ევროპელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ

ევროპელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ

ზათხულის ტურისტული სეზონის წინ ინდუსტრია ტურისტული ჯავშნების გაუქმებაზე საუბრობს. განსაკუთრებით დიდ სიფრთხილეს იჩენენ ევროპელი ვიზიტორები. ისინი საქართველოს ომის რისკის ზონაში მყოფ ქვეყნად აღიქვამენ.

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ევროპელი ტურისტების 70%-მა შეკვეთები გააუქმა.

„შარშან რეალურად მაისიდან დავიწყეთ სტუმრების მიღება, წელს კი მარტსაც არა უშავდა, აპრილსა და მაისშიც არის ჯავშნები საკმაოდ დიდი ოდენობით. 2019 წელთან შედარებით, სადღაც 35-40% გვაკლია, მეტი არა. აღდგენა თვალსაჩინოა, თუმცა ომის ფონზე, არსებული მოლოდინი შეიცვალა.

ევროპელმა ტურისტებმა ჯავშნების 70% გააუქმეს, ამიტომ ამ ეტაპზე ვცდილობთ, ბაზრები სხვა მიმართულებით დივერსიფიცირდეს. ძირითადად, ისევე როგორც შარშან, წელსაც გალფის ქვეყნები (ერაყი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი) აქტიურობენ. სწორედ ამ ქვეყნებიდან ვცდილობთ, შევავსოთ ჩვენი სასტუმროები. ზაფხულში გალფის ქვეყნები და ისრაელი იქნება ფლაგმანი“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

არასახარბიელო ტენდენციას ადასტურებს ბიზნესიც. ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი აცხადებს, რომ პოლონეთიდან ჯავშნების ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო მართლაც გაუუქმდათ.

„ჯავშნების ნაწილობრივი გაუქმება იყო, მაგრამ ახალი ჯავშნებიც გვაქვს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ომმა რადიკალურად უარყოფითად იმოქმედა ჩვენს კომპანიაზე. ნაწილობრივ გავლენაში ვგულისხმობ იმას, რომ პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია და უკრაინასთან სიახლოვის გამო გარკვეული ცვლილება იყო, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ჯავშნების რაოდენობა, პირიქით, იზრდება. ამ ეტაპზე ჯავშნები გვაქვს პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბული ქვეყნებიდან“, - აღნიშინა ქეთი დოჭვირმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზი, თუ როგორი ვითარება იქნება ტურისტულ სეზონზე, რადგან სიტუაცია მუდმივად იცვლება.

„ყველაფერი ომზეა დამოკიდებული, ეს ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია ფაქტორია. ამასთან, გასათვალიწინებელია ისიც, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტთა დიდი ნაწილი საკუთარი ინიციატივით ჩამოდის და ტურისტულ კომპანიებს არ იყენებს. ეს ართულებს იმის თქმას, როგორი ზაფხული იქნება, თუმცა პოზიტიური მოლოდინი გვაქვს“, - ამბობს დოჭვირი.

ტურიზმის სფეროს ექსპერტების აზრით, საქართველო მაინც მოიაზრება, როგორც რუსეთის სამიზნე და პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანა, რაც ტურიზმის სფეროს პერსპექტივაზე უარყოფითად მოქმედებს. პროფესორ მანანა ალადაშვილის განცხადებით, მოთხოვნა უცხოელთა მხრიდან ნამდვილად იკლებს.

„ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს წლევანდელი სეზონის მიმართ, ევროპელებმა ჯავშნები მართლა გააუქმეს. ახლახან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდი საფრანგეთში. აშკარად ჩანს, რომ ევროპელები უარს ამბობენ საქართველოში დასვენებაზე, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი.

რეალურად სფეროში დიდი პრობლემაა და მოთხოვნა ნამდვილად იკლებს. ამ მხრივ რეგიონში მიმდინარე ომი ნეგატიურ გავლენას ახდენს. საქართველო მაინც მოიაზრება, როგორც რუსეთის სამიზნე და პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანა, რაც ტურიზმზე უარყოფითად მოქმედებს“, - განახადა ალადაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ძალიან კარგი თუ ეს გარყვნილი ევროპელები აქ არ ჩამოეთრევიან! ძალიან კარგი!
1 წლის უკან
leviko რუსი და უკრაინელი ტურისტები გვეყოლება სამაგიეროთ და კიდევ აღმოსავლეთიდანაც ბევრი ჩამოვა
1 წლის უკან