პანდემიური სკანდალი ძალას იკრეფს - კლინიკებში დიდ რევიზია დაიწყო

პანდემიური სკანდალი ძალას იკრეფს - კლინიკებში დიდ რევიზია დაიწყო

მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ სკანდალი უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროდან აგორდა. ახალმა მინისტრმა პირდაპირ დაადანაშაულა საავადმყოფოები და მათი ხელმძღვანელები პანდემიის პერიოდში საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში.

წინა კვირას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ კოვიდკლინიკებს 1 მლრდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა. მინისტრის თქმით, ინფექციების კონტროლის, ასევე ფინანსური თუ მკურნალობის პროტოკოლების შესრულების კუთხით მიმდინარე მონიტორინგის შედეგები გასაჯაროვდება და კონკრეტული კლინიკებიც დასახელდება, ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტებიც. ორგანიზაცია „გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი მარინა ბერაძე ამბობს, რომ მინისტრის განცხადების შემდეგ უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი როგორც მმართველის, ისე შემსრულებლის მიმართ.

„ადამიანები რამდენიმე ათეული ლარის გამო აგებენ პასუხს და ბიუჯეტის ფულის გაფლანგვა მარტივად არავის უნდა შერჩეს, მით უმეტეს, მილიარდ ლარზეა საუბარი. ეს არის ყველა ჩვენგანის კუთვნილი თანხა, ბიუჯეტის ფული. მმართველმაც და შემსრულებელმაც პასუხი უნდა აგონ. ახლა თუ არ გაკეთდა ეს, შემდეგშიც აღმოაჩენენ ხარვეზებს და არც მათზე აგებენ პასუხს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ პანდემიისას მთელი ფული მიდიოდა კერძო კლინიკებში. ექიმები და ექთნები იყვნენ ძალიან გადატვირთულები და ახლა აღმოჩნდა, რომ ზომიერად არც ხელფასები ნაწილდებოდა. ამ დროს ამ ადამიანებმა არანორმალური შრომა გასწიეს, რაც არ დაფასდა.

რაც ითქვა, ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, კლინიკების გადაცდომებზე მუდმივად გვესმოდა საუბარი, მაგრამ პროცესები მიმდინარეობდა დახურულად, არანაირი ღიაობა არ იყო. როგორც იქნა, დადგა დრო, რომ სრულყოფილად შეფასდეს ვითარება, რაც გარკვეულ რეაგირებასაც მოითხოვს“, - განაცხადა მარინა ბერაძემ.

სწორედ გაცემული თანხების არამართებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის ინფორმაციით, სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკების კონტროლს გეგმურ რეჟიმში ახორციელებს. როგორც მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი გამოწვევები და რიგ შემთხვევებში, სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა. საუბარია სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიღება - გაწერის პროტოკოლის შეუსრულებლობაზე, პერსონალისთვის განკუთვნილი თანხების დაკავებაზე, ხოლო ხელმძღვანელი პირების შემთხვევაში - ხუთი-ათმაგი ოდენობით ყოველთვიური ხელფასების ზრდაზე.

რა პასუხი აქვს კერძო სექტორს მძიმე ბრალდებაზე? როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი, ზურაბ ქიტოშვილი ამბობს, ჯერჯერობით, კლინიკაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„ძნელია იმის თქმა, თუ როგორ ოპერირებს სექტორის დანარჩენი მოთამაშეები, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, სრულად, 100%-ით ხდებოდა გამოყოფილი თანხის შესაბამის პერსონალზე დარიცხვა და ყველა სანებართვო პირობის დაკმაყოფილება. „ჯეო ჰოსპიტალს“ ამის პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა ქიტოშვილმა.

აღნიშნულ თემაზე „ბიზნეს მედია“ „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორს, გიორგი მინდიაშვილსაც გაესაუბრა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრს კონკრეტული კლინიკების დასახელებისკენ მოუწოდა, სადაც კონკრეტული დარღვევებია გამოვლენილი.

„ჩვენს შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შეგვამოწმა შრომის ინსპექციამაც და ჯანდაცვის უწყების შესაბამისმა რგოლებმაც, მაგრამ მსგავსი მატერიალური გადაცდომა მთელი ქსელის მასშტაბით არ დაფიქსირებულა. ამიტომ კარგი იქნება კონკრეტიკა, რომ არ მოხდეს მთელი სექტორის ერთ ქვაბში მოხარშვა“, - განაცხადა მინდიაშვილმა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კლინიკების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოწესრიგდება მდგომარეობა.