ვიდეო-კომპრომატების გამოქვეყნება სააკაშვილზეც მზადდება?!

ვიდეო-კომპრომატების გამოქვეყნება სააკაშვილზეც მზადდება?!

ვისაც ვანოს ცრემლების გჯერათ, მე გამატარეთ! "ორი კაცის, ორი გვამი მჭირდება, დროზეეე, პრემია დიდი იქნება"! - ვანო მერაბიშვილის ამ სკანდალურმა ვიდეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაცბანდა, გვამებზე მორბენალი "ხელისუფლება" იყო, საკუთარი შიზოფრენიული ძალაუფლების გასამყარებლად. ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ენა მოუბრუნდებოდა და თავის მართლების რეჟიმზე გადავიდოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს უტიფრობა და გაღმა შედავების ტაქტიკით დემაგოგობა დაიწყეს, ე.წ. მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს შოუ დაუდგეს ახალი სისხლის მოლოდინში. ნაცბანდა გვიმტკიცებს, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, კბილებამდე შეიარაღებული მეამბოხეები ჩაცხრილეს, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ საქართველოში, რუსი ინსტრუქტორების დახმარებით, სწორედ მათი გვამების მოძებნის ბრძანება გასცა მერაბიშვილმა დიდი პრემიის სანაცვლოდო.

ამ ბოდვას თუ ვინმე დაიჯერებდა და ნაცბანდას "გაპრავების" საშუალებას მისცემდა, ნამდვილად ვერ წარმომედგინა, მაგრამ აქ ხომ ყველაფერი მოსულა. რუსი ინსტრუქტორების გვამები ნანახი არაა, საქმეში არ ფიგურირებენ, ოთანაძე და ამირიძე სპეცრაზმმა ჩაცხრილა,. მრავალჯერადი ჭრილობების მიუხედავად, ისინი გადარჩნენ. თუკი კბილებამდე შეირაღებულები იყვნენ, სპეცრაზმის მხრიდან რატომ არავინ დაჭრილა? გია კრიალაშვილი მოკლეს, კობა კობალაძე ჟურნალისტებმა სახლიდან გამოიყვანეს მოხარშული დედლის ბარკლით ხელში, სად იყო შეიარაღებული ამბოხი? სამაგიეროდ, ვანომ რაც თქვა, აასრულა. გვამი მიუტანეს, მაგრამ არა ორი, ერთი და ეს იყო გია კრიალაშვილი. პრემიებიც აიღეს, ერთი კაცის სიცოცხლეს ნაცბანდა 13 000 ლარად აფასებს.

ჯამში, რამდენი აქვთ გადახდილი "მფრინავ", "მცურავ", "მყვინთავ" და "მოსიარულე" გვამებში, ამას ვინ დათვლის?! მწარე რეალობა კი ისაა, რომ ტერორისტებს, მკვლელებს, სადისტებს, მანიაკებს, ხელისუფლება ოპოზიციას უწოდებს. შეურიგებელია ის ფაქტი, როცა დასავლეთი ბოლომდე გილაყებს ტვინს და გტენის "ნაცმოძრაობას", როგორც პოლიტიკურ პარტიას, ბედავენ და გიმტკიცებენ, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მსგავსი ტერმინები იხმარება. ქართველი ადამიანების სიცოცხლეს მათთვის კაპიკის ფასი აქვს, ხოლო საკუთარ კატებსა და ძაღლებს პანსიონატებს უშენებენ. "ნაცებს" სპექტაკლებს "უპრავებენ" და აზრს არ გვეკითხებიან. ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც პატიმრებს აუპატიურებენ, ვნახეთ შვილისა და ცოლის თვალწინ ბილიარდის ჯოხით მამაკაცს როგორ აუპატიურებენ, ვნახეთ გირგვლიანის დასერილი და ნაწამები სხეული, ვნახეთ პრემიერის გვამი, ვნახეთ დასახიჩრებული მშვიდობიანი მომიტინგეები. განა მეტი რა ჯანდაბა უნდა ვნახოთ, რომ დადგეს სამართლებრივი საკითხი, ნაცბანდის, როგორც პოლიტიკური პარტიის, აკრძალვის შესახებ. ვის და რას უფრთხილდება ხელისუფლება? თუ გინდათ, რომ ხალხის სამსახურში იყოთ, აღასრულეთ სამართალი! თუ გინდათ, რომ არ აღმოჩნდეთ განსასჯელის სკამზე, იყავით თანმიმდევრული. თუ ფიქრობთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კომპრომატების ომით მიაღწევთ და ძირითადი პრობლემების გადაფარვას ამით მოახდენთ - ცდებით! მშიერი კაცი მგელზე საშიშია და თუკი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს ხელისუფლება ვერ მოძებნის, შესაძლოა, ხალხმა შეგჭამოთ ირიბი და პირდაპირი მნიშვნელობით!

კვირა "მუხროვანიდან" დაიწყო და მიუნხენით დასრულდა, ე.წ. "მუხროვანის ამბოხის" სკანდალური ვიდეოსა და "პრემიაზე გაცვლილი ორი გვამის" შოკისმომგვრელი ფაქტის კომენტარს თავი აარიდა ექსპრეზიდენტმა. მიხეილ ცრუპენტელა ყველასთვის მოულოდნელად მიუნხენის უსაფრთხოების 50-ე კონფერენციაზე თემურ იაკობაშვილთან და ეკა ტყეშელაშვილთან ერთად გამოჩნდა, დიახ, გაბედა და უმისამართო წერილივით მიუნხენში აღმოჩნდა. მაინტერესებს ერთი, როგორ გაბედავდა შევარდნაძე იქ მისვლას, სადაც სააკაშვილი დახვდებოდა, ან როგორ გაბედავდა სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ განცხადების გაკეთებას, რაც მაია ფანჯიკიძემ გააკეთა პრეზიდენტ მარგველაშვილის შემდეგ - სააკაშვილი თავისუფალი მოქალაქეა, მიუნხენი - თავისუფალი ქალაქი, შესაბამისად, სააკაშვილს თავისუფლად შეუძლია გადაადგილებაო.

უკაცრავად და, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ? რას ნიშნავს ტერმინი  სააკაშვილი "თავისუფალი მოქალაქეა"? თუკი სისტემური დანაშაულის ნიშნებზე საუბრობთ, თუკი მიშას შს მინისტრი მკვლელობის ბრძანებას გასცემს, მიშას ციხეების უფროსი პატიმრებს ცოცხზე სვამდა, მშვიდობიან მიტინგებს არბევდნენ, ხალხს აწამებდნენ და დედებს შვილების კუბოებს ულაგებდნენ, თუკი აღიარებთ, რომ 28 000 ფაილი აღმოაჩინეთ, რითაც დასტურდება, რომ ტოტალურად ხდებოდა ფარული მოსმენები, ხდებოდა თქვენივე დაშანტაჟება სექსუალური კადრებით და მიშას ტყვეობაში ვიყავით, როგორც ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის მოდერნის, როგორ შეიძლება, სააკაშვილს თავისუფალი მოქალაქის სტატუსს ანიჭებდეთ? ვინც ხართ სააკაშვილის რეჟიმისგან კომპრომეტირებული, მაშინ მოკეტეთ გადადგომამდე და სხვას დაუტოვეთ შეფასებითი განცხადების გაკეთების პრივილეგია! აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის მიუნხენის ვიზიტი ქართული დელეგაციისთვის სიურპრიზი იყო, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება კიდევ ბევრ სიურპრიზს შეხვდება პირგაღებული. მიხეილ ცრუპენტელა იქ უკრაინის ოპოზიციის ლიდერის კლიჩკოს მიპატიჟებით ჩავიდა, სინამდვილეში კულუარებიდან ცნობილი ხდება, რომ კლიჩკო გააფრთხილეს, სააკაშვილთან ერთად გამოჩენისგან თავი შეიკავოს. სააკაშვილი უკვე დემონსტრირებულად გაემიჯნა "ნაცმოძრაობას", - მე ქართულ პოლიტიკაში ნუ ჩამრევთ, გასტროლიორი არ ვარ, კომენტარი გავაკეთო და მერე გავქრეო. ამით  დამნაშავე გუნდს შემოუთვალა, თავში ქვა გიხლიათ, მაგარი მკიდიხართ, მე თქვენთან ასოცირებას არ ვაპირებო. სააკაშვილმა დისკრედიტებული ნაცები გადააგდო, თუმცა არაა გამორიცხული, მალე აიტვირთოს მიშას მაკომპრომეტირებელი ვიდეო და მერე არკვიოს, ადეიშვილმა გაუჩალიჩა ეს, ვანომ თუ ახალაიებმა.