საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების წინასწარი შეფასება და პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ევრაზიის კონტინენტზე კი, პირველ ადგილზე.
მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით, 2021-2027 წლებში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შორის, საქართველო მეშვიდე ადგილზეა. 2022 წელს GDP per capita (PPP) ხდება 18 593 დოლარზე მეტი, 2027 წლისთვის კი აჭარბებს 27 459 დოლარს. 2021 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (GDP PPP) მიხედვით ერთ სულზე აჭარბებს 16 906 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე. 2025 წლიდან საქართველოს GDP PPP ერთ სულზე აჭარბებს 25 497 დოლარს და უკვე უსწრებს ნატოს წევრ რდილოეთ მაკედონიასაც. საქართველოს მსყიდველუნარიანი მშპ (GDP PPP) ერთ სულზე 2021-2027 წლებში იზრდება საშუალოდ წლიურად 9.28%-ით და 2027 წელს აჭარბებს 27 459 დოლარს. რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო 2021-2027 წლებში ევროპაში პირველ ადგილზეა. პირველ ადგილზეა აგრეთვე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონშიც“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული პროგნოზის შეფასებისას, ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ წარმოდგენილ კვლევაში უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველს ხედავს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, მოცემული ციფრები გაორმაგდეს.
გიორგი ცუცქირიძე: სავალუტო ფონდი რომ პროგნოზებს გააკეთებს, ის ძალიან ბევრ ფაქტორს ეყრდნობა. ეს არის გაცვლითი პერიოდების ანალიზი, ის ეყრდნობა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ასევე ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებს. ეს პროგნოზი გაკეთებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე და ეყრდნობა ასევე ძალიან ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებსაც. აქედან გამომდინარე, ეს არის რეალობასთან აბსოლუტურად მიახლოვებული. უფრო მეტი ოპტიმისტური სცენარიც კი შეგვიძლია ვიხილოთ მომავალში. ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებლები, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნულ კვლევაში, ამ მონაცემებით, 2027 წელს ჩვენი ეკონომიკა ორმაგდება და იქნება 9194 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ამ წლის ბოლოს კი იქნება 5600 დოლარზე ცოტა მეტი, მაშინ როდესაც, ძალიან ბევრი ექსპერტი ამ ციფრებს ეჭვქვეშ აყენებდა. იგივე, 2025 წელს ჩვენ უკვე 7600 დოლარს გადავაჭარბებთ ერთ სულ მოსახლეზე და კავკასიის რეგიონში ჩვენ გავდივართ პირველ ადგილზე. ხოლო, თუ უფრო შორს წავალთ, უკვე 2030 წელს, გავალთ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში, რომელიც დაახლოებით 12500 დოლარზე ზევით არის.
უფრო მეტსაც გეტყვით, გაცილებით უფრო ობიექტური და ეკონომიკურად უფრო გამართლებული იქნება, ჩვენ რომ შევაფასოთ არა ამერიკულ დოლარში, არამედ, მშპ შევაფასოთ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რომელიც დოლართან შეფასებისგან განსხვავებით, მოიცავს გაცვლითი კურსის ეფექტსაც, და ასევე, ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის მიხედვით განსხვავებებსაც. აქედანაც რომ შევაფასოთ, ეს არ არის არც ოპტიმისტური და არც პესიმისტური სცენარი. თუ ჩვენ ავიღებთ ოპტიმისტურ სცენარს, ჩვენ შეგვიძლია უფრო მაღალი ზრდაც კი გვქონდეს. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, სავალუტო ფონდის მონაცემებით, ჩვენ გასულ წელს გვქონდა 7,5%-ანი ზრდის მაჩვენებელი. ანალოგიური იყო საქართველოს მთავრობის მიერ დადებული პროგნოზიც, მაგრამ ჩვენ ხომ ოპტიმისტურ პროგნოზზე გავედით, იმიტომ რომ ჩვენ დავამთავრეთ 10.5%-ანი ზრდით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, ჩვენ უფრო ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ მოვლენებს, რადგანაც ამის ბევრი ფაქტორი არსებობს. მნიშვნელოვანია ასევე ის სამთავრობო პროგრამები, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა, რამაც ეკონომიკურ აქტივობას უნდა შეუწყოს ხელი. მართალია, რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენზე გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ არც ისე ძლიერად. მართალია, რუსეთში ექსპორტი გაზრდილი არ არის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რეკორდულად არის გაზრდილი სხვა ბაზრებზე. დაახლოებით 17-ჯერ არის გაზრდილი ამერიკაში, ყაზახეთში, ჩინეთში, ასევე გაზრდილია რეგიონის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. ეს ფაქტორები პირდაპირ ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ანუ, ექსპორტის ასეთი მაღალი ზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პირველ კვარტალში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ერთ-ერთი ყველზე მაღალი იქნება მთელ ევროპაში და ზოგადად, რეგიონში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომის დაწყების შემდეგ, აზიური ტვირთების დიდი ნაწილი, რომელიც ე.წ. ტრანსციმბირული დერეფნით ხორციელდებოდა, გადმომისამართდება საქართველოს შუა დერეფანზე - იგივე ყაზახური ტვირთები. ასევე საპირისპირო მოძრაობის, იგივე აზიიდან, ინდოეთიდან თუ ჩინეთიდან, მატარებელი უკვე წამოვიდა, რომელიც ყაზახზეთის, თურქეთის და საქართველოს გავლით წავა ევროპაში.
რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზეც. იყო განცდა, რომ შეიქმნებოდა დეფიციტი გარკვეული პროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე, იმ შემთხვევაში, თუ ესკალაცია კიდევ გაგრძელდა, არის რაიმე საფრთხე იმისა, რომ ეკონომიკას საფრთხე შეექმნას, ვგულისხმობ ზემოთმოყვანილ ციფრებს, რამდენად იმოქმედებს გარე ფაქტორები?
- ეს უარყოფითი გავლენა მარტში გამოჩნდებოდა, იანვარ-თებერვლის მონაცემზე კი ნაკლებად აისახა, რადგან რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში თებერვლის ბოლოს დაიწყო. მარტში უკვე შეგვიძლია, შევაფასოთ ის, თუ როგორია ჩვენი ექსპორტის დინამიკა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან, როგორც საექსპორტო პროდუქციის გატანის, ასევე, იმპორტის თვალსაზრისითაც.
ძალიან საინტერესო სურათია ექსპორტზე, რასაც აჩვენებს მარტის მონაცემები: ომის ზეგავლენა ჩვენს ექსპორტზე მოსალოდნელი იყო. მაგალითად, რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 2,8%-ითაა გაზრდილი, უკრაინაში ზრდა, ფაქტობრივად, განულებულია. ეს ჩვენი ორი წამყვანი საექსპორტო ბაზარია, სადაც, ძირითადად, ჩვენი ღვინო, აგროპროდუქცია, მინერალური, ნატურალური წყლები გადიოდა. რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რომ შემცირდა, მაშინ მარტში ადგილობრივი ექსპორტი რამ გაზარდა? ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, დაახლოებით, - 39%. გაზარდა იმან, რომ ჩვენი ეკონომიკა ალტერნატიულ ბაზრებზე ძალიან სწრაფად გადაეწყო. შედარებისთვის რომ ავიღოთ, რუსეთში ექსპორტის მიზერული ზრდაა, რაც მოსალოდნელიც იყო, იგივე უკრაინაშიც, რადგან უკრაინის პორტები, ფაქტობრივად, ჩაკეტილია, ლოჯისტიკა გაჩერებულია. სარეკორდოდაა გაზრდილი ჩვენი პროდუქცია აშშ-სა და ჩინეთში, ექსპორტზე მაქვს საუბარი. ჩინეთში 100%-ზე მეტადაა გაზრდილი, ამერიკაში კიდევ უფრო მაღალია – 173%, ასევე, გაზრდილია შვეიცარიაში, ბულგარეთში, ევროკავშირის ქვეყნებში, რეგიონის ყველა ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. ზრდა მცირე არ არის, საშუალოდ 30-40%-ია.
ამით რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია?
- ეს აჩვენებს იმას, რომ, მიუხედავად ომის ნეგატიური ზეგავლენისა, ჩვენი საექსპორტო პროდუქცია შედარებით კონკურენტუნარიანია, რამაც საშუალება მოგვცა, ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეკონომიკის გადაწყობაც მოგვეხდინა. ეს, პირველ ყოვლისა, იმ სამთავრობო პროგრამების დამსახურებაა, რომელიც ბოლო წლებია ადგილობრივი ექსპორტის მხარდასაჭერად ხორციელდება. წმინდა ექსპორტი დაახლოებით 8%-ითაა გაზრდილი, რამაც სავაჭრო დეფიციტი ბოლო წლებში, პირველად ისტორიაში, 37%-მდე შეამცირა. 40%-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა. ეს ფაქტორი მაკროეკონომიკური წონასწორობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წმინდა ექსპორტის ზრდა, ანუ სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება ლარის კურსზე აისახება კიდეც. როცა საუბარია ლარის კურსის შედარებით გამყარებაზე, ეს ფაქტორიც მოქმედებს: უფრო მეტი ვალუტა შემოდის, ვიდრე გარეთ გადის.
სამომავლოდ რა პერსპექტივები გვაქვს, როგორ შეიძლება კიდევ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი ბაზრები რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის?
- არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, საექსპორტო ბაზრები მომავალში კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გავხადოთ. გეოგრაფიული თვალსაზრისით რომ ავიღოთ - მაგალითად, პერუ, სამხრეთ ამერიკის ქვეყანაა, სადაც ჩვენი ექსპორტის მოცულობა სარეკორდოდაა გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გეოგრაფიული არეალი, დივერსიფიკაცია ამ კუთხითაა საინტერესო, რომ ჩვენ ეკონომიკა გადავაწყვეთ არა მხოლოდ ევროპის ბაზრებისკენ, არამედ ჩინეთისკენ, ასევე ჩვენი პროდუქცია შესვლას იწყებს ისეთ გლობალურ ბაზარზე, როგორიც სამხრეთ ამერიკის ბაზარია. ძირითადად, დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ყველა იმ პროდუქციას, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზეა მოთხოვნადი. ეს ეხება ღვინოს, მინერალურ წყლებს, აგროპროდუქციას. მთავრობამ თვითკმარი ეკონომიკისკენ გადადგა ნაბიჯები, თვითკმარი ეკონომიკა ადგილობრივი მწარმოებლის სტიმულირებას გულისხმობს. მაგალითად, იგივე „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ , სოფლის მეურნეობების სპეციალური პროგრამები. ჩვენ შეგვიძლია, საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო გავაფართოვოთ და, ბუნებრივია, ბაზრების გეოგრაფიული არეალიც გავზარდოთ. შიშები, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზრები ჩაიკეტებოდა და სერიოზული პრობლემები გვექნებოდა, ფაქტობრივად, არ გამართლდა. ბუნებრივია, გარკვეულ შემოსავლებს დავკარგავთ, მაგრამ მთავრობის წინაშე მდგომი ამოცანა იყო, ეკონომიკის გადაწყობა მოეხდინა. მთავრობა ადგილობრივ ბიზნესს ეხმარება, რომ მათ ეკონომიკური აქტივობა არ დაკარგონ. ბიზნესი დიდი მარკეტინგული ხარჯების გამო, დამოუკიდებლად ალტერნატიულ ბაზრებზე ვერ შევა. მთავრობის როლი ისაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს, საექსპორტო ორიენტაციის დარგებს ტურისტული, საექსპორტო გამოფენებით შეუწყოს ხელი, რათა ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი.