ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატები შიმშილობას დაიწყებენ.

ადვოკატთა ასოციაციასა და პარლამენტს შორის განხეთქილების მიზეზი პროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადები და დაცვის მხარესთან დაკავშირებული უფლებები გახდა.

კერძოდ, ქვეყნის პირველმა პირმა ხატიაშვილის მიმართვა გაითვალისწინა, კოდექსს ვეტო დაადო და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა შენიშვნებითურთ დაუბრუნა, რომლის გათვალისწინებითაც, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1-ელი სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს შეეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება უქმდება, რომლის მიხედვითაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.

ასოციაციის წევრებმა პირველი საპროტესტო აქცია დღეს, ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართეს, ხელებზე სიმბოლურად ბორკილები დაიდეს და პარლამენტს მოუწოდეს მთავრობის ინიციატივას გადახედოს.

როგორც for.ge-ს ხატიაშილმა განუცხადა, საჯარო დაწესებულებიდან ადვოკატს ინფორმაციის გამოთხოვა ეკრძალება.

მისი შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ბოლშევიზმში დაბრუნებაა.

„ხელისუფლებას მოვუწოდებ ადვოკატთა უპრეცედენტო გაფიცვას საფუძველი არ დაუდოს. ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ და როცა მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ თურმე, ადვოკატებს უფლება არ აქვთ სასამართლოში შუამდგომლობის დაყენების თაობაზე, რომ მტკიცებულება ამოიღონ, ამაზე მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდზე დადგება. ჩხრეკა-ამოღების გარეშე, ბრალდებულის სრულფასოვან დაცვას ვერ განვახორციელებთ. ევროკონვენციის მექვსე მუხლის მოთხოვნაა, ანუ, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი პრინციპია - დაცვისა და ბრალდების მხარის უფლებები დაცული იქნეს. ეს რეგულაცია ადვოკატებს ფინანსურად კი არაფერს გვმატებს, არამედ გვინდა, რომ ადამიანებს დავეხმაროთ და ისინი არ მოვატყუოთ. ბოროტი და კეთილი მინისტრების ერა უნდა დამთავრდეს, თუმცა, შეიძლება მინისტრი ბოროტი იყოს, მაგრამ როცა კანონი კეთილი იქნება, მინისტრიც გაკეთილშობილდება“, - აცხადებს ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, მან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა, თუმცა, მათგან არანაირი პასუხი არ მიუღია.

„უსუფაშვილსა და ივანიშვილს მივწერე, რომ ცვლილებები მესამე მოსმენით არ მიეღოთ, მაგრამ მათ პასუხიც არ გამცეს. თუ პრემიერი ჟურნალისტის კითხვას პასუხს სცემს, ის ტელევიზიას არ უყურებს?! არასამრთლიანი მეთოდებით დამბლოკეს. ძალიან ბევრმა დეპუტატმა არ იცის ეს რეგულაციები რას გულისხმობს. ზოგიერთმა ასე მითხრა, შეგვეშალაო. თუ შეეშალათ, უნიკალური შანსი აქვთ, გამოვიდნენ და ვეტო არ დაძლიონ. თუ ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებენ, უპრეცედენტო შიმშილობის აქციას დავიწყებთ“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

ადვოკატების პროტესტს შეფასებები მმართველ გუნდში უკვე მოჰყვა. For.ge-ს კობა დავითაშვილმა განუცხადა, რომ სააკაშვილის მიერ დაყენებულ არცერთ საკითხს ის მხარს არ დაუჭერს.

„საზოგადოების წინაშე ადვოკატების დამცველად სააკაშვილი წარსდგა?! ადვოკატებმა ის შედეგები უნდა გაითვალისწინონ, რამაც, შესაძლოა, სამწუხარო შედეგები მოიტანოს. კერძოდ, სააკაშვილის წინადადებები რომ არ გავიდეს, რომელიც ადვოკატებს მოსწონთ და ვერც ვეტო დაიძლიოს, ამ შემთხვევაში, ძალაში ძველი ნორმა დარჩება, რომელიც ადვოკატებისთვის უარესი იქნება. ამ კანონში კი, ბევრი ისეთი ნორმაა, რომელიც ადვოკატთა უფლებებს გაზრდის. ამიტომ, კარგად უნდა დავფიქრდეთ რას ვითხოვთ?! ეშმაკის საჩუქრები არ გვინდა, იმიტომ, რომ ეს ცუდად ბრუნდება უკან“, - აცხადებს დეპუტატი.

დავითაშვილის განცხადების პათოსს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შალვა შავგულიძეც იზიარებს და აცხადებს, რომ ადვოკატთა უფლებები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ადგილი აქვს ღია კარის მტვრევას.

„ამ საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ. დაცვის მხარის უფლებები 90 პროცენტით გაიზარდა და ადვოკატებმა ეს უფლებები უნდა აითვისონ. ძველი ანეკდოტია - გურული ორი ბილეთის შემოწმებას სალაროს მუშაკს სთხოვს. გოგონამ გურულს უთხრა, თქვენ მოსალოცად გაქვთ საქმე, რადგან ერთმა ბილეთმა „ვოლგა“ მოიგოო, გურულმა ჰკითხა - მეორემ რა ქნაო?! როცა ამდენი უფლება გაიზარდა, ეს ხომ უნდა დავინახოთ?! 9 წლის მანძილზე ეს უფლებები არ იყო და მაშინ, შიმშილობა რატომ არ დაიწყო?! ზაზამ ძალიან კარგად იცის, რომ ყოფილი ადვოკატები დაცვის მხარის გულშემატკივრები ვართ, მაგრამ ასეთი აქცია გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან პირველ რიგში, ადვოკატთა წარმომადგენლებს ხელს არაფერი უშლიდათ, რომ პარლამენტში მოსულიყვნენ და ამ საკითხის განხილვაში ჩართულიყვნენ. რეაქცია არაადეკვატურია და ღია კარის მტვრევაა, რადგან ეს უფლება მოგვიანებით ამოქმედდება. ამ დროისთვის მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ჩხრეკა-ამოღების თაობაზე რეგულაცია დროში გადავადდეს და ამ ნორმის დაჩქარება არც პრეზიდენტს მოუთხოვია. ჩხრეკა-ამოღების დროს, სხვის მფლობელობაში შედიხარ და მეტი ცოდნა გჭირდება. ამისთვის საზოგადოებაც უნდა შემზადდეს და გაიაზროს, რომ ადვოკატს შეუძლია გამომძიებელს ხელი მოჰკიდოს და ვიღაცის სახლში შეიყვანოს. ეს უფლება მხოლოდ სახელწმიფოს ჰქონდა და მაშინაც რამდენი დარღვევა იყო, ეს მოგეხსენებათ. საუბარი ვადებზეა და ეს განა იმად ღირს, რომ აქციები ჩატარდეს?! ზაზა სანამ წერილს პრემიერს და თავმჯდომარეს მიწერდა და ომში ნოტას გააგზავნიდა, სჯობდა ჩვენთვის მოემართა“, - განუცხადა for.ge-ს შავგულიძემ.

რაც შეეხება ადვოკატებისთვის გაზრდილ უფლებებს, შავგულიძის განმარტებით, ადვოკატებს აღმკვეთი ღონისძიების არსებითი გადაწყვეტილებების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება ექნებათ.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებს სასამართლოს განხილვის პროცესში, სასამართლო სხდომის ოქმის ასლის მიღებისა და ამ შენიშვნების გასაჩივრების უფლება ექნებათ. ამას გარდა, რაც ყველაზე მნიშნელოვანია, არჩეული ადვოკატის საქმეში მონაწილეობის უზრუნველყოფა გათვალისწნებული იქნა, რადგან დღეისათვის არსებული კოდექსით, თუნდაც საპატიო მიზეზის გამო, ადვოკატის ერთხელ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს შეეძლო საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო, რომელიც შემდგომ ამ საქმეს აღარ ეთიშებოდა იმისდა მიუხედავად, შემდგომ პროცესზე დაბუნდებოდა თუ არა ძველი ადვოკატი. ხშირად, სახაზინო ადვოკატი დამოკლეს მახვილივით იყო და ასეთი ადვოკატები საქმეებს აფუჭებდნენ. ჩვენს მიერ მიღებული წინადადებით, ადვოკატმა სასამართლო პროცესი რომ თუნდაც არასაპატიო მიზეზით გააცდინოს, თუ ის საქმეს დაუბრუნდება, მას საშუალება ექნება სამართალწარმოება აწარმოოს“, - განაცხადა შავგულიძემ.

ამ დრომდე, უცნობი რჩება პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს თუ ადვოკატთა მოთხოვნებს შეასრულებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე“ საკომიტეტო მოსმენა გაიმართება, სადაც პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შეჯერდებიან.