კრემლმა თავისი ყველაზე მძლავრი ეკონომიკური იარაღი მოქმედებაში მოიყვანა და ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას შეუდგა. პირველი ქვეყანა პოლონეით აღმოჩნდა, რომელმაც ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
რუსეთი პოლონეთს „იამალის“ მილსადენით ბუნებრივ გაზს აღარ აწვდის, რის გამოც პოლონეთის გარემოს დაცვის სამინისტროში კრიზისული ჯგუფი შეიკრიბა. პოლონეთის ენერგეტიკულ კომპანიაში დაადასტურეს მიწოდების შეწყვეტა და აღნიშნეს, რომ კომპანიას ამასთან დაკავშირებით „გაზპრომისგან“ ოფიციალური განმარტება არ მიუღია.
პოლონეთის ენერგეტიკულ კომპანიის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ გაზის შეწყვეტა რუსეთის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას უკავშირდება, რაც გაზის საფასურის რუბლში გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის.
პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარემ პეტრ ნაიმსკიმ 26 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთს გაზში რუბლს არ გადაუხდის. შესაბამისად, პოლონეთი არ აპირებს რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
„თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ ნებისმიერ დროს უარს ვიტყვით რუსულ გაზზე“, - განაცხადა ნაიმსკიმ და დაამატა, რომ განიხილება ნებისმიერი შესაძლო რისკები, თუმცა პოლონეთი ამისთვის მზად არის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზის შეწყვეტის შემთხვევაში, პოლონეთი მოქმედებისთვისაც მზად არის.
25 აპრილს, პოლონური გაზსადენების ქსელის, „გაზ-სისტემის“ ხელმძღვანელმა, ტომაშ სტემპენმა განაცხადა, რომ ქვეყანა სრულებით მომზადებულია რუსეთიდან გაზის შეწყვეტის ფაქტისთვის. 2022 წლის სექტემბერში, დანიიდან პოლონეთის მიმართულებით ახალი გაზსადენი „ბალტიკ პაიპი“ გაიხსნება.
ზოგადად კი რუსული ენერგორესურსების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროპის კონტინენტზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. რადგანაც ერთსულოვანი გადაწვეტილების მიღება ვერაფრით მოხერხდა, ევროკავშირი რუსეთის ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესების ნაცვლად, მასზე ფასის ზედა ზღვრის შემოღებას განიხილავს, რაც ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტში შევა.
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ფასის ზედა ზღვრის შემოღება შესაძლოა, რუსულ ნედლეულზე სრული ემბარგოს ალტერნატივა გახდეს. რუსეთი ევროკავშირს ნედლი ნავთობის იმპორტის მეოთხედზე მეტს აწვდის, ხოლო უკრაინის ომის დაწყებიდან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოსკოვს 13 მლრდ ევროზე მეტი გადაუხადეს.
კიდევ ერთი ვარიანტი, რასაც ევროკავშირი განიხილავს, რუსულ ნავთობზე გადასახადების დაწესებაა, რაც მოსკოვს აიძულებს, კონკურენტუნარიანობისთვის ფასები შეამციროს.
გაზეთის ცნობით, გერმანია ემბარგოს ერთდროულ დაწესებას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს ზიანს მიაყენებს საკუთარ ინდუსტრიას. ამასთან, ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აკრძალვამ შესაძლოა, ნავთობზე ფასების ზრდა და შესაბამისად, კრემლის შემოსავლის გაზრდა გამოიწვიოს. ბერლინი, ასევე, სკეპტიკურად უყურებს რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვასაც. კიდევ ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ იმ კერძო კომპანიებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გერმანიაში შეაქვთ, ფასის სხვაობის დაფარვა მოუწევთ, ამიტომ „ფასების შეზღუდვის იდეა გერმანიაში სერიოზულად არ განიხილება“.
„ევროპული ტარიფები ან ფასების ლიმიტი რუსულ ნავთობს მყიდველს ჩინეთში, ინდოეთში და სხვაგან გაუჩენს, რომლებიც მზად იქნებიან, უფრო მაღალი ფასი გადაიხადონ“, - აცხადებს ანალიტიკოსი, კრიშნა გუჰა.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ორი დღის წინ აღიარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ ემბარგოზე ევროკავშირი ჯერ ვერ შეთანხმდა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტი 17 აპრილს დააანონსა და განაცხადა, რომ ევროპა ჯერჯერობით „ჭკვიანი მექანიზმების შემუშავების პროცესშია“.