დიდი აფიორა - კომპიუტერი... 1 ლარად

დიდი აფიორა - კომპიუტერი... 1 ლარად

ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს იფიქრა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა (ან, იქნებ, მხოლოდ მას არც მოუფიქრებია) ნოვაციაზე: „კომპიუტერი – 1 ლარად“, მაგრამ გვარწმუნებენ, რომ სწორედ ამის წყალობით ავუწყობთ ფეხს მსოფლიო ტექნოლოგიურ გამოწვევებს.

თუმცა, მთავარი ინტრიგა მაინც სლოგანია („კომპიუტერი – 1 ლარად“) და მერე რა, რომ ორი წლის განმავლობაში იგულისხმება დღეში ერთ-ერთი ლარი (გაჭირვებული კაცისთვის ესეც შეღავათია).

რაც შეეხება „1 ლარს“: როგორც გაირკვა, საქმე მთლად ასე იოლადაც ვერ ყოფილა: კორპორაცია „ინტელი“ „ალტასთან“, „ალგორითმთან“ და „ტაოპრივატბანკთან“ ერთად, განახორციელებს ამ ნანინანატრ პროექტს. ხოლო, რაკი ტარანა თვლითაა, ჩვენც ავდგეთ და დავითვალოთ (ვიდრე მათემატიკა არ დაგვვიწყებია): გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ ერთი, კომპიუტერების ღირებულება 548-დან 1 749-ლარამდე იმერყევებს. მეორეც, ყიდვის მსურველმა თანხის 20 პროცენტი იმთავითვე უნდა გადაიხადოს (და მხოლოდ ამის შემდეგ დღეში – 85 თეთრი).

შესაბამისად, 548-ლარიანი კომპიუტერის ფასი ორი წლის განმავლობაში 182 ლარით ძვირი დაჯდება (ორი წლის შემდეგ ის 548-ლარიანი კომპიუტერი ვითომ ჩამოსაწერი არ იქნება?!). 20-პროცენტიანი წინასწარი შენატანი ყველაზე ძვირად ღირებული კომპიუტერის შეძენის დროსაც აუცილებელია, ფასთა შორის სხვაობა კი 600 ლარზე მეტი იქნება.

გამომდინარე ლოგიკიდან, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, ნაკლებ სავარაუდოა, კორპორაცია „ინტელს“ ჩვენი „ალგორითმ“-„ალტა“-„პრივატბანკიანად“ ზემოხსენებული პროექტი სათავისოდ არ გაეთვალათ (არც ისაა გამორიცხული, ჩამოსაწერი ტექნიკის გასაღებაც უნდოდეთ).

ასეა თუ ისე, რაკი მთავრობამ კომპიუტერიზაცია (თუნდაც მოძველებული კომპიუტერებით) მიზნად დაისახა, მყიდველის მოზიდვასაც მოახერხებს, სხვათა შორის, მეტად მარტივი მეთოდით: „უნდა მისცე ნასოსი“!