სააღდგომო სუფრის ყველაზე მთავარი ატრიბუტი - კვერცხი წელს ძლიან ძვირი ღირს. ამ ეტაპზე თბილისის სუპერმარკეტებში კვერცხის ფასი 45-55 თეთრის ფარგლებშია, ხოლო აგრარულ ბაზრებში 1 ცალი სოფლის კვერცხის ღირებულება მინიმუმ 60 თეთრია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები აღდგომისთვის ხარჯის გაწევას არ ერიდებიან, რეალიზაცია ამ მხრივაც კი შემცირდა.
ქართულ მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელი სანდრო სუბელიანის ინფორმაციით, წინასააღდგომოდ კვერცხის ფასი დაახლოებით 3 თეთრით გაიზარდა, სხვა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე კი ფასების ზრდა არ ფიქსირდება.
„დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ფასების მცირე მატება შეინიშნება, ვერ ვიტყვით, რომ ეს გამომდინარეობს რაიმე გარე ფაქტორებით, რადგან ჩვენ გასული კვირების და დღეების განმავლობაში გვესმოდა, რომ ფასების მატების საჭიროება არ დადგებოდა, თუმცა აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა. წინასააღდგომოდ კი გაიზარდა კვერცხის ფასი დაახლოებით 3 თეთრამდე, რაც მიგვაჩნია, რომ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. ბოლო პერიოდშიც ზოგადად ტრენდი მზარდი იყო. მომხმარებელი, ასე თუ ისე, ხარჯავს თანხას, მიუხედავად ფასების მატებისა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, დანახარჯის წილი მცირდება“, - განაცხადა სუბელიანმა.
სიტუაცია ბევრად განსხვავებულია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით როგორც ფასის, ასევე გაყიდვების მხრივ. კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, კვერცხის ფასი 70%-ით არის გაზრდილი, ხოლო რეალიზაციის მაჩვენებელში დაახლოებით 30%-იანი კლებაა.
„სააღდგომოდ კვერცხის გაყიდვის მაჩვენებელი დამოკიდებულია ფასზე და იმ პერიოდში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არასახარბიელოა. პანდემიამ ამ მხრივ ცუდი გავლენა მოახდინა. 2020-2021 წლებში შეზღუდვებიდან გამომდინარე, ცუდი რეალიზაცია იყო. წელს უკრაინაში მიმდინარე ომი არის დაბრკოლება, რის გამოც მოთხოვნა ნაკლებია. როცა ნორმალური პირობები იყო, სააღდგომო პერიოდში, 40 დღის განმავლობაში ბაზარზე 150 000 ყუთი გვეყიდებოდა, დაახლოებით 50 მილიონი კვერცხი. ასე იყო 2017 წლის ჩათვლით, საფასო ცვლილება ძირითადად ამ წლის მერე დაიწყო.
პანდემიამდელ პერიოდს რომ შევადაროთ, კვერცხი 70%-ით გაძვირდა, ხოლო გაყიდვამ 30%-ით იკლო. ჯერ არ ვიცით, აღდგომის დღესასწაულზე ჯამში რა რაოდენობის კვერცხი გაიყიდება. ზუსტი მონაცემი აპრილის ბოლოს ან მაისში გვეცოდინება“, - განუცხადა უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტს“.
წითელ კვერცხთან ერთად სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს სააღდგომო პასკა, რომლის ფასი წონაზეა დამოკიდებული. ყველაზე პატარა - 3,50 ლარი ღირს, მაქსიმალური ფასი კი, საშუალოდ, 18-20 ლარია.