2007 წლის 20 მაისს, ყოფილი პარლამენტარი, აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა. გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი დააკავეს, თუმცა აკადემიკოსის ოჯახის წევრები მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.
რუსუდან შარაძის თქმით, მისი მამის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც ყოფილი პოლიციელია. კერძოდ, ეს ადამიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა და სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა თენგიზ გუნავასთან, მეგის ქარდავასთან და კოხტა კოდუასთან, იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი.
"მოწმემ გურამ შარაძის მკვლელობის დავალება პირადად მეგის ქარდავასგან მიიღო. დავალების მიხედვით, მოწმეს სამეგრელოდან თბილისში ძალოვანი უწყებიდან უნდა წამოეყვანა ორი კონკრეტული პირი, რომელთაც თბილისში მამაჩემი უნდა მოეკლათ. ჩემთვის ცნობილია ამ ორი პირის ვინაობა და აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მეორეს ადგილსამყოფელი კი ჩემთვის ცნობილია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მოწმეს უნდა დაკავშირებოდა ე.წ. "მასტერა", რომელიც მკვლელობის შემდგომ გეგმას გააცნობდა." - რუსუდან შარაძე
რუსუდან შარაძის განცხადებით, მეგის ქარდავას დავალებით, აღნიშნულ მოწმეს თანხაც გადასცეს, რომლის ოდენობაც შარაძისთვის ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ის თანხის ოდენობას არ ასახელებს. აგრეთვე შარაძის თქმით, მკვლელობის განხორციელებაზე უარის თქმის გამო, აღნიშნული მოწმე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა თენგიზ გუნაამ უმოწყალოდ სცემა, მათ შორის დაზიანება მიაყენა თავის არეში.
"დღეს შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ ვინაიდან მამაჩემის მკვლელობა სამეგრელოში დაიგეგმა, ეს მიძლიერებს ეჭვს (სანამ გამოძიება არ დასრულდება სიტყვა ეჭვს გამოვიყენებ, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვამბობ), რომ მამაჩემის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა." - აცხადებს რუსუდან შარაძე.
დღესდღეისობით არსებული ინფორმაციით, გურამ შარაძის საქმის გამოძიება შეფერხებით მიმდინარეობს, თუმცა იმედია სიმართლე მალე გაირკვევა.