„ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ კანდიდატების გარდა საქართველოში არ ყოფილა არცერთი ჯანსაღი ადამიანი“?!

„ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ კანდიდატების გარდა საქართველოში არ ყოფილა არცერთი ჯანსაღი ადამიანი“?!

„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან სულ რამდენიმე თვეა გასული და, ცხადია, ივანიშვილის გუნდი კვლავაც ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს. თუმცა, ქვეყანაში გაჩნდა ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომლებიც ახალი მმართველი გუნდისგან სამართლიანობის აღდგენის კუთხით ბევრად რადიკალურ ქმედებებს ელოდნენ. ამდენად, ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მესამე ძალის გამოჩენის გარდაუვალი მოლოდინია. ამის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატურის გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია.

მესამე ძალის წარმატებას განაპირობებს ის ფაქტი, შეძლებს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიცია შიდა პრაიმერის მეთოდით სასურველი კანდიდატის შერჩევას, რომლის მიმართაც საზოგადოების დადებითი მუხტი მაღალი იქნება.

ჰყავს კი არასაპარლამენტო ოპოზიციას ასეთი გამორჩეული კანდიდატი? ამის შესახებ ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ასეთები, რასაკვირველია, მოიძებნებიან და მცდარია მოსაზრება, თითქოს, საქართველოში ღირსეულ პიროვნებათა ნაკლებობაა და მხოლოდ იმ კანდიდატებს უნდა დავჯერდეთ, რომელთაც „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალები“ შემოგვთავაზებენ.

პოლიტოლოგი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში სერიოზული კონკურენციის პირობებში ჩატარდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოდი, კუდი, სასამართლო, პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე აღარ ერევა საარჩევნო პროცესში, ისე, როგორც არ ჩაერივნენ შუალედურ არჩევნებში. ამდენად, დღევანდელ ვითარებაში აუცილებლად შეიქმნება მესამეც, მეოთხეც და მეხუთე პოლიტიკური ძალა და ეს არ იქნება არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ მონაწილეობისთვის, რათა მხოლოდ რამდენიმე დღით ტელევიზორში გამოჩნდნენ და  პოლიტიკურად გამოცოცხლდნენ.  

ექსპერტის თქმით, მართალია, საპრეზიდენტო არჩევნებისა და ნაძალადევში გამართული შუალედური არჩევნების შედარება ცოტა რთულია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ იმ ანალიზის შედეგებიც, რაც დაიდო ამ შუალედურ არჩევნებში. კერძოდ, კოალიციის კანდიდატმა მიიღო 39 %, არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატების ჯამმა კი (მინუს ნაცმოძრაობა), შეადგინა 49 %, რაც კახა კახიშვილის აზრით, ნიშნავს, რომ საქართველოში მაჟორიტარულ არჩევნებში რომ ყოფილიყო 50%-ანი ბარიერი, მეორე ტური გარდაუვალი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, როცა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს გათვალისწინებულია 50%-ანი ბარიერი, თუკი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ერთიან კანდიდატზე შეთანხმდებიან, შესაძლოა, მეორე ტური მაინც დაინიშნოს.

„ამისთვის ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, თუ მეორე ტურში აღმოჩნდებიან კოალიციის კანდიდატი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიანი ლიდერი, ეს უკვე სერიოზულ პოლიტიკურ პერსპექტივას აძლევს არასაპარლამენტო ოპოზიციას საქართველოს პოლიტიკურ მომავალში, როგორც მოღვაწეობის, ისე ოპონირების კუთხით. ამავდროულად, არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებმაც კარგად უნდა გაითვალოსწინონ, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ხმების გახლეჩვა მხოლოდ და მხოლოდ, მათი ამბიციებით იქნება განპირობებული. ამიტომ საქართველოს სამომავლო პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღონ და რამენაირად უნდა აჩვენონ მეორე შედეგი. ამით ჩვენ მივიღებთ რეალურ ძალას, რომელიც ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას და, ამავდროულად, ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა იქნება“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

ექსპერტის თქმით, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები იყო კონტრასტული არჩევნები, სადაც მოსახლეობა პასუხობდა კითხვას - „მე მინდა მიშა“ და „მე არ მინდა მიშა“. თუმცა დღევანდელ ვითარებაში სხვა ძალების გამოჩენა აქტუალურია. მათ შესაქმნელად კი საჭიროა წინაპირობა. მით უფრო,  არაერთხელ მოგვისმენია პრემიერისგან, რომ მას სურს, ჰყავდეს ოპოზიცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ხედავს პარლამენტს გარეთ. ამიტომ კახა კახიშვილის აზრით, ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, ისე საარჩევნო კოდექსში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, პოლიტიკური სუბიექტი შეიქმნას, განვითარდეს და ამავდროულად, გაუწიოს სერიოზული ოპონირება ხელისუფლებას.

„მარგველაშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერილი იქნება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო, რადგან  დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილს უპირობოდ ენდობა. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეალურად ელექტორატი გაყოფილია. კერძოდ, ელექტორატის ნაწილი დაფიქრდება, რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში - კოალიციის კანდიდატს თუ სხვა არასაპარლამენტო ან დამოუკიდებელ კანდიდატს“, - მიიჩნევს ექსპერტი.

ამასთან, ფიქრობს, რომ ჩვენ ძალიან ნეგატიურად ვუყურებთ და არ ვაფასებთ საკუთარ საზოგადოებას და მის წევრებს. უფრო მეტიც, დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ იმიტომ აქვს პრობლემები, რომ ნიჭიერი ხალხი არ არის საქართველოში, თურმე კადრების დეფიციტია და ამიტომაც ცდილობს, როგორ ჩამოიყვანოს უცხოეთიდან ადამიანები. კახა კახიშვილი იმასაც იხსენებს, რომ, სხვათა შორის, ნაცმოძრაობაც ამასვე აცხადებდა. ამდენად, მცდარია მოსაზრება, თითქოს, „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატების გარდა საქართველოში არ ყოფილა არცერთი ჯანსაღი ადამიანი, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევდა და შეძლებდა ქვეყნისთვის ზრუნვის დემონსტრირებას და არა - პოპულისტურად არჩევნებში მონაწილეობას.

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია საქართველოში და ადამიანებმა, რომლებსაც არ ჰყავთ მდიდარი სპონსორი, მაგრამ ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, უნდა შეძლონ, პოლიტიკაში საკუთარი თავი იპოვონ“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამ ეტაპზე მესამე ძალის გამოჩენის პერსპექტივას ვერ ხედავს და ეს სამწუხაროდ მიაჩნია, რადგან მესამე ძალის გამოჩენა ზოგადად ქვეყნისა და პოლიტიკური სიტუაციის დარეგულირებისთვის აუცილებელ პირობად ესახება. ამასთან, თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე ეს უფრო სურვილების დონეზეა და ვიღაცას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სურს ასე იყოს.

„შესაძლოა, დღეს მოსახლეობაში რაღაც იცვლება, რადგან ექვსი-შვიდი თვეა გასული ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლიდან და თითქოს, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ პრესი მოიხსნა. ამ ფსიქოლოგიური პრესის მოხსნამ რაღაც ახალი გააჩინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე, ან მესამე ძალაზე გაჩნდეს მოთხოვნილება. ჯერ ისევ არსებობს „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი მოლოდინი. მესამე ძალის მოთხოვნილება კი მაშინ ჩნდება, როცა იწყება ძირითადი ძალის პოლიტიკური დევალვაცია. ამას კი საკმაო დრო დასჭირდება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუკი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მაინც ჩამოყალიბდება საზოგადოებაში ამგვარი მოთხოვნილება. რაც შეეხება მესამე ძალის სავარაუდო კანდიდატების მოტივაციას, ექსპერტი თვლის, რომ ამ ადამიანებს ეშინიათ, მათი პოლიტიკური არსებობა მოსახლეობაში დავიწყებას არ მიეცეს. ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნებს განიხილავენ, როგორც საკუთარი პარტიული პერსონის აქტუალიზაციის საშუალებას. მით უფრო, პარლამენტში არყოფნა მათ აფიქრებინებთ, რომ აქტიურობის თვალსაზრისით, ტრიბუნა არ აქვთ.

„სწორედ ეს მაშინებს, თუკი ამ ადამიანებმა აქტუალიზაცია მაინც შეძლეს, მაგრამ არჩევნებში დამარცხდნენ, ეს ტალღა არ მიწვდეს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს და იქაც არ გამოიწვიოს ოპოზიციის მარცხი, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ ცუდი იქნება. 2014 წელს თუკი კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ისევ ერთპარტიული ვერტიკალი შეიქმნება, რაც ქვეყნისთვის სახარბიელო არ არის“, - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

ამასთან, დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილი უთუოდ გაიმარჯვებს, რადგან დღევანდელ საქართველოში მას სხვა კანდიდატი არ ეგულება, რომელიც მარგველაშვილს, უფრო სწორად - „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მოუგებს.