რატომ დაუპირისპირდა გიგი თევზაძე ძმებ მაჭავარიანებს?

რატომ დაუპირისპირდა გიგი თევზაძე ძმებ მაჭავარიანებს?

"ალიას" ესაუბრება ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ გაგნიძე:

- ამ დღეებში აღმაშფოთებელი იყო ის ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ინსტიტუტის სამეცნიერო კომისიის ექსპედიცია გაემართა დარიალის ხეობაში. მერე გადმოსცეს, მყინვარწვერზეც ავიდნენ ვერტმფრენითო. ხოდა, იქ ამ სამეცნიერო ჯგუფმა, ჩემი აზრით, დიდი სიყალბე მოგვახვია თავს, როცა განაცხადა, ეს მოვლენა არავითარ შემთხვევაში არ არის ჰიდროჰესების ბრალიო, ეს არისო ბუნებრივი პროცესიო. ამ დროს ყველამ ვიცით, რომ ბუნებრივ პროცესში ჩართულობა იწვევს ბუნებრივი პროცესების ცვლილებას, ანუ, როცა ადამიანს შეაქვს ბუნებრივ პროცესებში ხელოვნური ცვლილება, უნდა გაითვალისწინოს ბუნების მდგომარეობაც. ეს უწყება ადრე სეისმოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი იყო, სადაც გიგი თევზაძემ გააუქმა ყველაფერი, ხელფასები მოუხსნა ხალხს და ამჟამად შეერთებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან განყოფილების სახით. ახლა დასჭირდა და, ალბათ, იძულებულები იყვნენ, ამაზე წასულიყვნენ. მე მათი კარგად მესმის, რადგანაც მომხდარი მათთვისაც ტრაგედია იყო, მაგრამ გამართლებით არ ვამართლებ, არ უნდა ეთქვათ! რადგანაც ასეთი მიმტევებლობით ხელს ვუწყობთ თევზაძისნაირების გაბატონებას.

ამით თქვენმა ყოფილმა რექტორმა რას მიაღწია? რა, "ოცნებას" აუწია კუდი?

- რა და, თევზაძის ამ ქმედებაში აშკარად ჩანდა ის, რასაც ის სულ აცხადებს აკადემიური საბჭოს სხდომებზე, რომ საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რათა ამ ეტაპზე არ გააღიზიანოს ხელისუფლება, შეინარჩუნონ პოსტები და დარჩეს ილიაუნი პოლიტიზებულ უნივერსიტეტად. მას არ უნდა, რომ აქ იყოს სამეცნიერო დაწესებულება და ამას არც მალავს. ანუ, ამ ქმედებით თევზაძე შეეცადა, გარკვეული მაქინაციებით მოაჩვენოს თავი ხელისუფლებას, რომ თითქოს ის არ არის საშიში "ოცნებისთვის", პირიქით, შეიძლება, ხელისუფლებას გამოადგეს კიდეც. მაგრამ ეს ქმედება, ფაქტობრივად, ძალიან თხელი ძაფით შეკერილი საქმე იყო, რომელიც უნდა გარღვეულიყო, მაგრამ მაინც ხომ გააკეთა? ამით თავისი დადებითი განზრახვა ხომ გააგებინა ხელისუფლებას? ახლა, თან რომ არ გადაჰყვება ამათ, ეს ცხადია, რადგანაც მაგათ კი არა, სააკაშვილსაც არ გადაჰყვა, მაგრამ რაღაცას ცდილობს.

გიგი უნივერსიტეტში და მის გარეთაც აკეთებდა განცხადებებს, რომ პრეზიდენტი სწორად არ იქცევა, რომ თურმე 26 მაისს არც ფიცი არ უნდა დადებულიყო, არც შეკრება არ უნდა ყოფილიყო, მარტო სამხედრო შეიარაღება უნდა ყოფილიყო რუსთაველზეო. მოკლედ, ეს მარგველაშვილი ხომ აღიზიანებს და საბოლოოდაც გადაუდგა მას.

მახსენდება, როცა ძალიან გაუჭირდა სააკაშვილს, ეს ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომ ერთი იმის თქმა აკლდა, აი, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტიო, ამას და ამას ასე გავაკეთებდიო. ანუ, უკვე იწუნებდა რექტორობას, თუმცა თავისი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პრეზიდენტი ნამდვილად იყო, თან პრეზიდენტ-დიქტატორი. მოკლედ, მარგველაშვილს ხომ ვერ იტანს და ახლა ძმები მაჭავარიანები ამოიჩემა, რადგანაც თვლის, რომ ისინი ახალ პრეზიდენტს ხელს უწყობენ და რჩევებს აწვდიანო.

ნეტა, რა რჩევებს აწვდიან, ერთი მაგათი სახეირო რჩევა ჩვენც დაგვისახელოს.

- ნუ, ეს თვლის, რომ მაჭავარიანების გავლენა დიდია მარგველაშვილზე, რომელიც, გიგის აზრით, "ჟივოი ტრუპია" და, რომ მაჭავარიანები მას აცოცხლებენ, თორემ აქამდე საერთოდ, ეგ მარგველაშვილი სასახლიდან გამოსატანი იქნებოდაო. მოკლედ, ვერა და ვერ ინელებს მარგველაშვილის პრეზიდენტობას.

გავრცელებული იყო ხმა იმის შესახებ, რომ მამა-შვილს, ანუ, გიგი და გურამ თევზაძეებს შორის შავმა კატამ გაირბინაო და, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია? როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში?

- ეგ ურთიერთობები შენიღბულია, ერთი მომენტი მართლაც საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, როცა ისე წარმოადგინეს, რომ მათ შორის კონფლიქტი იყო, რომ შვილი არ უჯერებს მამას და ასე შემდეგ, მაგრამ, რომ ჩავღრმავდი საკითხში, დავრწმუნდი, რომ ეს იყო მოჩვენებითი სურათი.

და სინამდვილეში რა ხდება?

- საზოგადოებას ამ სურათით აჩვენებდნენ, რომ თითქოს ერთ მხარეს ერთი იყო და მეორე მხარეს მეორე, ანუ, თევზაძე უფროსი ვითომ შევარდნაძის მხარეს იჭერდა და შვილი კი - მიშას მხარეს, სინამდვილეში ესენი ერთი გუნდია. მაგათ შორის რეალური უთანხმოება შეუძლებლად მიმაჩნია. ფაქტობრივად, თევზაძეებს მიზანი ერთი აქვთ, რაც თავის დროზე ვერ შეძლო გურამ თევზაძემ, იმას შვილის ხელით აკეთებს. გურამი ვერ გახდა წელს აკადემიის პრეზიდენტი, პირიქით, იქ ვიცე-პრეზიდენტობაც დაკარგა და აქაც ხერხია: ამ ბოლო დროს ამბობენ, შვილმა აკადემიაც უნდა შეიერთოსო, და თუ ეს ნამდვილად მოხდა, მამამისს გადაიყვანს აკადემიის პრეზიდენტად.

კი, მაგრამ ეს პოსტი არჩევითი არ არის?

- მოახერხებს, რა, მოერიდება თუ რაა? ამიტომ ველოდებით, რომ მამას დააწინაურებს ისევ. ჩვენთან რომ კონკურსები იმართებოდა, მამამისი რექტორს მოჰყავდა და ამ კონკურსებში აღებინებდა მონაწილეობას და ამარჯვებინებდა.

ამას დაადასტურებს თქვენთან ვინმე?

- რას ჰქვია? სულ ფაქტებით გელაპარაკებით, მე ვარ პირადად ამის მომსწრე, ერთ-ერთ კონკურსში მეც "წამომატენა" მამამისი, წამოიყვანა ჯავახიშვილიდან და დამისვა კონკურენტად და ამით ძალიან უხერხული მდგომარეობა შექმნა: ბატონი გურამი მე მიკითხავდა თავის დროზე ლექციებს და ამან ჩემი მასწავლებელი დამიყენა კონკურენტად. ამ ბოლო დროს კი მამამისი ილიაუნში ემერიტუსად დანიშნა და ხელფასს ისე იღებს გურამ თევზაძე, თუ უნდა სულ ნუ მოვა, - ემერიტუსობისას ეს გათვალისწინებულია. ასეთი რამ სხვაგან სად გაგონილა, მაგრამ სააკაშვილის დროს გიგი თევზაძეს მთავრობა სახურავად ჰყავდა და გასდიოდა. მე მამა-შვილს სხვა თვალით ვუყურებ: რაც გურამს უარყოფითები ჰქონდა, სულ მალავდა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი შვილში გამოვლინდა.

რას გულისხმობთ?

- კოლეგების დაუნდობლობა! მათ, ფაქტობრივად, გააუქმეს ფილოსოფიის ინსტიტუტი და ცნობილი მეცნიერები გარეთ დატოვეს, თვითონ კი თბილად არიან. თავად გიგი ვითომ რექტორობიდან გადადგა, მაგრამ იმდენი სამსახურები აქვს უნივერსიტეტში, ვინ მოთვლის: რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია, ესა, ისა, ამ დროს მამა-შვილმა კოლეგები მიატოვეს და ძველები ქუჩაში უხელფასოდ გადაყარეს, მთელი თაობა! მათ ადგილას კი სულ სხვა სპეციალობის ხალხი მოიყვანეს: ოღონდ ხარისხი გქონოდა და ზოგი გეოლოგი ფილოსოფიაში გადაიყვანეს, აი, ასე. მაგრამ მე მაშინ ძალიან გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ამის გამო საზოგადოება არ აღშფოთდა. უბრალოდ, ზიზღი გაუჩნდათ მამა-შვილის მიმართ, მაგრამ სახალხო აღშფოთება არ მომხდარა. არ ვიღლები მხილებით. მოკლედ, რითაც დავიწყე, იმით დავასრულებ: ის მეცნიერები დარიალის ხეობაში შემეცოდნენ კიდევ იმიტომ, რომ ამ ფეოდალს ხელში ჰყავს ჩაგდებული და როგორც უნდა, ისე ათამაშებს და რასაც უნდა ამ ხალხს იმას ათქმევინებს. მეცნიერებმა როგორ უნდა თქვან ის, რისიც არ სწამთ? მაგრამ ასეა იქ საქმე დაყენებული.