ვლადიმირ პუტინი:

ვლადიმირ პუტინი: "საქართველოში სამოქმედო გეგმა გვქონდა"

რუსეთს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა შემუშავებული საგანგებო გეგმა, რითაც იხელმძღვანელა 2008 წლის აგვისტოში.

პრეზიდენტმა პუტინმა სამხედრო კონფლიქტის ოთხი წლისთავზე განაცხადა: "მგონი, არავისთვისაა საიდუმლო, რომ გეგმა ნამდვილად არსებობდა. სწორედ მის მიხედვით მოქმედებდა რუსეთის მხარე. ეს გეგმა გენერალურმა შტაბმა 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და მე შემითანხმა. ამ გეგმითვე მიდიოდა სამხრეთ ოსეთის მოლაშქრეების მომზადება, რომლებმაც მერე თავი გამოიჩინეს - 3 დღე-ღამე მედგრად იცავდნენ თავიანთ სამშობლოს და რუსეთის არმიის მიშველებამდე სამშვიდობო ძალებთან ერთად უმკლავდებოდნენ ქართული რეგულარული არმიის შემოტევას".

ჟურნალისტების კითხვას, ცხინვალზე შეტევაში მისი უშუალო მონაწილეობის შესახებ, პუტინმა უპასუხა, რომ მაშინ ის პეკინში ოლიმპიადაზე იმყოფებოდა და ცხინვალის ამბებს უშუალოდ ცხინვალიდან იგებდა ჟურნალისტებისა და თავისი პრესმდივნის მეშვეობით. "ისინი გვატყობინებდნენ, რომ ნამდვილი ომია გაჩაღებული, რომ ქართული არმია უახლოვდებათ. სწორედ ამის შემდეგ დავუკავშირდი ორჯერ მედვედევს"...

მედვედევის თქმით, რუსული რეგულარული არმიის სამხრეთ ოსეთში გაგზავნა გადაწყვიტა 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით. "ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა მის აუცილებლობაში დავრწმუნდი. ვინც სხვანაირად ლაპარაკობს, ან არ იცის, ან შეგნებულად ამახინჯებს ვითარებას".

მედვედევის თქმით, მან გადაწყვეტილება ქართული არმიის შეტევიდან ორსაათ-ნახევრის შემდეგ მიიღო, რადგან "უფრო ადრე არასწორი იქნებოდა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რფ-ის ჯარების შეყვანა. ხაზს ვუსვამ - უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე", - აცხადებს მედვედევი. ანონიმურ დოკუმენტურ ფილმში - "2008 წლის 8 აგვისტო, დაკარგული დღე", გენშტაბის ყოფილი უფროსი იური ბალუევსკი და სხვა გადამდგარი სამხედროები მედვედევს ჭოჭმანში ადანაშაულებენ, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარის გაგზავნა მხოლოდ პუტინისგან "ჭიტლაყის ამორტყმის" შემდეგ გადაწყვიტა. და მხოლოდ 9 აგვისტოს მიაღწია რუსულმა ჯავშანტექნიკამ ცხინვალამდე.

ოფიციალურმა თბილისმა პუტინის ბოლო განცხადება შეაფასა, როგორც მოვლენების ქართული ვერსიის აღიარება. "პუტინმა "ფაქტობრივად აღიარა" სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რუსეთის მხრიდან დარღვევა, განაცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ, - სამხრეთოსეთელი მოლაშქრეების მომზადება რუსეთის სამხედროების მიერ წარმოადგენს დსთ-ის სანქციების რეჟიმისა და ორმხრივი ხელშეკრულებების დარღვევას, რომელიც არეგულირებდა თბილისი-ცხინვალის კონფლიქტს. კაპანაძის თქმით, "აქ სიახლე არაფერია", რადგან თბილისი, მთელი ამ წლების მანძილზე, სხვას არაფერს ამტკიცებდა. "საგულისხმოა მხოლოდ ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამას დღეს აღიარებს", - დასძენს ის. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია კი აღნიშნავს: "ასეთი დეტალური აღიარება იმისა, რომ 2006 წლიდან არსებობდა პირადად პუტინის მიერ დამტკიცებული გეგმა, რის მიხედვითაც ისინი კრიმინალურ დაჯგუფებებს ამზადებდნენ, აქამდე არ არსებობდა".

ცხადია, პუტინის კომენტარებმა, სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებების მზადების თაობაზე, უფრო გაამწვავა რუსეთ-საქართველოს ისედაც რთული ურთიერთობა.