მთავრობა ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროექტებს იწყებს. ბიუჯეტი ჯერ გაწერილი არ არის, თუმცა, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2.5-3 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და 3 წელიწადში დასრულდეს. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუმცა კრიტიკული აზრი ჯერ არავის გამოუთქვამს.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, აშენდება „პოლიციის ქალაქი“, დევნილებისთვის - საცხოვრებელი სახლები, სკოლები და ბაღები, განხორციელდება მელიორაციისა და წყალმომარაგების, თავდაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებული სამშენებლო პროექტები, კულტურულ-სპორტული პროგრამები (სპორტული მოედნების, მუზეუმების რეაბილიტაცია).
„პროგრამის განხორციელებით 20 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, მიიზიდონ ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ და, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ეკონომიკას დაეხმარება. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412. პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქი აიგება.
მთავრობა მასშტაბურ პროექტს იწყებს დევნილების ბინებით უზრუნველყოფის მიმართულებითაც.
„13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით, 6 ათას დევნილს, გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის“ ფარგლებში, 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც, მაქსიმუმ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
აშკარაა, რომ მთავრობამ სამშენებლო სფეროს მიმართულებით მუშაობა გააძლიერა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექტორს არაერთხელ დაეხმარნენ პანდემიის პერიოდშიც. დარგის სპეციალისტები მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებენ.
როგორც კომპანია „ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი ამბობს, სხვადასხვა ღონისძიებით შესაძლებელი გახდა კრიზისის აცილება, რომელს სექტორს რეალურად ემუქრებოდა და ომიდან გამომდინარე, გარკვეული რისკები დღესაც არსებობს.
„მთავრობის დახმარებების გარეშე, სავარაუდოდ, დიდი კრიზისი გველოდა. პანდემიამ, შემდეგში უკვე ომმა, სამშენებლო ბიზნესში ვითარება დაამძიმა. დარგს სტიმულირება სჭირდება, რომ მალე გამოვიდეს მდგომარეობიდან. მცირე წახალისებაც კი ბიზნესს ათმაგად წაადგება და კარგია, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები იდგმება.
მნიშვნელოვან პროექტად მიმაჩნია ასევე სამშენებლო განვადება, რაც საშუალებას იძლევა მოკლე პერიოდშივე მოხდეს თანხების საქართველოს ეკონომიკაში ჩაშვება. ამ მხრივ აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა არჩილ ჯაყელმა.
ცოტათი განსხვავებული შეხედულება აქვს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი როსტომაშვილს. მისი აზრით, ეს არა დეველოპერებს, არამედ სამშენებლო ორგანიზაციებს ეხება.
„ეს ეხება სუფთა სამშენებელო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაკვეთას და ასრულებენ ხელშეკრულებით. მენაშენეები ვაშენებთ ჩვენი ინიციატივით, ვახდენთ ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებას და მერე ვეძებთ მყიდველს. ამ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ბინათმშენებელობაზე მოხდა საუბარი, სახელმწიფოს შესაძლოა, რამე შევთავაზოთ. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, თორემ რაც შეეხება სკოლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ამას სუფთა სამშენებელო ორგანიზაციები ახორციელებენ.
იდეაში, ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ თუ ეს თანხები გაწერილია ბიუჯეტში (და სახელმწიფო საბიუჯეტო გარანტი იქნება), არის საშუალება, რომ სამშენებლო ორგანიზაციას ჰქონდეს წვდომა, თანხები მოიზიდოს და ზურგს გაუმაგრებს საბიუჯეტო გარანტია. თუმცა, აქაც რაღაც შეკითხვები არის. არაინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ვთქვათ, სხვა ობიექტებზე მსგავსი გარანტიის შემთხვევაში ცოტა გაუგებარია, რა ვალუტაში მოხდება გარანტიის გაცემა. როგორც წესი, ამ თანხის მოზიდვა მაინც უნდა მოხდეს უცხოეთიდან. შესაბამისად, ეს საკითხი რამდენად რეალური იქნება, ანუ უცხოელ ინვესტორთან საუბარი ლარში, ამასაც დაზუსტება უნდა“, - განაცხადა როსტომაშვილმა გადაცემა „საქმეში“.
ახალი პროგრამის დაწყება პრემიერმა ჯერ კიდევ 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა ერთდროულად იქნება ახალი უძრავი ქონების მშენებლობის დამკვეთი და იმავდროულად - სამშენებლო სექტორისთვის სესხების გარანტორი. მშენებლობის დაფინანსება სწორედ სამშენებლო კომპანიების მიერ მოზიდული საბანკო სესხებით მოხდება.