საია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

საია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 8 აპრილს აფხაზეთის ა-რ მთავრობის თავმჯდომარედ ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის საკითხს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი იურიდიული ნორმების დარღვევაზე საუბრობს, რომლის მიხედვით უმაღლესმა საბჭომ ყოლბაია აფხაზეთის მთვარობაში განამწესა. მოვლენების შეფასებისა და კანონოდარღვევის გამორკვევის მიზნით საია-ს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რომლებმაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გენერალ გიორგი შერვაშიძის კანდიდატურა წარადგინა.
საია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებში დარღვევებს ხედავს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, 2013 წლის 8 აპრილს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება გიორგი ბარამიას მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მისივე განცხადებით, უმაღლესმა საბჭომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე, რომ აფხაზეთის ა/რ-ის კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს პრეზიდენტთან.

„მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა არ ანსხვავებს ერთმანეთისგან გათავისუფლებას პირადი განცხადების ან სხვა საფუძველზე. კანონმდებლობა გათავისუფლების ყველა შემთხვევაში ადგენს ერთიან პროცედურებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს, გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა მიეღო,“ - აცხადებს კახა კოჟორიძე.

როგორც საია-ში განმარტავენ, უმაღლესმა საბჭომ საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ისე დანიშნა, რომ მას დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუწყდა.

„იმ დროს მოქმედი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ დაიკავა უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა. ნორმატიული აქტის ამ მოთხოვნის მიუხედავად, ყოლბაიას დეპუტატის უფლებამოსილება არ შეწყვეტია. სავარაუდოდ, აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით, 2013 წლის 10 აპრილს, უმაღლესმა საბჭომ ცვლილებები შეიტანა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში“.

განხორციელებული ცვლილებებით, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უჩერდება უფლებამოსილება. თუმცა, ცხადია, ეს ცვლილება ვერ გაამართლებს ამ ცვლილების განხორციელებამდე არსებულ დარღვევას. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცვლილება განხორციელდა არა იმ მიზნით, რომ ზოგადად წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირების უკეთესი წესი შექმნილიყო, არამედ ცვლილება მიზნად ისახავდა უკვე განხორციელებული დარღვევის „გამოსწორებას“ და ნორმატიული აქტის ერთ პირზე მორგებას“, - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
საია-ში კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად ცვლილებების მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს. 

„საზოგადოებაში კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებას, პირველ რიგში, ხელს უწყობს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ კანონმდებლობის განუხრელი დაცვა. მიუხედავად იმისა, რომელი ორგანოსთვის რამდენად მოსაწონი და მისაღებია ნორმატიული აქტების მოთხოვნები, ის ვალდებულია იმოქმედოს დადგენილი წესის შესაბამისად. ხოლო, თუ ეს წესი შეცვლას საჭიროებს, მაშინ ჯერ უნდა შეიცვალოს წესი და შეცვლილი წესის შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება და არა - პირიქით. ამასთან, ნორმატიული აქტები უნდა იცვლებოდეს მაშინ, როდესაც უმჯობესდება ქცევის ზოგადი წესები და არა მაშინ, როდესაც ასეთი ცვლილება კონკრეტული პირის თუ პირთა ჯგუფის ინტერესებში შედის“, - აცხადებენ საია-ში.

კანონის დარღვევასთან ერთად, საინიციატივო ჯგუფი კიდევ ერთ დარღვევაზე მიუთითებს. საქმე ეხება თავისუფლების ქარტიას, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. თავისუფლების ქარტიის მე-8 და მე-9 მუხლების მიხედვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წევრი ვერ გახდება პირი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირირის კომპარტიის ცენტრალური, რაიონული ან საქალაქო კომიტეტში მაღალი თანამდებობა ეკავა. როგორც ცნობილია ვახტანგ ყოლბაია გალის რაიკომის მდივანი იყო.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული ხარვეზები, თუმცა, ამბობს, რომ ეს არის დროებითი.

„ვიბრუნებთ ჩვენს უფლებებს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციაში არასოდეს არ იყო გაწერილი შემსრულებლის ინსტიტუტი, ამას ვაკეთებთ. დროებით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და არა სამუდამოდ. შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული ხარვეზები, არის სასამართლო და შეიტანონ სარჩელი.

მივალთ იმ სასამართლოში და სწორი იქნებიან ისინი, გამართლდებიან. ჩვენ ვამზადებთ კონსტიტუციურ ცვლილებებს. მოვიდნენ საიას-ს იურისტები და დასხდნენ ჩვენს იურისტებთან. თუ რაღაცა ხარვეზები არის დაშვებული, ამის გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ“, - აცხადებს გია გვაზავა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მურმან კვარაცხელიას განცხადებით, ვახტანგ ყოლბაიას არჩევა კანონის დარღვევით განხორციელდა, შესაბამისად მან უნდა დატოვოს აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა.

„20 მაისს შეიკრიბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომისია. განვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ვიმსჯელეთ ამაზე და კომისიის სხდომაზე მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გადახედილი იქნას დეპუტატ ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შესრულება/დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ამას ხელი მოაწერა 6 დეპუტატმა.

ამით ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რა დარღვევებთან გვაქვს საქმე. ბატონმა ყოლბაიამ უარი უნდა განაცხადოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობაზე. ვინაიდან, მისი არჩევა კანონის დარღვევით მოხდა. ჩვენ პრეტენზია გვაქვს უკანონობის მიმართ, ეს არაკონსტიტუციურია. ჩვენ კონსტიტუცია ასე ვჭერით და ვკერეთ, ეს არაა სწორი,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მურმან კვარაცხელიამ.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ აფხაზეთის ა-რ უმაღლეს საბჭოს მიერ 8 აპრილს ა-რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნასთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს.

 „აფხაზეთის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ შეიძლება ცვლილება შეიტანოს გარკვეული პირობების არსებობისას. სხვა საკითხია, რომ უკანა რიცხვით თუ შეიძლება გაფორმდეს, უკუძალა თუ შეიძლება მიეცეს, იმ ნორმას რომელიც მიიღეს 10 აპრილს. მე ვფიქრობ, რომ აქ გარკვეული კითხვები, ალბათ, შეიძლება გაჩნდეს. გამოსავალი მარტივია, ჩაატარონ განმეორებითი კენჭისყრა და ან დანიშნონ, ან აირჩიონ მოვალეობის შემსრულებლად, ან უარი უთხრან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, არის უმაღლესი კანონი და მისი ხშირი ცვლა და ერთ პირზე მორგება არაა მიზანშეწონილი“, - მიიჩნევს ავთანდილ დემეტრაშვილი.

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, სამართალმცოდნე კახა კახიშვილი განმარტავს, რომ დაუშვებელია როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის გამო სასაწრაფო წესით ხდება კონსტიტუციის ცლილება. მისივე თქმით, პირის დანიშვნამდე არავინ დაინტერესებულა სამართლებლივი საფუძვლებით.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ უხერხული სიტუაციაა, როდესაც უხეშად ირღვევა საქართველოს კანომდებლობა კონკრეტულად რაღაცა მიზნების გამო. ეს უნდა იყოს სამართლდამცავი ორგანოების დაინტერესების საგანი, რა პირობებში მოხდა კანონის ასეთი უხეში დარღვევა, ხომ არ გვაქვს ჩვენ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან საქმე. როდესაც დეპუტაციაზეა საუბარი, უნდა გაირკვეს ინდივიდუალური მონაწილეობის და განზრახვის ელემენტები. შესაძლებელია, რომ რაღაცა ჯგუფი მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას, საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით, მაინც წავიდა ამაზე. ამიტომაც ეს ყველაფერი საჭიროებს შესწავლას, რომ გაირკვეს ინდივიდუალური დეპუტატის, მათ შორის თავმჯდომარის მონაწილეობის საფუძვლები და ამავდროულად მიზნები,“ - აცხადებს კახიშვილი.

მისივე თქმით, უნდა გამოიკვეთოს ის ჯგუფი, რომელმაც მოამზადა პროექტი ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია გაირკვეს, იცოდნენ თუ არა, რომ არღვევდნენ კანონს და ვისი დავალებით გააკეთეს. ეს სამართალდამცავი ორგანოების შესასწავლი საგანია, რომ შემდგომში გაირკვეს პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის განზრახ ჩადენილი დანაშაული, თუ საქმე გვაქვს დაუდევრობასთან. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ეს არის თანამდებობრივი დანაშაულთა კატეგორია. ვფიქრობ, რომ თვითონ ყოლბაიას ინტერესებში უნდა იყოს გადადგეს, რომ მისი დანიშვნის სამართლებლივი საფუძვლები ეჭვს არ იწევდეს. შემდგომში, თუ სურვილი აქვს იმ გუნდს, რომელიც მხარს უჭერს ყოლბაიას, კანონის სრული ნორმების დაცვით განახორციელონ მისი დანიშვნა.“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახა კახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დევნილების, არასამთავრობო სექტორის, ყოფილი პარტიზანებისა და მეომრების ჯგუფის ინიციატივით, იწყება ხელმოწერების შეგროვება აფხაზეთის ა-რ ხელისუფლების გაუქმებისა და უმაღლესი საბჭოს დათხოვნის მოთხოვნით.

„ჩვენს გაუქმებაზე სულ მიდიოდა ლაპარაკი. არაა პრობლება დაგვშალონ, დავიღალეთ. იმ საშუალებით რაც ჩვენთვის იყო მოცემული, საკმაოდ ბევრი გავაკეთეთ. ახლა ვიღაცას დაავალეს, ვიღაცა ნებით თუ უნებლიედ ჩართულია ამ სატუაციაში. კი ბატონო, შეაგროვონ. თვითონ იმ პარტიზანებმა მაინც თქვან, თუ ვინმე ნამდვილი პარტიზანია, ჩვენს გარეშე ნამდვილად არ ყოფილა არასოდეს, რამდენი დახმარება და რამდენი რამეა გაკეთებული მათთვის. თუ ვინმეს ამ სტრუქტურების დაშლა უნდა, დაშლიან. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მე მზე და მთვარე ამომსდის ჩემს სკამზე, ღმერთო ჩემო ... თურმე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ძალიან ცდება ბევრი ვიღაცა,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია გვაზავამ.