ვანო მერაბიშვილი შორტებს ითხოვს

ვანო მერაბიშვილი შორტებს ითხოვს

"შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ზაფხულის ცხელი დღეების გამო, საკანში სიცხე აწუხებს. ეს ინფორმაცია სააგენტო "ამბები.გე"-ს მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა დაუდასტურა:

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მას სიცხე აწუხებს საკანში და ითხოვს შორტების ჩაცმის უფლებას, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია?

- იყო ასეთი საუბარი... მივწერეთ სახალხო დამცველს, თუ გაითვალისწინებენ მის მოთხოვნას, როგორც ყველა სხვა ადამიანი, ვანო მერაბიშვილიც ჩაიცვამს შორტებს.

.. ვენტილატორი არ აქვს საკანში?

- არ ვიცი".

როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა (ორიოდე დღის წინ), ბევრმა არასერიოზულად ჩათვალა, ბევრმა იცინა და ბევრმა ისიც თქვა, ვანო მერაბიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებსო. როგორც "ალიასთვის" გახდა ცნობილი, სიმართლესთან შეიძლება მესამე ვერსია უფრო ახლოს იყოს. ინკოგნიტო წყაროს თქმით, ბოლო დროს ვანო მერაბიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ბოლო რამდენიმე კვირაა, მასთან თითქმის ყოველდღე დადის ფსიქიატრი, რომელიც უწევს კონსულტაციებს და არწმუნებს, რომ ცხოვრებაში უარესი ამბებიც ხდება:

"ვანო მერაბიშვილს აწუხებს ჰალუცინაციები, მოჩვენებები, ასახელებს გაურკვეველი ადამიანების გვარებს, კამერაში ზის სრულიად შიშველი და ტანსაცმელს აცმევენ ძალით. როდესაც მასთან ადვოკატი შედის, თავს ურტყამს კედელს და იძახის - ვვარჯიშობო. შემთხვევითი არ იყო შორტების ჩაცმის მოთხოვნაც, მან ადვოკატი აიძულა, ამის თაობაზე სახალხო დამცველისთვის მიეწერა. ასევე, ითხოვს გასაჩივრებას, რომ მას არ აძლევენ ვარჯიშის უფლებას და ღამით ვიღაცები აწუხებენ, ემუქრებიან, საკნიდან უნდა გაგიყვანოთო. მას აქვს მუდმივი შიში, რომ მოკლავენ და ოჯახსაც ამოუხოცავენ. როგორც ჩანს, მას აქვს სმენითი ჰალუცინაცია, არის პერიოდები, როცა ჩვეულებრივად შედის კონტაქტში, ნორმალური შესახედაობა აქვს, მაგრამ მერე ეწყება შიზოფრენია, რაც, ბუნებრივია, უნდა უკავშირდებოდეს ძლიერ დეპრესიას. მე არ ვიცი, შეიძლება მომენტებში იტყუება კიდეც, შეიძლება სპეციალურად ქმნის ისეთ სიტუაციას, შეიძლება თამაშობს. მე გეუბნებით ფაქტს და როდესაც ეს ინფორმაცია თქვენი გაზეთის საშუალებით გამოქვეყნდება, ალბათ, ციხის ადმინისტრაცია, სადაც ვანო მერაბიშვილი ზის, ამ ფაქტს ვეღარ დამალავს. წესით, უნდა არსებობდეს ვიდეოჩანაწერებიც, მაგრამ არა მგონია, ამისი გამოქვეყნება უპრიანი იყოს. ამაზე "ნაციონალები" ატეხენ ერთ ამბავს, ვანო მერაბიშვილი გაგვიგიჟეს, არიქა, რაღაც წამლებს ასმევენ და ამიტომაც აქვს ჰალუცინაციებიო. დაბეჯითებით გეუბნებით, რომ აქ არავის ხელი არ ურევია".

ადვოკატ ჩივიაშვილისგან გვაინტერესებდა, მიიღო თუ არა პასუხი ომბუდსმენის აპარატიდან და რა იყო ეს პასუხი, თუმცა ჩივიაშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ასევე, გვაინტერესებდა, დადის თუ არა ვანო მერაბიშვილთან ყოველდღე ფსიქიატრი. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, თაია მახარაძეს ჩვენს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

მაინც რა გახდა ამ პაპანაქება სიცხეში შორტების ჩაცმა ასეთი, რომ განსაკუთრებული ნებართვაა საჭირო?

როგორც ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი "ალიასთან" აცხადებს:

- ეს არ არის ღადაობა, სერიოზული პრობლემაა, არავის არ აძლევენ უფლებას, რომ შორტები ჩაიცვას.

რატომ, ეს რა პრობლემაა?

- არ ვიცი, ციხეში ასეა რატომღაც.

აბა, პატიმრებს რა აცვიათ?

- ჩვეულებრივი გრძელი სპორტულები. ვეკითხებით და არავინ არ გვპასუხობს, კანონით ასეაო. "პატიმრობის შესახებ" კანონში არის მითითება, რომ პატიმრებმა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ფორმით უნდა ისარგებლონ. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა მართლა შეიტანა განცხადება და არა მხოლოდ მან, ეს სხვა პატიმრებსაც აწუხებთ. ზამთარში რომ კაპიუშონიან ქურთუკებს არ უშვებენ, ეს გასაგებია, კაპიშონში პატიმრის სახე იფარება და კამერა ვერ აფიქსირებს, მაგრამ ეს შორტები რას უშლის ხელს, ეს ვერ დავადგინე.