გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეები გამოძიებას ელის

გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეები გამოძიებას ელის

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა მისმა შვილმა, გიორგი ჭანტურიამ და „სახალხო პარტიამ”.

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის თქმით, ისინი მომხდარში ბრალს ქვეყნის მაშინდელ უმაღლეს ხელისუფლებას სდებენ. კერძოდ, ჯერ კიდევ ცოცხალი არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენების მიცემა. ამიტომ პროკურატურამ უნდა გამოიჩინოს სახელმწიფოებრივი მიდგომა, პოლიტიკური ნება და გამოიძიოს ეს საქმე.

როგორც ცნობილია, გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს საკუთარ სადარბაზოსთან მოკლეს. ავტომობილს, რომელშიც ჭანტურია იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს. ჭანტურიას მკვლელობისთვის თავის დროზე „მხედრიონელები“ გაასამართლეს, თუმცა დღემდე არსებობს რამდენიმე ვერსია, რომლის მიხედვითაც, ჭანტურიას მკვლელობის შემკვეთად და ორგანიზატორად სხვადასხვა პირები სახელდებიან, მათ შორის, - ედუარდ შევარდნაძე, იგორ გიორგაძე, შოთა კვირაია, ძმები რურუები და ა.შ.

აუცილებელია თუ არა, მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს ეროვნული მოძრაობის ლიდერების ერთი-მეორის მიყოლებით საეჭვო ვითარებაში დაღუპვის ფაქტები?! ამის შესახებ For.ge „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძესა და „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ხელმძღვანელს თამარ ჩხეიძეს ესაუბრა.

მამუკა გიორგაძე იხსენებს, რომ გია ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით თავის დროზე ფსევდო-გამოძიება ჩატარდა, რომელმაც გაითვალისწინა მაშინდელი კონიუნქუტურა და ეს საქმე, პრაქტიკულად არც გამოუძიებია. მთავარ კითხვებზეც არ გაცემულა პასუხი, თუ რა იყო მკვლელობის მოტივი, რატომ ებრძოდნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტიას საქართველოში, რომელიც პროდასავლურ, რელიგიურ, ეროვნულ პოზიციებზე იდგა. იმ დროინდელი გამოძიებისას დაფიქსირდა მრავალი პროცედურული დარღვევა, პირადად მამუკა გიორგაძე, როგორც პარტიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, არ დაკითხულა, არ დაკითხულა არც ედუარდ შევარდნაძე და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ამ საქმესთან შეხება ჰქონდათ.

მამუკა გიორგაძე დღესაც დარწმუნებულია, რომ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურის მკვლელობა დაინტერესებული პირების გარკვეულ წრეს ავლენს. კერძოდ, შევარდნაძის მხრიდან განხორციელდა საეჭვო ქმედებები, როცა გია ჭანტურიას დაღუპვიდან ორი კვირის თავზე იგორ გიორგაძეს რიგგარეშედ სამხედრო წოდება მიანიჭა. გარკვეულწილად, შევარდნაძე თვითონვე ურევდა სიტუაციას და უნდოდა, რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა ყოფილიყო.

„ჩვენ უშუალოდ შევარდნაძისკენ ვიშვერდით ხელს და ამის არგუმენტები გვქონდა. შევარდნაძე კი ცდილობდა, როგორმე სხვა მიმართულებით გადაეტანა დაძაბულობა და გამოეყენებინა ძველისძველი დაპირისპირებები იგორ გიორგაძესთან თუ სხვასთან. ამ საქმის გამოძიებას იმიტომ არ ვითხოვთ, რომ გია ჭანტურია ჩვენი პირადი მეგობარი იყო, ან მის ოჯახს სურს სიმართლის დადგენა, ეს უპირველესად ქვეყანას სჭირდება. თავიდან ბოლომდე დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ედუარდ შევარდნაძე მონაწილეობდა ამ საქმეში, ხოლო დანარჩენ სახელებსა და გვარებს სხვადასხვა დროს ასახელებდა ირინა სარიშვილი - ხან იგორ გიორგაძეს, ხან კვირაიას, ხან მარგიანს, ხან რურუას, ხან ჟვანიას. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შევარდნაძეზე ვსაუბრობდით, რადგან დანარჩენი მხოლოდ ტექნიკური საკითხია“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ედუარდ შევარდნაძე, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად, ამ საკითხის პოლიტიკურად გადამწყვეტი იყო. ამიტომ სხვა პიროვნებების მიმართ აქცენტი არ დასმულა, რადგან ეს იქნებოდა თვით გია ჭანტურიას შეურაცხყოფა და საქმის უფრო დაბალ რანგში გადაყვანა.

დღემდე მამუკა გიორგაძეს რაიმე კონკრეტული ხელშესახები არ აქვს, უშუალოდ ვინ იყო გარეული ჭანტურიას მკვლელობაში. თუმცა, ამბობს, რომ ამით შევარდნაძემ იხეირა, რომელმაც გაიმყარა პოზიციები, რასაც ჭანტურიას სიცოცხლის შემთხვევაში, ვერ მოახერხებდა და 1995 წლის საპრეზიდენტო არჩვნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იმ პერიოდში გია ჭანტურია და მისი პარტია ყველაზე ძლიერი იყო საქართველოში. პარლამენტში ყველაზე დიდი პარტიული ფრაქცია ჰყავდათ. ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნებში ეროვნულ-პროდასავლურ ძალად მუდამ მოიაზრებოდა გიორგი ჭანტურია, შევარდნაძე კი სწორედ ამაზე თამაშობდა.

„ის თამაშობდა ანტირუსულ, პროდასავლურ, ეროვნულ პოზიციებს და ამ საქმეში მისი უშუალო კონკურენტი იყო სწორედ გიორგი ჭანტურია. ჭანტურიას ველზე გამოდიოდა შევარდნაძე და გიორგი ჭანტურიას საპრეზიდენტო კანდიდატურის შემთხვევაში, შევარდნაძე ამ ფლანგიდან ხმებს ვერ წაიღებდა“, - აღნიშნავს მამუკა გიორგაძე.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, იგი მიიჩნევს, რომ, როგორც ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული, სასჯელი სიმკაცრეზე კი არ უნდა იყოს გათვლილი, არამედ გარდუვალობაზე. ამიტომ გარდუვალად უნდა აგოს პასუხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დანარჩენი უკვე - შევარდნაძის ასაკი და ჯანმრთელობა მეორე ხარისხოვანია.

ამასთან, სახალხო პარტიის თავმჯდომარე მოითხოვს, გამოძიებულ იქნას მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჭავჭავაძის საეჭვო ვითარებაში დაღუპვის ფაქტები. შესაძლოა, ცალკეულ მათგანთან განსხვავებული ხედვები ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს. მათი დაღუპვის შემდეგ კი ბუნებრივ განვითარებას ასცდა საქართველო.

„ვინ მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში? სააკაშვილს და ნაცმოძრაობის ტირანიას ხომ იმ პერიოდში გაეხნა გზა ხელისუფლებისკენ, როცა ეროვნული მოძრაობის შემდგომ პერიოდში ლიდერები და გამოკვეთილი ფიგურები ჩამოაცილეს პოლიტიკას? როგორც კი ეს ადამიანები მოიცილეს, აზრთა სხვადასხვაობა ჩაკვდა საქართველოში და ტირანია მივიღეთ. ელემენტარულად, ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა თუ მოკლეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ზვიად გამსახურდია გაწირეს და ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. თუნდაც ზურაბ ჭავჭავაძე ძალიან საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, თითქმის გამოვიდა მდგომარეობიდან და ამის შემდეგ გარდაიცავალა. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა იცოდეს თავისი უახლოესი წარსული“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.

თამარ ჩხეიძე კი მიიჩნევს, რომ, წესით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ საქმეებს უნდა იძიებდნენ. მისი ვარაუდითაც, შევარდნაძის ხელი ერია გია ჭანტურიას დაღუპვის საქმეში და შევარდნაძემ გამოიყენა მისი დაპირისპირება, ერთი მხრივ, მხედრიონთან და, მეორე მხრივ, გიორგაძესთან და იგი თავიდან მოიშორა.

მერაბ კოსტავასთან დაკავშირებითაც, თამარ ჩხეიძე აცხადებს, რომ სავარაუდო კვალი შევარდნაძისკენ მიდის. შესაძლოა, შევარდნაძე მერაბ კოსტავას დაღუპვის უშუალო ინიციატორი არ ყოფილა, მაგრამ კვალი უფრო მოსკოვისკენ უნდა მიდიოდეს და არა მარტო შევარდნაძისკენ. ამდენად, დაახლოებით ერთსა და იმავე ძალასთან გვაქვს საქმე.

თამარ ჩხეიძის აზრით, რაღაც ეტაპზე მერაბ კოსტავა ხელის შემშლელ ფიგურად იქცა იმ სცენარის განხორციელებისთვის, რაც დაგეგმილი იყო. სცენარი კი სწორედ ისე დაგეგმეს, რაც შემდგომში განხორციელდა - ქართული პოლიტიკის სრულიად არასწორი მიმართულებით წარმართვა, ჩვენი ერის კონფლიქტებში ჩათრევა, ქართული საზოგადოების შიგნით სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, პროცესების არარეალისტურად წარმართვა. ამას კი განსაკუთრებით ორი ადამიანი უშლიდა ხელს - მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე.

ამასთან, თამარ ჩხეიძე ფიქრობს, რომ რა ეტაპზეც ზვიად გამსახურდიამ მათ მიერ გათვალისწინებული სცენარისთვის საკუთარი თავი ამოწურა, ისიც მოკლეს.

მართალია, მერაბ კოსტავას დაღუპვასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე გამოძიების დონეზე არ არის გარკვეული, იმ ტრაგიკულ გზაზე საბურავი გამოვარდა თუ ხბომ გადაირბინა, მაგრამ თამარ ჩხეიძის თქმით, საამისო ფოტომასალაც არსებობს, რომ საეჭვო საგანი სწორედ შავი საბურავი იყო, რამაც ავარია გამოიწვია.

„სავსებით შეეძლოთ, სამუხრუჭე სისტემა ხელოვნურად გაეფუჭებინათ, რათა მანქანა ვერ შემეჩერებინა. მანამდე ჩვენ ქუთაისის ერთ-ერთ შენობაში ვიყავით შესულნი და იმ დროს ეს თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ. სხვათა შორის, მერაბი ელოდა მსგავს სცენარს იმპერიული ძალისგან, მუდმივად ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ მის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა, ნემსის გაკეთებასაც ამიტომ უწევდა წინააღმდეგობას. ლაპარაკის საშუალება აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც წინააღმდეგობას სწევდა. ზურაბ ჭავჭავაძეც თავისით არ დაიღუპა, ის უკვე გამოჯანმრთელების გზაზე იყო და სრულიად ხელოვნურად შეყარეს ჰეპატიტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სწორედ სისხლით გადადის“, - აცხადებს თამარ ჩხეიძე.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ფაქტს, თამარ ჩხეიძის აზრით, ეს საქმეც ბოლომდე არ გამოუძიებიათ. მართალია, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, მაგრამ მისი აზრით, ეს მკვლელობა იყო. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ესეც მკვლელობის ტოლფასად ჩაითვლება, რადგან გაწირეს ეს ადამიანი. მისი თქმით, თავისთავად, ეჭვის საფუძველი ყველა ადამიანის მიმართ არსებობს, ვისაც სიცოცხლის ბოლო პერიოდში ზვიად გამსახურდიასთან ჰქონდა შეხება.

თამარ ჩხეიძის აზრით, დრო ართულებს მსგავსი საქმეების გამოძიებას, მაგრამ შეუძლებელს არ ხდის. თუმცა იგი ეჭვობს, ახალ ხელისუფლებას აინტერესებდეს ამ საქმეების გამოძიება. მით უფრო, რომ არც წინამორბედ ხელისუფლებას სიმართლის დადგენის სურვილი არ ჰქონია. ამდენად, მისი აზრით, დღევანდელი სისტემაც უფრო პოლიტიკურ დევნაზეა კონცენტრირებული იმ ძალებთან, რომლებიც მათ ხელს უშლის, შევარდნაძე კი მათი მოწინააღმდეგე არ არის. ამიტომ შევარდნაძის საქმის გამოძიება ობიექტური ვერ იქნება.