„ივანიშვილი ხალხის სახელით პირად ანგარიშებს ასწორებს“

„ივანიშვილი ხალხის სახელით პირად ანგარიშებს ასწორებს“

მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, 26 მაისს, მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

„ქვეყნის ხერხემლად“ წოდებული მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

ნაციონალებმა ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერის მიზნით, ათი ქალაქის საოლქო პროკურატურასთან აქცია გამართეთ. იქედან გამომდინარე, რომ ყოფილ პრემიერს ბრალი დაუმძიმდა, ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს ხომ არ მიიღეს?

- ეს აქციები იქნება თუ არა პერმანენტული, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩვენი გამოსვლებით კი მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ პირად ანგარიშსწორებას აქვს ადგილი და მიუხედავად იმისა, საზოგადოების ნაწილს ვანო მერაბიშვილის დაკავება უხარია თუ არა, ეს საბოლოო ჯამში, დამღუპველი ქვეყნისთვის იქნება. სამწუხაროდ, ამას ქართველი ხალხი ძალიან გვიან მიხვდება, მაშინ როცა, თავის თავზე იწვნევს უმუშევრობას, ეკონომიკურ ჩამორჩენილობას, საგარეო პოლიტიკის დამძიმებას და ა.შ. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოსახლეობის 20 პროცენტს ესმის, შეიძლება უფრო მეტსაც, მაგრამ ისინი საკუთარ ანგარიშსწორების გრძნობას არიან აყოლილნი. ამ ქვეყანას ცივილიზაციის გარეშე განვითარების შანსი არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად გარე სამუშაოს ძებნაში ვიქნებით დამოკიდებული.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე აპელირებთ, რას გულისხმობთ, ვისი მხრიდან აქვს ადგილი ანგარიშსწორებას?

- ერთი მხრივ, ხელისუფლება ჭკვიანურად იქცევა, მაგრამ მეორე მხრივ, მავნებლურად, რადგან ისინი უამრავ საშინელ დანაშაულზე საუბრობენ. ფაქტია, რომ მმართველი ძალა ნაციონალების საწინააღმდეგოდ ხალხის განწყობის ჩამოყალიბების მიზნით, ხალხის გასაგონად საუბრობს, რადგან ოფიციალურად ბრალდებების იმის მეათასედიც კი არ არის, რაც ჩვენს მიმართ ისმის. ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხის სახელით პირადი ანგარიშსწორება მოახდინოს. დღეს ყველაზე პოპულალური ბრალდებებია - გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვლის საქმეები, ასევე 7 ნოემბრის დარბევა, კერძო საკუთრების უკანონო ჩამორთმევები და დანგრევები, რაც 2008 წლამდე ხდებოდა. ანუ, მანამდე, როდესაც 5 იანვარს, ავტომობილზე 5 ნომრიანი სტიკერით მირტყმულმა ივანიშვილმა ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა. მას ეს ყველაფერი ახლა იმიტომ კი არ გაახსენდა, რომ მას ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების გამო მართლა გული სტკივა, არამედ ის ხალხის სახელით პირად ანგარიშებს ასწორებს. ეს შეცდომები სწორედ მაშინ არის დაშვებული, როცა ივანიშვილი ჩვენი აქტიური მხარდამჭერი და აქტიური მონაწილე იყო.

ივანიშვილს მერაბიშვილთან რა პირადი ანგარიშსწორება უნდა ჰქონდეს? ისეთ რამეს გულისხმობთ, რაც საზოგადოებისთვის უცნობია?

- ვანო ბიძინას პირადი ოპონენტია. რატომ არ ინტერესდებით იმით, თებერვლის შემდეგ, თუ რით წაიწია გამოძიებამ წინ და რატომ გახდა აუცილებელი ვანოს წინასწარ პატიმრობაში აყვანა?!

სასამართლო პროცესზე, პროკურორებმა განაცხადეს, რომ მერაბიშვილი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაემუქრა და იქედან გამომდინარე, რომ თავიდან იყოს აცილებული მოწმეებზე ზეწოლა, მათ მერაბიშვილის დაკავების თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს...

- ვანოს არავისთვის არ დაურეკავს და ეს ყურით მოთრეული ბრალდებაა. სამწუხაროდ, სასამართლოზე პროკურატურამ თქვა, რომ ეს ინფორმაცია იყო „საიდუმლო“ და ამის მტკიცებულებები არ წარმოადგინა. მერაბიშვილს რეალურ ბრალს ვერ უყენებენ.

თუმცა, ბრალი უკვე დაუმძიმდა და შესაძლოა, გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე, ბრალეულობა კიდევ უფრო დაუმძიმდეს...

- როცა დაუმძიმებენ, მერე ისაუბრონ. ივანიშვილისთვის ძლიერი ოპოზიციური პარტიები სახიფათოა და მან აღმოაჩინა, რომ მისი ფულიც კი, სერიოზულ სახელმწიფოსთან არაფერს ნიშნავს, რის გამოც, პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას ცდილობს. ის ამას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ პოლიტიკური ძალების რეიტინგი ნულზე იქნება. ბიძინა ხელიდან შანს არ უშვებს, რომ კოალიცაში შემავალი ლიდერები არ დააკნინოს. სერიოზულ სახელმწიფოში მილიარდები გადამწყვეტი ვერ იქნება, ჩვენი ტიპის ქვეყანაში კი, რომელსაც ის ბოლოს ხალხს შესთავაზებს, მისი მილიარდები იმის უზრუნველყოფას მოახდენს, რომ ქვეყნის მომავალი მისმა უტამ და ბერამ ერთპიროვნულად გადაწყვიტონ.

ფაქტია, რომ გამოძიებას არ ენდობით, მაგრამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, კითხვები გაქვთ?

- როცა ამ საკითხზე კახი კალაძე ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, მაქვს. მან არ უნდა იცოდეს გამოძიება დამთავრდა თუ არა.

კახი კალაძე ხელისუფლების წარმომადგენელია და ინფორმაციებს თქვენს გუნდში არ ფლობდნენ?

- საუბარი იყო იმაზე, რომ გამოძიება დამთავრდა, მაგრამ თუ დასრულდა, ბრალი რატომ არ წაუყენეს?! ე.ი გამოძიება არ დამთავრებულა. ერთი გუნდისგან ამის გაცხადება პოლიტიკური შეკვეთების მიცემას ნიშნავს. პროკურატურა კი, გუნდის ნაწილი არ არის. სამწუხაროდ, პროკურატურა იყო, არის და კიდევ დიდ ხანს იქნება პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი.

რაც შეეხება თქვენს საპრეზიდენტო კანდიდატს, მერაბიშვილს კანდიდატად კვლავ განიხილავთ?

- პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, ვანოს მოსაზრებები გვაინტერესებს. ჩვენი პარტიის გუნდის გენერალურ მდივნად ვანო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთ მოსალოდნელ კანდიდატად განიხილება. თუმცა, შეიძლება გეგმებში ცვლილება შევიდეს და წინასწარ ვერაფერს ვიტყვით.

დაანონსებული დაკავებების პროცესის გაგრძელებას ელით?

- ივანიშვილის მხრიდან, სხვას არაფერს ველი. ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან საქართველომ თანამშრომლობა შეწყვიტოს. ამას კი, პრემიერი ევროპას დააბრალებს.

პრემიერის მიერ გადადგმული ერთი ნაბიჯი შეგიძლიათ დაასახელოთ, რითაც საქართველო ცივილიზებულ სამყაროს მოწყდა?

- წინა ხელისუფლების წარმომადენლების მიმართ „სამართლიანი აღდგენის“ პროცესი მიმდინარეობს, მაშინ როდესაც, ირგვლივ დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული. მასა და ბრბო თვითნებობს, ამას კი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვება. ცივილიზებულ სამყაროში აიათოლების ადგილი არ არის. ანუ, იქ, სადაც ბრბო ქუჩის წესებს ამკვიდრებს.