იმისთვის, რომ ქვეითები არ დაზარალდნენ და მოძრაობა უფრო კომფორტული გახდეს, მთავრობა სადამსჯელო ღონისძიებებზე გადადის. გამოდის, რომ „სითი პარკი“ რისთვისაც დედაქალაქიდან გააძევეს, იმავე გზას ადგას „თბილისის პარკინგი“, რომლის საქმიანობა სატრანსპორტო მანქანების მძღოლებს უკვე ცალმხრივად პრობლემას უქმნის.
ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს, გუშინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:
„ჩვენ გვაქვს ქალაქში პრობლემები გარკვეული მიმართულებით. ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები. გვინდა ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ვინაიდან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ამ ყველაფერს, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სანქციებს, „ქართული ოცნების“ წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ტროტუარზე მანქანის პარკირება დაექვემდებარება დაუყოვნებლივ ევაკუაციას.
„მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით. იმავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის დაუცველობის და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა დავითულიანმა.
გარდა ამისა, უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი - სამართალდამრღვევს ოქმს გაუგზავნიან სტანდარტული წესით და, ამავდროულად, მიუვა სმს შეტყობინება. ამასთან, ავტომობილის მოძრაობა ველოსიპედის ბილიკზე, დგომა ან გაჩერება, ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება, შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით. დგომა-გაჩერების წესის დარღვევა ან პარკირების ადგილზე მანქანის გაჩერება, როცა მას შესაბამისი თანხა გადახდილი არ აქვს, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონდამრღვევები სწორედ თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები არიან. მათი ავტომობილები გვხვდება როგორც დგომა აკრძალულია ნიშნებთან, ასევე ზებრა გადასასვლელსა, თუ ტროტუარებზე. სწორედ აღნიშნულ საკითხთზე ამახვილებს ყურადღებას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე და განმარტავს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, როდესაც მსგავს შემთხვევას დააფიქსირებენ.
„ნებისმიერი, ვინც დაარღვევს კანონს, სათანადოდ უნდა იყოს პასუხგაცემული კანონმდებლობით და კარგია, რომ ამაზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, ადამიანებში უნდა იყოს სამართლიანობის განცდა, იმისთვის, რომ მე წავხალისდე, დავიცვა კანონი და ვიგრძნო, რომ ამით კარგ საქმეს ვაკეთებ. თუ მაგალითად, გზას ვუთმობ ფეხით მოსიარულეს, შეიძლება მე შევიზღუდო საკუთარი თავი, მაგრამ საგზაო მოძრაობის მონაწილე უფრო მოწყვლად ჯგუფს პატივი ვცე, ეს განწყობა უნდა შევქმნათ ჩვენ ქუჩაში. შესაბამისად, თუ ჩვენ კარგი მაგალითი ზემდგომებისგან და თავად აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არ დავინახეთ, ბუნებრივია, ეს განცდა ვერ იქნება.
თუ დაარღვევს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარეკოს 112-ში და მოხდეს სწრაფი რეაგირება. მათ შორის ევაკუატორით გადაყვანა, თუ მსგავსი ტიპის დარღვევას დააფიქსირებენ“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
პარალელურად მძღოლებისთვის საპარკინგე ადგილების შეთავაზების თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარებაა. „სითიპარკისთვის“ ამ ფუნქციის ჩამორთმევის შემდეგ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირების გადასახადი გაიზარდა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა, სულ ესაა, რაც ბოლო წლებში გაკეთდა.