გაძვირების ტალღა ხორცპროდუქტებსაც წამოეწია

გაძვირების ტალღა ხორცპროდუქტებსაც წამოეწია

ქვეყნაში ხორცის გაძვირება დაიწყება, ამის მიზეზი კი ომი და ლოგისტიკაში მომხდარი ცვლილებებია. თუკი საქონლის ხორცზე ფასის ზრდა, სეზონურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ცოტათი გადაიდოს, მეფრინველეობის პროდუქტებზე ფასების დაბალანსება ვერაფრით მოხერხდება.

პრობლემები იმდენად მასშტაბურია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ქათმის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი ფერმები იხურება როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში. კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის ინფორმაციით, საკვებ ნედლაულზე ფასები ომის გამო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რისი ასახვა ნაწილობრივ უკვე მოხდა, გაძვირების მომდევნო ტალღა კი, სავარაუდოდოდ, აღდგომის შემდეგ დაიწყება.

„კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ პორტები რაც აქვს უკრაინას, ყველა დაბლოკილია და მიწოდება არ ხდება. რუსეთში სანქციებია, ეს დიდ გავლენას ახდენს ქათმის პროდუქციის წარმოებაზე.

ყველაზე დიდი პრობლემა მაინც გაურკვევლობაა, არ ვიცით, რა იქნება ამ თვის ბოლოს, წლის ბოლოს, ეს ძლიერი ფაქტორია ფასის წარმოქმნაში. ფაქტობრივად, ეს იწვევს იმას, რომ ბევრი მწარმოებელი გაჩერდა, მათ შორის უკრაინაში, რუსეთში, თურქეთშიც რამდენიმე დიდი კომპანია, აზერბაიჯანში მძიმე სიტუაციაა. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ ინფლაციური პროცესები საკმაოდ მაღალია, ეს სრულ გაურკვევლობას ქმნის.

დღეს არის აპრილი, მე ვერ გეტყვით წლის ბოლოს სად და როგორ ვიქნები. შეიძლება თუ არა საწარმო გაჩერდეს? გეტყვით - კი, იმიტომ რომ შეიძლება ფასები ისე გაიზარდოს, რომ წარმოებული პროდუქციის მყიდველი აღარავინ იყოს.

მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ გაძვირება ხდება იმიტომ, რომ მწარმოებელი უნდა დაეწიოს ხორბლისა და სიმინდის ფასების ზრდას. ჩვენც მოგვიწევს ცვლილება. ეს იქნება ალბათ აღდგომის შემდეგ. თუმცა თუ საომარი მოქმედებები დამთავრდება და პორტებზე ბლოკადა მოიხსნება, უფრო გაირკვევა სიტუაცია. თუ ვერ შევიძინეთ მზესუმზირა, ხორბალი - შეიძლება გავჩერდეთ“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ვაშაკიძემ.

პრობლემები მხოლოდ მეფრინველეობით არ შემოიფარგლება. ბევრი გაძვირებული პროდუქტის კვალდაკვალ, საქონლისა და ღორის ხორცის ფასიც მოიმატებს. ამის მიზეზი საკვები ნედლეულის გაძვირებაა, რაც რეგიონში მიმდინარე ომსა და ლოგისტიკაში მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ცხოველთა საკვები ჯერ კიდევ პანდემიურ პერიოდში 60%-ით იყო გაძვირებული და უშუალოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო დამატებით 25-30%-ით გაძვირდა, რაც პირუტყვის შენახვის ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდის.

„გლობალურ ბაზრებსა და საქართველოშიც გაძვირების ტენდენციაა, ფასები ყველა პროდუქტზე მატულობს და განსაკუთრებით მარცვლეულ კულტურებზე. ცხოველთა კვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი - სოიოს შროტი (გრანულირებული, გამდიდრებული საკვები) უკრაინიდან შემოდიოდა, მზესუმზირის შროტი - რუსეთიდან, ორივე მიმართულებით იმპორტში პრობლემა გვაქვს და ალტერნატიულ ბაზრად ამ მხრივ არგენტინა მიიჩნევა, საიდანაც იმპორტის ახალ პარტიას ველოდებით. ცხადია, ალტერნატივა არის, მაგრამ პროდუქტი შემოვა სხვა ფასად, რაც ხარჯს კიდევ უფრო გაზრდის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხორცის ფასი ყველა ვარიანტში მოიმატებს. გაზაფხულის სეზონია და ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ბალანსს, მაგრამ ფასის სრულად დაჭერა მაინც გაჭირდება.

ვერ გეტყვით, რამდენით გაძვირდება ხორცი, მაგრამ ცვლილება გარდაუვალია. საკვებ ნედლეულზე ფასი პანდემიის დროს 60%-ით იყო მომატებული და ამ მხრივ გავლენა უკრაინაში მიმდინარე ომმაც მოახდინა, დამატებით 25-30%-ით გაძვირდა. ამდენად, ფიზიკურად შეუძლებელია, ხორცის ღირებულება დღევანდელ ნიშნულზე დარჩეს. კონკრეტულად რამდენით მოიმატებს ფასი, ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ტენდენცია კი მალე დაიწყება“, - განაცხადა გონაშვილმა.