მთავრობაში ამტკიცებენ, რომ საქართველოში ტურიზმი იზრდება და ქვეყნისაკენ ვიზიტორები მოიჩქარიან, ამის დასტურად კი სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებენ. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ასეთ რეალობას არ ეთანხმებიან და პირდაპირ ამბობენ, რომ საქათველოში დასვენება შესაძლო რისკის გამო, თითქმის აღარავის უნდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ამტკიცებს, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის კოეფიციენტი 48.5%-ს შეადგენს.
„2019 წელთან მიმართებით, 2022 წლის მარტში, ტურისტების რაოდენობის აღდგენამ 48% შეადგინა, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. ეს არის იმ მრავალი აქტივობის შედეგი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებისათვის განვახორციელეთ. სრული სურათი რომ დავინახოთ, იანვარი-მარტის პერიოდში აღდგენის დინამიკა ტურისტების რაოდენობის კუთხით 52%-ს აღწევს, რაც ძალიან იმედის მომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
მას მხარს უბამს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილიც, რომელმაც ტურიზმის აღდგენის მანიშნებელ პირობად ავიარეისების სიხშირის ზრდა დაასახელა. მისი მონაცემებით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული სექტორის მხარდაჭერას, რისი მაგალითიცაა საქართველოს მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიას, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს შეღავათი, რომელიც ჩვენ სექტორთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ, ხელს შეუწყობს დარგის აღდგენის პროცესს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ასეთი თითქოსდა დადებითი სტატისტიკის ფონზე, ტურისტულ კომპანიებში მარტს ყველაზე ცუდ პერიოდად მიიჩნევენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათი აზრით, ტურისტულ მაჩვენებლებში თვაშისაცემი მატება ომის შემდეგ რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების ნაკადმა გამოიწვია. ამ დროს ისინი ტურისტებად საერთოდ არ ითვლებიან. აღნიშნული ქვეყნებიდან მოქალაქეების ის ნაწილი ჩამოვიდა, ვინც სანქციებს გამოექცა. ზოგს არ სურდა, ომში გაეწვიათ, ზოგი - საკუთარი ბიზნესის გადარჩენა ცდილობდა და ა.შ.
„რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულ მოქალაქეებს ტურისტები ნამდვილად არ ეთქმით. ისინი საკმაოდ დიდი ხნით ჩამოვიდნენ საქართველოში და ცდილობენ აქ მოიკიდონ ფეხი. ამ მიზნით ყიდულობენ უძრავ ქონებასაც, რის გამოც მოიმატა როგორც გაყიდვების, ასევე ბინის დაქირავების მაჩვენებელმა. ათასობით ადამიანია ჩამოსული, დიდი ხნით სასტუმროებში ვერ გაჩერდებიან, ამიტომ ეძებენ სახლებს, სადაც იცხოვრებენ. მათ ტურისტების რანგში ვერ განვიხილავთ.
ცხადია, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში დასასვენებლად არავინ ჩამოვა, ყველა ხედავს ომის რისკს, რუსეთისგან არაფერს გამორიცხავენ. ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოლოდინი გამართლდეს, თუმცა ტურისტების განწყობა უკვე აშკარად შეიცვალა. სლავური წარმოშობის ადამიანების გარდა, დღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს თითქმის ვერსად შეხვდებით“, - განაცხადა ტურისტული კომპანიაა „ინვენიო თრეველის დირექტორმა ნატალია კლიმიაშვილმა.
საყურადღებოა, რომ ტურიზმის სფეროში აღდგენის ტემპს ამცირებს „გალტ ენდ თაგარტიც“. საქართველოში მოქმედი გავლენიანი საინვესტიო ბანკი ამას უშუალოდ რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებას უკავშირებს. წლის დასაწყისში კომპანიაში ვვარაუდობდნენ, რომ 2022 წელს 2019 წელთან შედარებით, ტურიზმი 85%-ით აღდგებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით აღდგენის მაჩვენებელი 75%-ს ვეღარ გადააჭარბებს.
“2022 წელს ჩვენ ველით, რომ საქართველოში ტურიზმიდან შემოსავალი 75%-მდე აღდგება 2019 წელთან შედარებით თუ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება, ხოლო 60%-ით აღდგენაა ნავარაუდევი, გაფართოებული კონფლიქტის სცენარის შემთხვევაში“, - აღნიშნავენ „გალტ ენდ თაგარტში“.
სხვათა შორის, რუსეთ-უკრაინის ომი რომ მალე არ დასრულდება, ეს უკვე არაერთი დიდი სახელმწიფოს გავლენიანმა ჩინოვნიკმა და თვით ნატოს გენერალურმა მდივანმაც დაადასტურა.