ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტზე ევროპისგან პირველი რეაქციები უკვე გამოჩნდა, ევროკომისრების, ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს ზომიერ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის „სამძიმრის წერილი“ მოჰყვა.
ვილფრედ მარტენსი ღრმა შეშფოთებასა და გაკვირვებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, კახეთის ამჟამინდელი რწმუნებულის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გამო.
მარტენსის განცხადება პარტიის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ეს დაკავებები ძალიან სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რამეთუ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატია. ოპოზიციის დანაწევრებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. ასე რომ, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეაფასებს მთელ საარჩევნო პროცესს. რა თქმა უნდა, მაქვს მოლლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილისა და სხვა დაკავებულთა ძირითადი უფლებები სრულად იქნება გარანტირებული ქვეყანაში, რომელსაც სურს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს შეუერთდეს. მოვუწოდებ ევროკომისიისა და სხვა ევროპული ინტუტუციების ყველა შესაბამის ხელმძღვანელობას, მჭიდროდ დააკვირდეს და საფუძვლიანად შეაფასოს სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, „ევროპის სახალხო პარტია“ იგივეს გააკეთებს“, - ნათქვამია მარტენსის წერილში.
„ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობა გასაკვირი არ არის. დიდი ხანია, ევროპარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ადვოკატირებას“ უწევს და არავის ახსენდება მის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები „ნაციონალური მოძრაობის“ მისამასრთით, როდესაც ისინი მთელი 9 წლის განმავლობაში, უხეშად არღვევდნენ დემოკრატიულ პრინციპებს.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დღეს მარტენსმა ამ წერილით საქართველოს ომი გამოუცხადა.
რამაზ საყვარელიძე: „ეს წერილი უდავოდ სერიოზულია, მაგრამ არა იმდენად, რომ ძალიან შევშფოთდეთ, რადგან დასავლეთშიც, ეს პარტია მიუხედავად თავისი სიდიდისა, ძალიან სერიოზულადაც არ აღიქმება. შეიძლება ითქვას, რომ მარტენსმა ომი გამოუცხადა დღევანდელ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას, რადგან ეს ხელისუფლება მოსახლეობის არჩეული ხელისუფლებაა და თუ ომია, მაშინ ალბათ, ის ომის კანონების მიხედვით უნდა წარმოებდეს.
ასეთ შემთხვევაში, გასარკვევი ექნება საქართველოს ხელისუფლებას, რატომ არის ასე ძალიან დაინტერესებული მარტენსი, რატომ ხელმძღვანელობს ის ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროთი და რამდენად არის სამართლიანი ამ პოლიტიკური ფიგურის მსჯელობები - ხომ არ არის იქ რაიმე ისეთი ინტერესი, რომელიც ჩირქს სცხებს დასავლურ დემოკრატიას“.
რაც შეეხება თავად წერილის შინაარსს, ცოტა უცნაურია, მარტენსი საუბრობს იმაზე, რომ დასავლეთს მოსთხოვს საერთაშორისო მინიტორინგის ჩატარებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლების მოთხოვნით საქართველოში უკვე ხორციელდება სასამართლო სისტემის საერთაშორისო მონიტორინგი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე ფიქრობს, რომ როგორც ჩანს, მარტენსი საქმის კურსში არ არის, იმის შესახებ, რომ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი საქართველოში კარგახანია, შექმნილია.
ვიქტორ დოლიძე: „ბატონი ჰამერბერგი ადგილზეა და მონიტორინგს უწევს სასამართლო რეფორმის საკითხებს, საქართველოში იმყოფება ასევე, ეუთოს ჯგუფი, რომელიც სასამართლოს მონიტორინგს აწარმოებს. ასე რომ, ეუთოცა და ევროკავშირიც უკვე ადგილზე არიან. ამაზე ღია და ტრანსფარენტული სისტემა, მგონი, ევროპაშიც არ გამოუყენებიათ.
რაც შეეხება მარტინესის განცხადებებს, ძალზე სამწუხაროა, მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „სახალხო პარტიის“ წევრია, მაგრამ ჩვენ, როგორც ქვეყანას, ევროკავშირთან გვაქვს ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ აქვს ადგილი“.
სამაგიეროდ, მარტენსს დღევანდელი ქართული სასამართლოს იმედი აქვს, თუმცა ხელისუფლების არ სჯერა:
„ასევე ვიმედოვნებ, რომ მოსამართლეები შეძლებენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, მუდმივი საჯარო ბრალდებები და „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელთა მიერ დაშანტაჟებები, ასევე ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოტყდა - არსებობს კავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებსა და ოპოზიციის მიერ გამოხატული კრიტიკის დონეს შორის, - მაიძულებს ვირწმუნო, რომ ეს დაკავებები მხოლოდ ახალი ეტაპია ხელისუფლების ამბიციისა, ჩამოიშოროს ოპოზიცია. თუ ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდება, ამან შესაძლოა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პროცესის გამყინვარება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის წერილში.
ეს მუქარაა თუ არა „სახალხო პარტიის“ ლიდერის მხრიდან, ძნელი სათქმელია, მაგრამ აშკარად ემთხვევა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის პოზიციას. დარჩიაშვილი მოელის, რომ დასავლეთისგან კიდევ უფრო მწვავე რეაქციები წამოვა.
დავით დარჩიაშვილი: „ევროპაში მარტენსის განცხადებებს ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ივანიშვილის განცხადებებს და შესაბამისად, ეს არის ძალზე სერიოზული სიგნალები და კიდევ უფრო მძაფრდება, იმიტომ, რომ როდესაც ამდენი დაჭერები მიმდინარეობს, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა და სწორედ ეს არის ის შემაფერხებელი მომენტი, რის გამოც საქართველოს ევროინტეგრაციას ექმნება პრობლემა“.
ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ძალიან მალე საქართველოს წარმომადგენლობას ევროპელ დეპუტატებთან უშუალოდ შეხვედრისა და მსჯელობის საშუალებაც მიეცემათ და დასავლეთის პოზიციის გარკვევასაც უკეთ შეძლებენ.
„27-29 მაისს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე გვექნება მათთან შეხვედრისა და ყველაფერზე საუბრის საშუალება. კანონის უზენაესობა არის უპირველესი საკითხი როგორც ევროპელებისთვის, ასევე ჩვენთვის და სამწუხაროა რომ ასეთი განცხადებები კეთდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი გაიგებენ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მისივე შეფასებით, თუკი პოლიტიკურად მართლაც მოტივირებული იქნება, თუკი ქვეყანა არ მიდის სწორ გზაზე, არ იცავს ევროკავშირის პრინციპებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაციას საფრთხე დაემუქრება, მაგრამ ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში რაიმე მსგავსთან არ გვაქვს საქმე.
„მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული რომ არ არის, ამაზე კითხვები არ გაჩნდება. ამას სჭირდება შესაბამისი მასალის მოძიება და წარდგენა სასამართლო პროცესზე. სასამართლო ჯერ ბოლომდე დამოუკიდებელი არ არის, რაკი მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვეს, როგორც ჩანს, არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძვლები“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
გამართლდება თუ არა ნაციონალთა პროგნოზები და უფრო მწვავე კრიტიკა წამოვა თუ არა დასავლეთისგან, ასე თუ ისე პროგნოზირებადია. ვიქტორ დოლიძის განცხადებით ეს არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც მთლიანად „სახალხო პარტიის“ პოზიცია.
„არაერთხელ შევხვედრივარ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ევროპარლამენტში, მათ შორის - მარტენესსაც და მათაც ვინც ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს. არის ხალხი, რომლების რადიკალურად განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ „სახალხო პარტიის“ ფარგლებში ყოფნას და ეს ნამდვილად არ არის არც მთლიანად „სახალხო პარტიის“ და არც ევროპარლამენტის პოზიცია. რასთან გვაქვს რეალურად საქმე ჩვენ უკვე ვნახეთ. ამიტომ, ჩვენ, ხელისუფლება უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალური ფაქტობრივი მასალა დავდოთ. ვფიქრობ, როდესაც მინიტორინგის ჯგუფიც დადებს პირველად დასკვნას, მასშიც აისახება ყველაფერი და დაწმუნებული ვარ ადეკვატური შეფასებები გაკეთდება“,- აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
ცხადია, ხელისუფლებასაც გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რა ტიპის შენიშვნები და განცხადებები წამოვა დასავლეთისგან იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება პასუხგაუცემელ კითხვებს დატოვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს ნელი ტემპით სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომ საზოგადოებაში წლების განმავლობაში დალექილი ეჭვები მაღალჩინოსანთა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებულიყო.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ შეფასებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, საუბარია მხოლოდ სამართლებრივ შეფასებაზე
„ერთი გრამიც რომ იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაში, მსოფლიო ამას არ გვაპატიებს, მე სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ, მთლიანად ვენდობი პროკურატურას. პროკურატურა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ასეთი რანგის პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომ არ ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც, სადაც მთავარი პროკურორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ საკითხზე, რითაც დაინტერესებული იყო დიპლომატიური კორპუსი.
ამის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ევროპის „სახალხო პარტიას“ ეჭვები პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ მაინც რჩებათ. როგორც დავით დარჩიაშვილი აცხადებს, ეჭვები დაკავებისთანავე გაჩნდა.
„როდესაც ქვეყნის აღშენებელს აკავებ მარტო იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ეს დაკვეთა შენ თვითონ შექმენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, თანაც საბაბად რომელიღაც (დასაქმების) პროგრამაში არსებულ ხარვეზებს იყენებ, ეს ძალზე საგანგაშოა ევროპისთვის, ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებები წაუყენეს ტიმოშჩენკოს, მაგრამ მისდამი დამოკიდებულებამ გააჩერა უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან“,- აცხადებს დარჩიაშვილი.
დარჩიაშვილი ვარაუდობს, დასავლეთის რეაქცია უფრო გამწვავდება და ზოგადად, ახალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი ძირითადი ბრალდება სწორედ პოლიტიკური დევნაა-ხოლმე.
ნიშნავს თუ არა რამეს „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ ის, რომ ჰამერბერგი და სხვა უფლებადამცველები ლუპით ადევნებენ თვალს ქართულ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, ძნელი სათქმელია. თუმცა რამაზ საყვარელიძე იმედოვნებს, რომ დასავლეთისთვის სწორედ ეს იქნება დასაყრდენი და არა რომელიმე პოლიტიკოსის პოზიცია. ასეთი იმედების მიუხედავად კი გვახსოვს დასავლეთის რეაქციები პირველი მაღალჩინოსნის დაკავებაზე და ისიც, როგორ აღმოჩნდა საქართველო თავის მართლების რეჟიმში ბაჩო ახალაიას დაპატიმრებისას.
„ჰამერბერგი ძალზე საიმედო ფიგურაა დასავლეთისთვის და მის მიერ გაკეთებული შეფასება იქნება ის საყრდენი, რაზეც დასავლეთი აიღებს ორიენტაციას. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დაკავებაზე რეაქციას, მაშინ სიტუაცია სხვანაირი იყო. მაშინ საქართველო ითხოვდა, თუ არ გვენდობით, დამკვირვებლები გამოაგზავნეთო. ამას საქართველო ყოველთვის გაიმეორებს, „სახალხო პარტია“ ამ შემთხვევაში მუქარის ტონს ტყუილად იყენებს, ეს, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებშია, რომ დასავლეთი დარწმუნდეს, იმ პირთა რეალურ სახეში, რათა დასავლეთს გაუქრეს ეჭვები და სწორად შეაფასოს თავისი პოლიტიკური ფიგურები, ვგულისხმობ „სახალხო პარტიას“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორი იქნება შემდგომი რეაქციები, სავარაუდოდ მოგვიანებით გამოითქმის, მას შემდეგ რაც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. რამაზ საყვარელიძეს ნაკლებად ჰგონია, რომ რეაქციები მწვავე იყოს, მისივე შეფასებით: „ჯერ დაკავება მოხდა, როგორი იქნება სასამართლოს მსვლელობა, ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი რეაქციები“.