პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი "ალბათ, მზად არის" ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს, რადგან „სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა“

მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართული დაინვალიდება ხდება, რადგან ეს რუსული პარტია, მოღალატეების ჯგუფი თვლის, რომ მათ საფრთხეს აღარ შეუქმნის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას" სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის, აღარ შეეშინდება.

„კაცი თვალსა და ხელს შუა გვეცლება, მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართული დაინვალიდება ხდება, რადგან ეს რუსული პარტია, მოღალატეების ჯგუფი თვლის, რომ მათ საფრთხეს აღარ შეუქმნის. თუკი აქამდე მიიყვანენ საქმეს, მერე გადაყვანაზეც ბევრს არავის ახვეწნინებენ, გადაიყვანენ, რომ თავიდან მოიშორონ დაინვალიდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გადაადგილების ან საუბრის შესაძლებლობა არ ექნება. გასაგებია, რომ ის აღარ იქნება პოლიტიკური მოთამაშე, ქართულ, პოლიტიკურ ველზე მისი აღარ შეეშინდებათ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

კითხვაზე, მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვნის შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტი მზად არის თუ არა ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ამაზე, სავარაუდოდ წავა, რადგან „საქმე სიკვდილ-სიცოცხლესთან გვაქვს.“

„ალბათ მზად არის, რადგან აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი უბრალოდ აღარ იქნება, გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება იმდენი ესმის „ქართულ ოცნებას“, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება. ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაყვებიან ამას, ხეირს და სარგებელს ვერ მიიღებს „ქართული ოცნება.“ შუალედურად აკვირდებიან, რომ დაინვალიდებამდე მიიყვანონ. ამიტომ ვართ ჩვენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა გეგმა „ბე“-ზე გადავიდა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელი და თავისუფალი გარეთ რომ იყოს და ამომრჩეველში დადიოდეს, ამ პროცესს ქვეყანაში აუცილებლად მოჰყვებოდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

„შეცვალეს, გეგმა „ბე“-ზე გადავიდნენ. თავიდან ასეთი გეგმა ჰქონდათ, რომ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის ან სასჯელის ნაწილს მაინც იმ 6 წლიდან, რაც მათ ბოროტ ვნებებს დააკმაყოფილებდა და შემდეგ, ის ხომ საქართველოს მოქალაქე არ არის, ქართული პასპორტი არ უდევს ჯიბეში, დაადეპორტებდნენ უკრაინაში, ამით დაამთავრებდნენ. ახლა გადავიდნენ გეგმა „ბე“-ზე, რომ „ალბათ მოგვიწევს გაცილებით უფრო ადრე მისი გაშვება, მაგრამ დაინვალიდებული გავუშვათ, ბარემ საერთოდ დავისვენოთ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პოლიტიკური საფრთხისგან.“ აბა გამოუშვან, თავისუფლებაზე იყოს, გამოჯანმრთელდეს და ხალხში დადიოდეს, ავტომატურად, ბუნებრივად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, სადაც შესაბამისი შედეგი დადგება, რომელიც „ქართულმა ოცნებამაც“ ძალიან კარგად იცის, - დამარცხდებიან“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.