი – როგორც მხედართმთავრის, ხოლო სტალინის როლი – არა მარტო, როგორც უმაღლესი მხედართმთავრის, არამედ, აგრეთვე როგორც დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელის. ჟუკოვმა თქვა – „ცუდი არ იქნება თუ ვოლგის მარცხენა ნაპირზე მივაწოდებთ რეზერვებს, საბრძოლო მასალებს და დამატებით ჯარებს“. მაგრამ, ჟუკოვს არ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, რომ „ბამ-ზე“, რომელიც შენდებოდა, რელსები მოეხსნათ და ვოლგის მარცხენა ნაპირზე დაეგოთ ორასკილომეტრიანი რკინიგზის ლიანდაგი, თანაც რამდენიმე კვირაში... ხაზგასმით აღვნიშნავ არა თვეები, არამედ კვირები! ვის შეეძლო, ეს ებრძანებინა და გაეკეთებინა? მხოლოდ სტალინს! ვის შეეძლო ებრძანებინა, რომ ერთ თვეში კუზბასში ჯავშანი დაეგლინათ? სტალინს!.. დიახ, დაგლინეს! ჩვენმა მრეწველობამ ომს მისცა 96 ათასი ტანკი, 108 ათასი თვითმფრინავი“...