„ბორჯომში“ ვითარება დაიძაბა და უკვე საპროტესტო გამოსვლებამდეც მივიდა

„ბორჯომში“ ვითარება დაიძაბა და უკვე საპროტესტო გამოსვლებამდეც მივიდა

კომპანია „ბორჯომში“ ვითარება ძალიან იძაბება და საქმე დაპირისპირებამდეც მივიდა. კომპანიის თანამშრომლები უკვე საპროტესტო აქციების გზას დაადგნენ. ისინი კომპანიის გენერალურ დირექტორთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზაზა გელაშვილი აცხადებს, რომ საწარმოს თანამშრომლები ითხოვენ გარანტიებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამუშავდება საწარმო, თანამშრომლები სრული დატვირთვით დაუბრუნდნენ იმ სახელფასო ნიშნულს, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი.

ამასთან, ქარხნის თანამშრომლებს სურთ, რომ პროცესებში ჩაერთოს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

„კომპანიის მენეჯმენტი დასაქმებულებს ახალ კონტრაქტებს სთავაზობს, რომელშიც სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია. თანამშრომლები მზად არიან მიიღონ ეს შემოთავაზება, თუმცა გარკვეული სახის გარანტიებით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს გარანტიები მათთვის მიცემული არ არის.

ისინი ითხოვენ შეხვედრას გენერალურ დირექტორთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს შეხვედრა უნდა შედგეს, რაც განმუხტავს სიტუაციას. დასაქმებულებმა აიღეს კორპორატიული პასუხისმგებლობა და მზად არიან დათმობებისთვის“, - განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ.

კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

ბიზნესის მიერ დაულაგებელი სიტუაციის გამო, შეიძლება, დასაქმებულები დაზარალდნენ. რა ბედი ეწევათ მათ, ჯერჯერობით, გაურკვეველია, მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია არც საქართველოს მთავრობას გააჩნია, გარდა დაპირებისა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.

ამჟამად „აიდიეს ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებული 400 პირის ინტერესებს სწორედ პროფკავშირები იცავს.

„დამსაქმებლის მიერ განახლებულ შეთავაზებაში საუბარია სახელფასო ანაზღაურების ცვლილებაზე. თუ დასაქმებულებს უნდა ემუშავათ და კომპანიის ბრალეულობით არ მუშაობდნენ, მათ ხელფასის 100% უნდა მიეღოთ, ახლა კი დამსაქმებელი ეუბნება, რომ თუ „იძულებით მოცდენა“ იქნება, მაშინ ისინი ხელფასის 50%-ს მიიღებენ. გარდა ამისა, ახალი ხელშეკრულებით, ზეგანაკვეთურ შრომაში ისინი, ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. ასევე საუბარია პრემიებსა და დასვენების დღეებზე.

დასაქმებულები ამ პირობებზე თანხმდებიან, თუმცა ამბობენ, რომ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ შეთანხმების ვადა 3 თვით განისაზღვრება და ამის შემდეგ იმავე პირობებს დაუბრუნდებიან, როგორიც მანამდე იყო.

თუ ამ პერიოდში კომპანია ვერ შეძლებს პრობლემების მოგვარებას, ისინი მზად არიან, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, იმავე პირობებით ისევ 3 თვით გააგრძელონ მუშაობა, სანამ პრობლემა არ მოგვარდება.

გარდა ამისა, დასაქმებულთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, კომპანიამ რეორგანიზაცია არ განახორციელოს, რათა დაცული იყოს თითოეული სამუშაო ადგილი და რეორგანიზაცია არ იქნას გამოყენებული დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად“, - აღნიშნა გიორგი დიასამიძემ „ბიემთან“ საუბრისას.

რაც შეეხება დასაქმებული მოქალაქების უფლებების დაცვას, არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ, სანქციებიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მხრიდან პირობების შესრულების მოლოდინი ნაკლებადაა, ამიტომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ინიციატივა და დროულად განახორციელოს საწარმოს მართვა.

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ერთადერთი გამოსავალია საწარმოს ამუშავება, რაც დასაქმებულებს რისკებისგან დაიცავს.

„კომპანია „ბორჯომის“ დასაქმებულები დღეს რთულ სიტუაციაში არიან. რაც შექმნილ სიტუაციაში შესაძლებელია გაკეთდეს და ბიზნესს კანონმდებლობით მოეთხოვება, თანამშრომლების შრომის ანაზღაურება, თუმცა პრობლემა „იძულებითი“ ხასიათისაა, ინვესტორი სანქცირებულია და მცირე შანსია, რომ მისი მხრიდან ვალდებულებები კანონის შესაბამისად შესრულდება.

ახლა ყველაზე სწორი გზაა, რომ მთავრობას მოსთხოვონ, გამოისყიდონ ეს ქარხანა და აამუშავონ. ინვესტორი ამ მდგომარეობიდან, ბოლოს და ბოლოს, გამოვა, მაგრამ მშრომელები აშკარად წამგებიან პოზიციაში რჩებიან. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს ამ ხალხს, რათა მიიღონ ხელფასები, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.