რუსეთს უკრაინაში შეჭრა ეკონომიკურად ძვირი დაუჯდება, ქვეყანა დეფოლტის პირასაა. თუმცა, მისი ეკონომიკურად განადგურება სხვა სახელმწფიოებისთვისაც დიდი დარტყმა იქნება, მით უფრო მათთვის, რომლებიც მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაში იმყოფებიან ამ ქვეყანასთან.
ამჟამინდელი სანქციების არსებული პაკეტიც კი რუსეთის ეკონომიკის მინიმუმ 10%-იანი კლებისთვის უკვე საკმარისია, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა იქნება, თუმცა შეიძლება რეცესიის ტემპმა იმ მასშტაბს მიაღწიოს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ამისთვის კი ეკონომიკის 14.6%-ით შემცირებაა საჭირო.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტრო 10-15% ვარდნას ელის. მსოფლიო ბანკის ოფიციალური პროგნოზი კი 11.2%-იანი რეცესიაა. აგრესორი ქვეყანა ჯერჯერობით რუბლის ხელოვნურად დაჭერას ახერხებს, მაგრამ იმავეს ფასებს ვერ უხერხებს. მიმდინარე წელს 24%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში რუსეთს საკუთარი რეკორდის მოხსნა ცოტა გაუჭირდება, რადგან 1999 წელს 86%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, 1993 წელს კი 874%-იანი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში, მიყოლებით, 1996 წლის ჩათვლით, რუსეთის ეკონომიკა ვარდნას განიცდიდა. 1997 წელს 1.4%-იან ზრდას მომდევნო წელს დეფოლტი და 5.3%-იანი კლება მოჰყვა, რაც აზიიდან წამოსული ეკონომიკური კრიზისითა და ნავთობზე ფასების ვარდნით იყო გამოწვეული.
1999-2008 წლებში რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა, იმდენად, რომ 2009 წელს დაფიქსირებულ უფრო დიდ 7.8%-იან ვარდნას 1998-ის მსგავსი პრობლემები აღარ გამოუწვევია.
საერთაშორისო სააგენტო „სტანდარტ ენდ ფურს გლობალის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 12 აპრილს რუსეთმა საგარეო ვალზე ნაწლობრივი დეფოლტი განიცადა. ეს გავლენას იქინოებს არა მარტო საკუთრივ ოკუპანტს ქვეყანაზე, არამედ მასთან სავაჭრო ურთიერთობით მჭიდროდ დაკავშირებულ სახელმწიფოებზეც.
რუსეთის შესაძლო დეფოლტის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი ალექსანდრე თვალჭრელიძე აფასებს.
„რუსეთმა უკვე ვერ გადაიხადა საგარეო ვალი, ანუ ის უკვე დეფოლტის წინაშეა. ეს პროცესი თუ გაგრძელდა, რუბლის კონვერტაცია შეწყდება და ხის ვალუტად გადაიქცევა. რუსეთთან ისედაც შემცირებულია ვაჭრობა, ერთადერთი მნიშვნელოვან ასახვა იქნება გზავნილების კუთხით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მთავარი პარტნიორი. მთავარი პარტნიორი თურქეთია. დაახლოებით იქნება ის მდგომარეობა, რაც პირველი ღვინის ემბარგოს დროს იყო, მაგრამ ბიზნესი მერე ადვილად გადაეწყო.
ვერაფერს კატასტრიფულს ვერ ვხედავ, შეიძლება მძიმე დღეები იყოს, მაგრამ არაფერი ტრაგიკული. არც ისეთი საშიშია მგელი, როგორც თავს გვაჩვენებს. გასაგებია, რომ ფქვილი გაძვირდება, თუ პირდაპირი მეზობლისგან არ შემოვიტანთ, მაგრამ ვიპოვით ბაზრებს, ფქვილზეც და სხვა ყველაფერზეც. წიწიბურას შემოვიტანთ ინდოეთიდან. არაერთი ქვეყანაა, საიდანაც ხორბალს შემოვიტანთ და საერთოდ, იმედია, არსებული რეალობა წაგვადგება, რომ დასკვნები გამოვიტანოთ.
12 მლნ ვიყავით დავით აღმაშენებლის დროს და გარანტიას გაძლევთ, საკვები პროდუქტის იმპორტი არ ხდებოდა. თვითკმარი ქვეყანაა და ხალხი უნდა გაინძრეს, რომ პროდუქტი საკმარისი იყოს და ვიყიდოთ-გავყიდოთზე არ ვიყოთ დამოკიდებული. რეგიონში ომი, რა თქმა უნდა, რთული გამოწვევაა, მაგრამ არა დაუძლეველი“, - განუცხადა თვალჭრელიძემ „ბიზნესპრესნიუსს“.
რუსეთის ეკონომიკამ რომ ჩაძირვა უკვე დაიწყო, ამაზე აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებიც საუბრობენ. როგორც ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის სატრანსპორტო სისტემამ ორმაგი დარტყმა მიიღო: „მკაცრ დისკრიმინაციას დაექვემდებარა ყველა საერთაშორისო გადაზიდვა, ასევე სწრაფად მოხდა ტვირთნაკადების გადამისამართება სხვა მარშრუტებზე“.
ეკონომისტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ რუსეთი შეეცდება გამოსავალი გამონახოს. რაც შეეხება საქართველოს, საპანიკო და საგანგაშო არაფერია და ქვეყანას არ გაუჭირდება გადაწყობა.
„2006 წლიდან 2013 წლამდე საქართველო იყო რუსული ემბარგოს ქვეშ. იყო დრო, როდესაც რუსეთთან საერთოდ არაფერი გვაკავშირებდა - არც საქონლის და არც ხალხის მიმოსვლა. ამ დროს, განხორციელდა რეფორმები, რომელიც მსოფლიო ბანკმა საუკეთესოდ აღიარა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ საპანიკო და საგანგაშო არაფერი არ არის. ძალიან მარტივად, თავისუფალი ბაზრის მქონე ქვეყანას არ გაუჭირდება გადაწყობა. მესმის, რომ იქნება დანახარჯები, მაგრამ ამას დიდ პრობლემად ვერ მივიჩნევ. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყანა, მას უკვე გაკვალული აქვს გზა“, - აღნიშნა შეშელიძემ.