ქართულ-ოსური დიალოგის აუცილებლობა

ქართულ-ოსური დიალოგის აუცილებლობა

შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ დიცთან და დვანთან პირობითი საზღვარი რამდენიმე მეტრითაა გადმოწეული. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა და უწყების წარმომადგენლის განცხადებით, რუსების მიერ საზღვრის გადმოწევის საკითხს ქართული მხარე საერთაშორისო შეხვედრებზე დააყენებს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა, კახა ქემოკლიძემ გააკეთა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს სოფელ დიცის ტერიტორიაზე მავთულხლართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვეების მხრიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციაა, რომ ეს არის უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან. ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე“, - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

ამ საკითხს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც გამოეხმაურა. მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ დიცში შემოწმებას და კონტროლს ახორციელებს.

„გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, პატრული ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა, რათა შემოწმდეს და გაკონტროლდეს ადგილზე მიმდინარე მოვლენები. საკითხი სავარაუდოდ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 31 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. შეხვედრა ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით განხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების გავლება დღეს პირველად არ მომხდარა. ანალოგიური პრობლემა შიდა ქართლში დაახლოებით ორი თვის წინაც შეიქმნა, როდესაც რუსმა „მესაზღვრეებმა“ სოფელ ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დვანში მავთულხლართები გაავლეს. ადგილობრივი მოსახლეობა მაშინ შეშფოთებას გამოხატავდა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდა. ადგილობრივები ჩივიან, რომ ამ მავთულხლართებთან მიახლოებისაც კი ეშინიათ, რადგან ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში დაადანაშაულონ და დააკავონ. ამ დროს კი მავთულხლართების გავლება მათ სახნავ-სათესებზე ხდება და ამ მიწებზე მოსახელობას შესვლის უფლება არ აქვს.

ამასთანავე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. რუსი „მესაზღვრეები“ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გააქტიურდნენ. ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი ქმედებები ან ახალი მმართველი გუნდის დისკრედიტაციის, ან რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებული დიალოგის ჩაშლისკენ არის მიმართული.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენები დაკავშირებულია იმასთან, რომ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებსაც რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებული დიალოგი არ აწყობთ და ძალიან ეშინიათ იმის, რომ შესაძლოა ეს დიალოგი ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგის გააქტიურებით დასრულდეს. ამას თავისთავად მოჰყვება ნდობის აღდგენა, სასაზღვრო რეჟიმის შემსუბუქება, რაც აშინებს ამ ძალებს და ამიტომ პრევენციულ ზომებს მიმართავენ, რათა საზღვარზე იმდენად იყოს ვითარება დაძაბული, რომ ადამიანური კონტაქტები შეუძლებელი გახდეს.

„სოხუმშიც და ცხინვალშიც არიან ძალები, რომლებიც იმდენად კარგად გრძნობენ თავს ამ დაპირისპირების და კონფლიქტის პირობებში, რომ როგორც ჩანს, თავიანთ კეთილდღეობას ამ სიტუაციაზე ამყარებენ. ამიტომ მათ არ აწყობთ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს და პროცესები დარეგულირებისკენ წავიდეს“, - აღნიშნავს გოგი ხუციშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, უნდა დაიწყოს დიალოგი. ექსპერტის აზრით, საქართველომ რომ ხელი ჩაიქნიოს და მოლაპარაკებები არ აწარმოოს, ის პერსპექტივაც დაიკარგება, რაც დღეს არსებობს.

„ჩემი აბსოლუტურად გააზრებული პოზიციაა, რომ უნდა გაგრძელდეს ქართულ-ოსური დიალოგი და საბოლოოდ, ეს დიალოგი პოზიტიურად იმოქმედებს ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ჩვენ ახლა უნდა გავიაროთ ყველაზე მტკივნეული ფაზა. კერძოდ, დაძლეული უნდა იქნეს იმ ძალების პოზიცია, რომლებსაც კონფლიქტური ვითარება აწყობთ, რათა საღმა აზრმა გაიმარჯვოს და საერთო პერსპექტივებზე და საერთო ინტერესებზე დაყრდნობით რაიმე სახის აქტივობები დაიწყოს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

მისი თქმით, საერთო ინტერესები აუცილებლად იარსებებს და აღნიშნავს, რომ სამართლებრივ ჭრილში რაიმე სახის ქმედებები უფრო შორეული პერსპექტივაა, მაგრამ მანამდე უნდა გააქტიურდეს ვაჭრობა, ადამიანური ურთიერთობები, უნდა შემსუბუქდეს ადინისტრაციული საზღვრის რეჟიმი და ამაში რუსეთი ხელს არ უნდა გვიშლიდეს. მისი თქმით, რუსეთშიც არიან ძალები, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებულ დიალოგს ხელს უშლიან და როგორც ჩანს, მათი ძალისხმევის შედეგია, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გავლება ხდება.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ეს არ არის გააქტიურება, რადგან რუსი „მესაზღვრეების“ ამგვარი ქმედებები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ეს პროცესი (ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახნავ-სათესი მიწების ჩამოჭრა) 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, თუმცა ახლა რუსების ქმედებები მხოლოდ მავთულხლართების შემოვლებით არ შემოიფარგლა.

„ინფორმაცია, რომელიც სოფელ დიციდან მივიღე ასეთია, რომ იქ როგორც ჩანს, სასაზღვრო ინფრასტრუქტურული ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს. ჯერჯერობით მხოლოდ საძირკველია გაკეთებული და ამიტომ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, პირველი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ უნდა მოიმოქმედოს არის ის, რომ 31 მაისს სოფელ დვანში დაგეგმილ პრევენციის კომისიის სხდომაზე ეს საკითხი ძალიან მწვავედ უნდა დააყენოს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ყოველი ასეთი ფაქტის შესახებ ქართული მხარე მოლაპარაკებების პროცესში აყენებს ამ საკითხს, საერთაშორისო თანამეგობრობაც აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ხან შედეგიანია ეს რეაგირება და ხან - არა. მამუკა არეშიძის თქმით, გუგუთიანთკარის შემთხვევაში ამ ჩარევას შედეგი ჰქონდა, სხვა შემხვევაში კი არა. ამიტომ არეშიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ამ ფორმატში არ გადაწყდება და საჭიროა ქართულ-ოსური მოლაპარაკებები. ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსები სტრატეგიულად მომგებიან პოზიციებს იკავებენ და სწორედ იქ ავლებენ საზღვარს.

რა უნდა დაუპირისპიროს ხელისუფლებამ ოკუპანტის ამგვარ ქმედებას და რას უკავშირდება მათი ასეთი გააქტიურება, ამ კითხვებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, კონფლიქტოლოგ გია ვოლსკის მივმართეთ. იგი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო და რომ არა წინა ხელისუფლების შეცდომები, ეს პრობლემები არ იქნებოდა ისევე, როგორც არ იქნებოდა ოკუპაცია. დეპუტატის თქმით, საჭიროა რუსეთთან დიალოგის გაგრძელება, რათა თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, მივიდეთ პოლიტიკური მოლაპარაკების დონეზე, სადაც უკვე პოლიტიკური თემები იქნება განხილული.

„უნდა დავიწყოთ ეკონომიკური თემებიდან და ნდობის აღდგენიდან და მივიდეთ პოლიტიკურ მოლაპარაკებამდე. მეორე ვარიანტია, ჩავკეტოთ ყოველგვარი მოლაპარაკება, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობდა, მაგრამ ვფიქრობ, ასე გაჩერებაში არაფერი დევს. რაც შეეხება რუსების გააქტიურებას, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ფაქტები (თუნდაც საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივების დაკავებები) ახალი ხელისუფლების მოსვლამდეც არ იყო მცირე ოდენობით, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმის რაღაც ეტაპზე საოკუპაციო ძალებმა საზღვრები დაფიქსირება დაიწყეს“, - ამბობს გია ვოლსკი.

მისი თქმით, ამით ოკუპანტებმა დაიწყეს პრეტენზიის არა მხოლოდ ზეპირად გამოთქმა, არამედ უკვე კონკრეტული ქმედებებით იმის დაფიქსირება, თუ რა ტერიტორიას ფლობენ ისინი და რა ტერიტორიებს აღიარებენ დამოუკიდებლად. დეპუტატის განმარტებით, ეს ძალიან ცუდი მოცემულობაა და ამიტომ, გია ვოლსკი ამბობს, რომ აპირებს, ხვალ გორის რაიონში ჩავიდეს და უფრო დეტალურად გაეცნოს ვითარებას. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ამ საკითხებში აუცილებელია.

„რუსები თავს იმართლებენ იმით, თითქოს მავთულხლართების გავლება და საზღვრების დაფიქსირება იმიტომ ხდება, რომ ადგილობრივებმა იცოდნენ, სად გადის საზღვარი და სადამდე შეუძლიათ მისვლა. ეს არის რუსების არგუმენტი, მაგრამ ცხადია, ეს არგუმენტი ჩვენთვის მიუღებელია. რაც მთავარია, მხოლოდ რიტორიკული განცხადებები ვერ გვიშველის, საჭიროა ქართულ-ოსური მოლაპარაკებები, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რისი რესურსიც ამ ეტაპზე გაგვაჩნია“, - ამბობს დეპუტატი.