რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საქართველოს ავტობიზნესს პრობლემები არ შექმნია. თავიდან თითქოს კრიზისის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა შემდეგ კომპანიებმა და ავტოდილერებმა საქმიანობა გადააწყვეს და ახლა სტაბილური ვითარებაა. როგორც გაირკვა, შუა აზიის ბაზარმა სრულად ჩაანაცვლა და გადააჭარბა იმ დანაკლისს, რაც უკრაინის ბაზრის ჩაკეტვამ გამოიწვია.
ახლა ავტომობილებზე აზერბაიჯანის ბაზრის შემდგომ ყველაზე დიდი მოთხოვნა, ყირგიზეთიდან ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან გაჩნდა. „კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალური დირექტორის გიორგი სურგულაძის ინფორმაციით, შუა აზიის ბაზრებზე ავტომობილების საკმაოდ დიდი დეფიციტი წარმოიქმნა, რადგან ეს ბაზრები რუსეთიდან ახალი მანქანებით მარაგდებოდნენ.
„იქ ყველა მარკის ავტომობილის წარმოება ადგილზე ხდებოდა. ახლა რუსეთიდან ავტომობილების მიწოდება ვეღარ ხერხდება, რადგან ქარხნები დაიხურა. შესაბამისად, ახალი ავტომობილებიდან მეორადზე გადმოერთნენ და ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ისინი შესაძლოა მომარაგდნენ, საქართველოა“, - აღნიშნა სურგულაძემ.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანამ უკრაინიდან რეექსპორტირებული ავტომობილებით ჯამში 88 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის პირველ კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა 20 მლნ დოლარი შეადგინა. 2022 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 66%-ით შემცირდა და 7 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება 13 მლნ დოლარია. თუმცა, ახლა ვითარება გამოსწორებისკენაა.
მდგომარეობის სტაბილურობას ადასტურებს „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი, ელგუჯა ჯამაგიძეც, თუმცა იქვე ამბობს, რომ რთული მდგომარეობაა, როგორც ფასების, ასევე ლოგისტიკის მხრივ, რაც ძალიან ნელა გვარდება. დადებითი დინამიკა აპრილიდან დაიწყო და განსაკუთრებით შემდგომ თვეებში გახდება შესამჩნევი, რაც უფრო სეზონური ფაქტორია.
„მდგომარეობა აშკარად არის უკეთესი იმასთან შედარებით, რაც წინა წლის დასაწყისში იყო. მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება ფასები, ავტომობილები გაძვირდა ამერიკასა და ევროპაში. შესაბამისად, იქ ჩასული იმპორტიორების რაღაც ნაწილი ყიდულობს მეორეულ მანქანებს, ახლებსა და ძვირადღირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ფასი, დაახლოებით, 10-12%-ით გაიზარდა.
ზოგადად, ბაზარი გლობალური პროცესების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. უკრაინა მეორე ადგილზე იყო რეექსპორტში, ამ ეტაპზე კი აქტიურია უზბეკეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, მოთხოვნამ მოიმატა ყაზახეთიდანაც, მეტ-ნაკლებად - ტაჯიკეთსა და მოლდოვაშიც. აღსანიშნავია, რომ ომმა ისე გადააწყო ბაზრები, ანალიზს, ჯერჯერობით, ვერ ვაკეთებთ. კონკრეტულად რამდენით გაიზარდა მოთხოვნა და რა მოცემულობის წინაშე ვართ, მაისში გამოიკვეთება“, - განაცხადა ჯამაგიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოცოცხლება შეიმჩნევა, კომპანიების ნაწილი რეალურად დიდ გასაჭირშია გლობალური პროცესების გამო. თუმცა საქართველოს ავტოიმპორტიორების გასაჭირი რა მოსატანია იმასთან, რაც რუსეთში ხდება. 2022 წლის აპრილში ჩრდილოეთის ქვეყანაში ახალი ავტომობილების გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3-ჯერ შემცირდა. გასულ თვეს მხოლოდ 27,2 ათასი ავტომობილი გაიყიდა.
აპრილის მაჩვენებლები არსებითად ჩამორჩება მარტის მაჩვენებელს, როცა კვირის განმავლობაში 15 ათასამდე ავტომობილი იყიდებოდა, ხოლო იანვარ-თებერვალში 20 ათასზე მეტი. მარტში რუსეთში 55,1 ათასი ახალი ავტომობილი გაიყიდა.
როგორც ცნობილია, დასავლურმა ბრენდებმა რუსეთში ახალი ავტომობილების წარმოება და რეალიზება შეწყვიტეს. ადგილობრივ მწარმოებლებს კი მაკომპლექტებლების მწვავე დეფიციტის ფონზე კონვეიერების გაჩერება უწევთ. იმავდროულად, რუსეთში ახალი ავტომობილების ფასი შესამჩნევად იზრდება.