"ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა სახელწოდებით - "კობა დავითაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 3000-ზე მეტი საქმე შევიდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ საქმეებს უკვე ახალი სისხლის სამართლის საქმე დაემატა.
საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემდეგ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კობა დავითაშვილის გატაცების ფაქტს, რომლის დროსაც გამტაცებლებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით კობა დავითაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოჩნდა სხეულის ძლიერი, მრავლობითი დაზიანებით.
სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის თანახმად, კობა დავითაშვილის წინააღმდეგ დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი, რომელთა შორისაა მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება, მე-3 მუხლი - წამება და არაადამიანური მოპყრობა, მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი - შეკრების და გაერთიანების თავისუფლება, მე-13 მუხლი - ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების უფლება, მე-14 მუხლი - დისკრიმინაცის აკრძალვა და სხვ.
კობა დავითაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე მაშინვე აღიძრა. თუმცა, როგორც დავითაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ოპერატიულად გასახსნელად და დამნაშავეთა გამოსავლენად, უამრავი მოწმე და მტკიცებულება არსებობდა, გამოძიების შედეგები ორი წლის შემდეგაც კი უცნობია როგორც დაზარალებულისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ დავითაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარებს. "მიმდინარეობს გამოძიება და ძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - განმარტავენ პროკურატურის პრეს-სამსახურში.
"ხალხის პარტიის" ლიდერი ითხოვს, ევროპის სასამართლომ დაადგინოს, რომ მის მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ზემოთ ჩამოთვლილი მუხლები, რაც შემდგომში საფუძვლად უნდა დაედოს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ხელახალ, სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებას.
"ქვეყანაში არაა სამართალი და სასამართლო. ამიტომ მივმართე სტრასბურგის სასამართლოს. თუმცა, კარგად მესმის, როდესაც გადაწყვეტილება იქნება (იცით, რომ საშუალო ვადა სტრასბურგში საქმის განხილვისა 5 წელია), საქართველოს უკვე სხვა ხელისუფლება ეყოლება. აქიდან გამომდინარე, ვიცავ არა იმდენად ჩემს უფლებებს, არამედ სხვა ადამიანების უფლებებს, რათა მომავალში არც ერთ მთავრობას არ გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ ასე მოექცეს კონკურენტებს და ტერორისტული აქტი მოუწყოს ისე, როგორც მე მომიწყვეს.
გადაწყვეტილების აღსრულება მოუწევს უკვე საქართველოს სხვა ხელისუფლებას და შეიძლება იმ ხელისუფლებაში მეც ვიყო. მაგრამ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი საქციელი არ ეპატიება. ჩემთვის მთავარია პრეცედენტის შექმნა. მე არ ვითხოვ კომპენსაციას. ჩემთვის ადამიანის უფლების ფაქტის დარღვევის დადგენა არის უფრო მნიშნველოვანი, ვიდრე კომპენსაციის მიღება", - აცხადებს დავითაშვილი.
ხალხის პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო დაამტკიცებს იმას, რომ მას ტერორისტული აქტი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოუწყვეს.
"ყველა მტკიცებულებები ამისკენ მიუთითებს. აქ მთავარი არის ის, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმიყვანეს თავდამსხმელებმა. ეს ტერორისტები ისე შევიდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რომ ჰქონდათ სპეციალური საშვი. არადა, ბიცოლაჩემს არ უშვებდნენ, რადგან არ ჰქონდა სპეციალური საშვი. ანუ ყველა ტერორისტს ჰქონდა სპეციალური საშვი სამხედრო ჰოსპიტალში შესვლისათვის.
ისინი იყვნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო მაშინდელი სამხარეო უშიშროების უფროსის მოადგილე, ემზარ გელაშვილი. დღეს ეს ბატონი პარლამენტის წევრია. ბრძანების გამცემი და ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აცხადებს თავს. სააკაშვილს მოუწევს ამაზე განმარტების გაკეთება სტრასბურგის სასამართლოს წინაშე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კობა დავითაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოში დავითაშვილის ინტერესებს ადვოკატი ლია მუხაშავრია დაიცავს. მისი თქმით, სარჩელში, რომელიც 18 თებერვალს გაიგზავნა, საუბარია იმაზე, რომ ამ საქმეში ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
"მისი სამხედრო ჰოსპიტალში მიღება არ მოხდებოდა, თუ არა შეთანხმება ხელისუფლებასთან და ბრძანება. ერთი წუთით ეჭვი რომ მეპარებოდეს საქმის მოგებაში, არც კი მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს. ორ წელზე მეტი გავიდა და გამოძიებას არაფერი არ გაუკეთებია. ამიტომ, მივდივართ უკვე პროკურატურის და სასამართლოს გვერდის ავლით. ჩვენ ამ სარჩელში ვსაუბრობთ ევროკონვენციის მუხლების დარღვევაზე. რომელიც გამოიხატა წამებასა და არადამიანურ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ლია მუხაშავრია.