კომპანია „ბორჯომს“ ყველაზე შავი დღე დაუდგა - ქარხნები გაჩერდა, პროდუქციის ნაშთიც თანდათან ამოიწურება

კომპანია „ბორჯომს“ ყველაზე შავი დღე დაუდგა - ქარხნები გაჩერდა, პროდუქციის ნაშთიც თანდათან ამოიწურება

სანქციების გამო კომპანია „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ სხვადასხვა ტიპის განცხადება და კომენტარი გაავრცელა. ჯერჯერობით გამოშვებული პროდუქციის ნაშთები არსებობს და ყველაზე ცნობილი წყალი დახლებიდან არ გაქრება, მაგრამ სამომავლოდ არც ეს არის გამორიცხული.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია „IDS ბორჯომი“ - საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია „IDS ბორჯომის“ განცხადებაში.

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელმა კომპანია „ბორჯომმა“, მინორიტარი მფლობელი რუსული კომპანიის „ალფა გრუპის“ სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო, ანგარიშების გაყინვის შესახებ მთავრობას ჯერ კიდევ მარტში აცნობა. მათი ანგარიშები 15 მარტს დაიბლოკა და სახელმწიფო ამის შესახებ საქმის კურსში იყო. „ბორჯომში“ ასევე აღნიშნავენ, რომ კომპანიას საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ სახელმწიფოს გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონია.

„საერთაშორისო სანქციების გამო კომპანიის ანგარიშები 15 მარტიდან გაიყინა. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ სახელმწიფო და მხარდაჭერის თხოვნით მივმართეთ. ძირითადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ იმისთვის, რომ დასაქმებულებისთვის სახელფასო ანაზღაურება მიგვეცა, მთავრობა კომპანიის კუთვნილი დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებაში დაგვეხმარა. შეიქმნა დამოუკიდებელი ანგარიში და ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა ხელფასებისა გაცემას და კომუნალური ხარჯებს სწორედ ამ ფინანსებით ვფარავთ“, - უთხრეს „ბიემს“ კომპანიაში.

კითხვაზე, მიმართა თუ არა კომპანიამ სახელმწიფოს მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირობების ცვლილების შესახებ, კომპანიაში პასუხობენ, რომ მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირობების გადახედვის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, რადგან მდგომარეობის დროულ გამოსწორებას იმედოვნებენ.

როდიდან გაქრება დახლებიდან „ბორჯომის“ პროდუქცია? როგორც ჩანს, ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა.

ჩნდება კითხვა, რატომ შეეხო „IDS ბორჯომს“ სანქციები. კითხვის პასუხი კი ასეთია - 2013 წლიდან „IDS ბორჯომი“-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი“ ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი 460 მილიონ დოლარად გაასხვისეს. თავად „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია, რომელიც სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

კომპანიის ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს „IDS ბორჯომი“-ის შემოსავალმა 119 მლნ დოლარი შეადგინა მაშინ, როცა ეს რიცხვი 2019 წელს 140 მლნ დოლარი იყო. საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში 86 მლნ ლარის აქტივები იყო.

კომპანიის 2020 წლის შემოსავალი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

რუსეთის ფედერაცია - 41.9 მილიონი დოლარი; უკრაინა - 18 მილიონი დოლარი; ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა - 14.3 მილიონი დოლარი; ყაზახეთი - 13 მილიონი დოლარი; საქართველო - 11 მილიონი დოლარი; ბელარუსი - 6.4 მილიონი დოლარი; უზბეკეთი - 2.2 მილიონი დოლარი; აზერბაიჯანი - 1.3 მილიონი დოლარი; სხვა ქვეყნები - 11.2 მილიონი დოლარი.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საწარმომ გააგრძელოს საქმიანობა და არ დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა და ადამიანები უმუშევრად არ დარჩნენ. ჯერჯერობით ნაშთები არის, მაგრამ მისი ამოწურვის შემდეგ რეალიზაცია თავისთავად შეწყდება.

„ცხადია, ეს არ არის შემთხვევა, როცა ერთი სახეობის წყალი შეიძლება ჩანაცვლდეს მეორეთი. ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჯანსაღი კონკურენციისთვის ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სანქციები პერსონებს უწესდებათ და შემდეგ იმ კომპანიებს, რომლებთანაც შეხება აქვთ. ალბათ, გარკვეული ზომების მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

რაც შეეხება რეალიზაციის საკითხს, ქარხნის დახურვა ამ მხრივ პრობლემას ვერ გამოიწვევს. არის ნაშთები, რომელსაც გაყიდიან და როცა მარაგი ამოიწურება, გაყიდვები თავისთავად გაჩერდება“, - დასძინა ჭყონიამ.

სპეციალისტები ამ საქმეს სხვაგვარად უყურებენ და ზოგიერთი მათგანი საქართველოს ყველაზე ცნობილი სავაჭრო ბრენდის ნაციონალიზაციასაც ითხოვს.

For.ge დაინტერესდა შესაძლებელია თუ არა მფლობელისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ამისთვის ორი გზა არსებობს, ერთი „IDS ბორჯომი“ კერძო კომპანიამ იყიდოს, ან სახელმწიფომ ნაციონალიზაცია მოახდინოს.

„ვიდრე გეტყვით რა ხერხები არსებობს „ბორჯომის“ გამოსყიდვის, იქამდე მინდა გითხრათ, რომ ეს კომპანიის აქტივები თავის დროზე ბატონმა ხაზარაძემ მიხაილ ფრიდმანს მიყიდა. როდესაც ეს გარიგება მოხდა, მაშინაც არასწორი იყო.

რაც შეეხება, ლიცენზიის ჩამორთმევას, ამის ორი ხერხი არსებობს - ერთი, თავად მფლობელთან მოლაპარაკება, რომ მათი წილი გაიყიდოს და შეიძლება სხვა კომპანიამ შეისყიდოს. მეორეა - ნაციონალიზაცია გამოცხადდეს და სახელმწიფომ იყიდოს. სახელმწიფო თუ მოახდენს ნაციონალიზაციას, გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანია უნდა გაყიდოს. სხვა ფორმა არ არსებობს, რადგან არ ვიცით სანქციები რამდენი ხანი გაგრძელდება“, - განაცხადა ეკონომისტმა.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ „IDS ბორჯომი“-ს ნაციონალიზაცია მოახდინა, რამდენად მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის ასეთი დიდი კომპანიის შეძენა, ექსპერტი ასე გვპასუხობს: „ცნობილია ფაქტია, რომ სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი საწარმოები, წამგებიანია. ამიტომ ვამბობ, რომ ტრეიდი განხორციელდეს. ასეთი ნაციონალიზაცია ბევრ ქვეყანაში მომხდარა“.

მოახდენს თუ არა სახელმწიფო „IDS ბორჯომი“-ის ნაციონალიზაციას, ამ კითხვით ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა უწყებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება თუ „IDS ბორჯომი“-ის გაჩერება ქვეყნის ეკონომიკას რამდენად აზარალებს, ამ კითხვით ეკონომისტ ანდრეა გვიდიანს მივმართეთ. მისი თქმით, თუკი ისტორიული ბრენდი გაქრება, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან „ბორჯომი“ საექსპორტო სიაში მოწინავე პოზიციას იკავებს.

„ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც საექსპორტო სიაში მოწინავეა და ის გაქრება, ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს დიდი დარტყმაა. არ აქვს მნიშვნელობა „ბორჯომი“ იქნება თუ სხვა პროდუქტი. რა თქმა უნდა, სახარბიელო სიტუაცია არაა, თუმცა საქართველო საერთაშორისო სანქციებს გვერდს ვერ აულის. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი კომპანიის მუშაობა თუ სავაჭრო ურთიერთობები უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც ახლა მსოფლიოში მოქმედებს. „ბორჯომის“ მფლობელი მოექცა სანქციების ქვეშ და ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომაც შეჩერდა „ბორჯომის“ წარმოება. ამ ეტაპზე ცნობილი არაა გასხვისდება თუ არა კომპანია. იმედი მაქვს, სახელმწიფო კომპანიის მფლობელთან შეთანხმებას მიაღწევს და „ბორჯომი“, რომელიც საექსპორტო პროდუქციის სავიზიტო ბარათია, მალე ჩაეშვება წარმოებაში და ექსპორტიც გაგრძელდება“ - აღნიშნა ანდრეა გვიდიანმა.

ექსპერტს გია ხუხაშვილის აზრით, „ბორჯომის“ გაჩერება არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა.

„ადრეც მითქვამს, რომ ეს ბრენდი არის ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, თავი რომ გავანებოთ მრავალმილიარდიან ზარალს, რაც ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული აქტივის დაკარგვას უკავშირდება.

ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, რაზეც რამდენიმე თვის წინ მივმართე ხელისუფლებას და ყური არ შეიბერტყეს. შემდგომში შესაძლოა პრივატიზაცია, პოლიტიკურად დაზღვეულ პირობებზე“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვასა და ესტონეთში „ბორჯომი“ სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს, რადგანაც მიხაილ ფრიდმანს, როგორც პუტინთან დაახლოებულ პირს, დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

ვინ არის და რა ქონებას ფლობს „IDS ბორჯომი“-ის მფლობელი მიხაილ ფრიდმანი.

ის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია „ალფა ჯგუფისა“, რომელშიც შედის მსხვილი რუსული „ალფა ბანკი“. „ალფა ჯგუფი“ არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაშიც შედის IDS Borjomi International-იც. ფრიდმანი ასევე ფლობს - „ვიმპელკომის“ 48%-ს, X5 საცალო ჯგუფის 48%-ს. ასევე ფლობს ბრენდებს Beeline, Pyaterochka, Perekrestok.

Bloomberg-ის ცნობით, ომამდე ბიზნესმენის ქონება დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი იყო. როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ 15 მარტს ფრიდმანს სანქციები დაუწესა, ბრიტანეთში მისი ბოლო სამუშაო საბანკო ბარათი გაიყინა. ოლიგარქი გაღიზიანებულია, მაგრამ ცდილობს თავისი პრობლემები ომისგან დატანჯული უკრაინელების პრობლემებს არ შეადაროს.

მან სწორედ სამთავრობო კავშირების წყალობით ჩაიგდო ხელში სახელმწიფო აქტივები და დღეს პუტინის გარემოცვაში მისი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობად მოიაზრება. ის აქტიურად უჭერდა მხარს მატერიალურად და ფინანსურად პუტინის გადაწყვეტილებებს ყირიმის ანექსიისა თუ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის საკითხებში.

დაბოლის, გავრცელდა ცნობა, რომ IDS Borjomi-ს მაჟორიტარი აქციონერი, შესაძლოა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე გახდეს. სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს და ერთ-ერთი შესაძლო სქემა ბიზნესის ინა გუდავაძისთვის მიყიდვაა. ინფორმაციას Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქვრივს არ აქვს ამდენი ფული. ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა გადავადებული გადახდის პირობით გაყიდვა იყოს. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ყველაფერი დასტაბილურდება და ქვრივი თანხას არ გადაიხდის, აქციების უკან დაბრუნება მოხდეს“, – ამბობს წყარო Українська правда-სთან.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, IDS Borjomi-ს წილებს საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეები ფლობენ. აქციონერთა უმრავლესობა ქართველები არიან.

Aburjga Tasmanieli მოკლედ და კონკრეტულად - ჩვენი "სტრატეგიული მოკავშირე" აშშ მიზნმიმართულად ანადგურებს საქართველოს ეკონომიკას! იმედი მაქვს ამ უნამუსო ყაჩაღთა სახელმწიფოს რუსეთი სულ მალე ასწავლის ჭკუას! შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსული კომპანიების კუთვნილი ენერგოობიექტების ანგარიშების გაყინვა და საქართველოში ელ. ენერგიის გათიშვა!
2 წლის უკან
dimpi Aburjga Tasmanieli
არა, შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსი ტურისტების არ შემოშვება, უკვე მიმდინარეობს მაგაზე დებატები ე.წ. " თბილისის ფორუმზე"
ჰოდა ვინაიდან არც ერთი ტექნოლოგია არ მოგვცა სტრატეგიულმა პარტნიორმა აქაური ეკონომიკაც ჩამოიქცევა, მერე ავიღოთ ჯაველინები და დავერიოთ ერთმანეთს, რათა ცივილიზებულ დასავლეთმა cnn ან bbc ან fox-ზე უყუროს გლადიატორთა ბრძოლებს ლაივში
2 წლის უკან
dimpi მითუმეტე გვაქვს გამოცდილება თბილისის ომით, როცა ერთმანეთს ვჟუჟავდით და არც cnn ან bbc კამერის წინ მოხვედრისას არც გაღიმება გვავიწყდებოდა
2 წლის უკან
dimpi ჰოდა უკრაინამ სანამდე უნდა გაართოს ცივილიზებულები? დროა ჩავანაცვლოთ
2 წლის უკან
dimpi მერე სადმე რესტორანში მოვჯდეთ და განსხვავებულით შევსვათ: "რაც მაგრები ვართ, ქარტველები ვარტ"
2 წლის უკან
dimpi და თუ ვინმე არ დაგვიჯერებს როცა სუფრიდან გამოვალთ, მაშინ იმასაც დავადოთ ჯაველინი
2 წლის უკან
dimpi რაც მთავარია ცივილიზებულ დასავლეთს შოუები არ მოაკლდება
2 წლის უკან
dimpi გადარჩენილმა იმაზე დადოს ფსონი თუ ვის უფრო მაღალი რეიტინგი ექნება cnn bbc თუ fox
მოგებული თანხით შვილები გააგზავნოს ცივილიზაციაში განათლების მისაღებად თორე სექტამ თავისი რეფორით სულ დაანგრია და გააპარტახა აქაური ცოდნის მიღების ინსტიტუ-სკოლები
2 წლის უკან