ბიძინა, შენი ჯილა დეპოშია!

ბიძინა, შენი ჯილა დეპოშია!

„ბიძინა, შენი ჯილა დეპოშია!“ - ასეთი იყო ჩემი მეგობრის რეაქცია, ტელეეკრანიდან ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებას რომ ვისმენდით, საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო დასახელებასთან დაკავშირებით.

ვისაც ეს საკუთარი ყურით არ გაუგონია, ჩემს მიმართ ნდობა რომ არ გაუნელდეს, ხმალაძისეულ განმარტებას სრულად გავაცნობ: „კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს დაბადებით საქართველოს მოქალაქე და აქ სანახავია მაშინ, როცა სალომე დაიბადა, მისი მშობლებიდან ერთ-ერთი მაინც თუ იყო საქართველოს მოქალაქე. რადგან დაბადებით მოქალაქეობა სხვაგვარად არ განისაზღვრება ამ შემთხვევაში. ეს იქნება შესამოწმებელი ფორმალური მხარე“.

ახლა გავიხსენოთ, რას ამბობს კონსტიტუცია: „პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში“ (საქართველოს კონსტიტუცია, თავი მეოთხე, მუხლი 70, პუნქტი 2). - ეს არის და ეს!

მავანი იტყვის, დაბადებით მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჩანაწერი, ადრე რომ იყო ჩვენს ძირითად კანონში (ცვლილება ორნახევარი წლის წინ არის შესული), ეტყობა ეს ახსოვდაო. სწორედ ამაშია საქმე და სწორედ ამიტომაა „დეპოში“, რომ რაღაც-რაღაცეები ერთმანეთში ხშირად ერევა, ან არასწორად კითხულობს, ან იქ არ კითხულობს, სადაც უნდა წაიკითხოს. გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნები კარსაა მომდგარი, ორიოდე დღის წინ საკუთარი გუნდის კანდიდატი წარმოგვიდგინეს, თვითონაც კანდიდატად განიხილებოდა და ასეთ დროს რომ გეშლება, შეფასებისთვის მეტი რა კრიტერიუმია საჭირო? და რაც ყველაზე მთავარია - ვახტანგ ხმალაძის ძირითადი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ ამ საქმეში არაფერი არ უნდა ეშლებოდეს, ამისთვის ვუხდით ხელფასს.

უნდა გამოგიტყდეთ, „ოცნების“ ბოსტანში ქვების სროლა არ მანიჭებს დიდ სიამოვნებას, რადგან საკუთარი ბოსტანიცაა. ეს რომ გამონაკლისი შემთხვევა იყოს, მარჯვენას გეფიცებით, კალამს (კლავიატურას) არ შევაწუხებდი. მაგრამ, ვაი, რომ არ არის გამონაკლისი:

ყველას კარგად გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული დისკუსიები. პირველი განგაშის ზარი, ამ თემაზე, ჩემი მოკრძალებული სამრეკლოდან სწორედ მაშინ შემოვკარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტმა თითქმის ყველა ის შენიშვნა და წინადადება გაიზიარა, რასაც ავტორიტეტული კონსტიტუციონალისტები სთავაზობდნენ და რაც ჩემს წერილშიც (for.ge 05.02.2013), მწვავე შეფასებების თანხლებით, იყო ასახული.

აუცილებლად არ მიმაჩნია მითითებული პუბლიკაციიდან ვრცელი ციტატების მოტანა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ავტორის „კვალიფიკაციის“ კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად. უბრალოდ ვიტყვი, რომ ბატონმა ვახტანგმა დაკისრებულ მოვალეობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავი ვერ გაართვა. ლამის იყო, ქვეყნის გადარჩენის რანგში აყვანილი დოკუმენტის შინაარსი აბსოლუტურად არ პასუხობდა იმ ამოცანას, რაც კოალიციის ლიდერმა ავტორს განუსაზღვრა.

დარწმუნებული ვარ, ჩემს შეფასებას დაეთანხმება ყველა ის მკითხველი, ვინც თუნდაც თვალის ერთი გადავლებით ერთმანეთს შეადარებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და პარლამენტის მიერ მიღებულ საბოლოო ვარიანტს.