რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას სულ უფრო მეტი ქვეყანა თანხმდება. ასეთი მოცემულობა ჯერჯერობით საქართველოს წინაშე არ დამდგარა, მაგრამ სამომავლოდ გამორიცხული არაფერია. მით უფრო, რომ სომხეთმა უკვე თანხმობა განაცხადა, რომ ამიერიდან რუსული ბუნებრივი აირის საფასურს რუბლში გადაიხდის.
გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაგან კერობიანმა უკვე დაადასტურა. ამასთან, „გაზპრომის“ წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმაც აღნიშნა, რომ ერევანთან დადებული ხელშეკრულება რამდენიმე წელია იძლევა საშუალებას გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ და ეს შესაძლებლობა სომხეთის მხრიდან გამოყენებულია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება ბუნებრივი აირის საფასურის რუსული ვალუტით სავალდებულო გადახდების შესახებ მხოლოდ „არამეგობრულ ქვეყნებს“ ეხებოდათ, რომლებსაც სომხეთი არ მიეკუთვნება. თუმცა რუსეთის პოზიციას ბევრი სხვა ქვეყანაც თახმდება და მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც - უნგრეთი და სლოვაკეთი. აზიის ქვეყნები კი მოსკოვთან ურთიერთობას საკუთარი ვალუტების ანგარიშსწორებით აპირებენ და ამას გამოცხადებული სანქციები ვერაფერს დააკლებს.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს აზერბაიჯანიდან იღებს, თუმცა უკანასკნელ წლებში რუსული გაზის შესყიდვამაც მოიმატა. თუკი 2020 წელს საქართველომ 37 მილიონი დოლარის რუსული გაზი შეიძინა და ეს იმპორტის 12% იყო, 2021 წელს რუსული გაზის შესყიდვები 70.8 მილიონ დოლარამდე, ანუ იმპორტის 22%-მდე გაიზარდა.
2022 წლის პირველ ორ თვეში კი საქართველომ 116 მილიონის ბუნებრივი აირი შეიძინა, საიდანაც 99 მილიონი დოლარი - აზერბაიჯანული, 17 მილიონი კი - რუსული იყო.
საინტერესოა როგორ ახერხებს საქართველო სანქცირებულ ქვეყანასთან ანგარიშსორებას? როგორც ირკვევა, საქართველოს რუსული მხარისგან ჯერ არ მიუღია მოთხოვნა, რომ ბუნებრივი აირის შესყიდვის კონტრაქტის ვალუტად რუბლი დაფიქსირდეს.
ჩვენი ქვეყანა რუსულ ბუნებრივ აირს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან იღებს. აღნიშნული მილსადენი წლიურად 2.2-2.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს და ის სომხეთის გაზმომარაგების მთავარი არხია. ადრე გატარებული გაზის სანაცვლოდ საქართველო პირდაპირ გაზს იტოვებდა, მაგრამ ეს მოცემულობა ბოლო წლებში შეიცვალა. ახლა ტრანზიტისთვის რუსული მხარე ფულს იხდის და შემდეგ საჭირო ბუნებრივ აირს იმავე ქვეყნიდან საქართველო ყიდულობს.
ამასობაში ირკვევა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზის საფასურის რუბლებში გადატანის შესახებ შესაძლოა, გაუქმდეს. ეს ინფორმაცია არ გამორიცხა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მან მიანიშნა, რომ შესაძლებელია, გაზის გადახდა დოლარსა და ევროში დაბრუნდეს, მაგრამ ახლა რუბლის გადახდა ყველაზე სანდო ვარიანტია. ასევე, კრემლის სპიკერმა თქვა, რომ რუბლებზე გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში მიწოდება დაუყოვნებლივ შეწყდება.
გერმანიის მთავრობამ კი, რუსეთისგან გარანტიები მიიღო, რომ ევროპას რუსული გაზის მიწოდების სანაცვლოდ რუბლის გადახდა არ მოუწევს.
ადგილოპრივი პრესა გერმანიის კანცლერის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ ევროპულ კომპანიებს ევროთი გადახდის გაგრძელება შეუძლიათ.
გადახდის მექანიზმი კი ასეთია: თანხა ჯერ „გაზპრომბანკში“ გადაირიცხება, შემდეგ კი რუსეთში - რუბლებში. „გაზპრომბანკი“, ამ დროისთვის, სანქცირებული არ არის.