ახალი სახეები ძველ ანტურაჟში

ახალი სახეები ძველ ანტურაჟში

ადგილობრივი არჩევნების მოახლოების კვალობაზე, მწვავდება სჯა-ბაასი პარტიათა საარჩევნო სიების შესახებ. პოლიტიკურმა  ორგანიზაციებმა „დამრტყმელი ჯგუფები“ მოამზადეს და აშკარად გააფთრებული ბრძოლისთვის ემზადებიან.

 არ არის გამორიცხული, ეს ბრძოლა ხელჩართულ შეტაკებებში გადაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური პაექრობით, საეჭვოა, საქმე ამოიწუროს.

იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ პოლიტიკური ჯგუფები 2 ივნისის არჩევნებს, თუნდაც საარჩევნო სიებში ახალი ფიგურებისა და სახეების მომრავლება მეტყველებს. მერედა რა სახეების, რა სახელებისა და მოღვაწეების!

როგორც ჩანს, ჩვენი „ზეპური საზოგადოება“ არა და არ კარგავს ინტერესს პოლიტიკისადმი. მით უმეტეს, რომ ჩვენში პოლიტიკა და მასკარადი ხშირად ერთი და იგივეა. სხვა რა უნდა მსახიობსა და რეჟისორს, თუ არა ლამაზ სანახაობაში მონაწილეობა?

პოლიტიკური ლიდერები ამ არჩევნებზე სწორედ ხსენებული პრობლემის მიმართ დამოკიდებულებით გაიყვნენ. პარტიათა ერთი ნაწილი ხაზგასმით ცივად ეკიდება „ცნობილ სახეთა“ მოწვევას. ოღონდ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს იმდენად „პრინციპულობით“ არ არის გამოწვეული, რამდენადაც „ელიტაში“ გავლენისა და პოპულარობის დაკარგვით.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგალითად, „უცნობი“ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას უჭერდა მხარს. დღეს ამგვარი რამ გამორიცხულია, ვინაიდან გიორგი გაჩეჩილაძე „ახლების“ სახეა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტი შეძლება სწორედ „ახლებმა“ გამოამჟღავნეს. ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ სურთ „საზოგადოებრივი ელიტის“ ინტერესთა გამომხატველის იმიჯის მოპოვება. ეს გარკვეული სტრატეგიაა და იგი ნამდვილად არ შეიცვლება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

„ახლების“ სიაში მოხვდნენ, აგრეთვე, ბიძინა გეგიძე და ნონა გაფრინდაშვილი. საეჭვოა, მათ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე უფრო მეტად თბილისის საბჭოს წევრობაზე გადადონ თავი. ისევე, როგორც „ახლების“ სიის ზოგიერთმა სხვა წევრმა, მაგალითად, მაია დათუნაშვილმა, ანუ „თბილისის საბჭო“ პოლიტიკური რეალობის დაფიქსირების საშუალება ხდება, რასაც ცოტა თუ აქვს საერთო კონკრეტულად ქალაქის პრობლემებთან. თუ „ახლები“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებენ, საბჭოს თავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე გახდება და იგი (პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით) ამ პოსტს გაცილებით უკეთ გამოიყენებს, ვიდრე ამჟამინდელი „სპიკერი“ ლადო კახაძე, რომელსაც მისმა ყოფილმა „პარტიულმა უფროსმაძ“ შალვა ნათელაშვილმა „მოქალაქეთა კავშირის“ შტატიანი თამადობა დასდო ბრალად.

„ახლების“ სიაში გვხვდებიან, აგრეთვე, ყოფილი „საქალაქო ნომენკლატურის“ აქტივისტები და მუშაკები – ეს გასაგებია და ბუნებრივიც.

ძალზე ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჟვანიას მიერ ხელმოწერილ ორივე სიაშიც („ქრისტიან-კონსერვატიული პარტიისა“ და „მოქალაქეთა კავშირის“) ფიგურირებენ „ელიტარული ინტელიგენციის“ წარმომადგენლები. მათ შორის ისეთებიც კი, რომელთაც ერთმანეთთან არცთუ იდეალური და სიამტკბილური ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, პირველ სიას სათავეში ელდარ შენგელაია უდგას (თუმცა, ყველასთვის ნათელია, რომ იგი პარლამენტს არ მიატოვებს), ხოლო მეორეს - რეზო ჩხეიძე. ზურაბ ჟვანია რთულ მდგომარეობაში არ მიატოვა მომღერალმა დათო ხუჯაძემ, რაც ახალგაზრდობის დიდი ნაწილის ხმათა მოზიდვას ნიშნავს.

გოგი თოფაძე პირადად ჩაუდგა სათავეში სიას და არ არის გამორიცხული, საბჭოს თავმჯდომარება მასაც უნდოდეს – თუ უმრავლესობის მოგროვება მოხერხდა, რასაკვირველია.

„ახლების“ ტაქტიკას იყენებს „ნაციონალური მოძრაობაც“, თუმცა, ნაკლები წარმატებით.

შალვა ნათელაშვილს პარტიაში „ცნობილი სახეები“ არ ჰყავს, მაგრამ გარკვეული ქულა ჩაიწერა (ამ თვალსაზრისით) თათია ხაინდრავას გამოჩენით ყრილობაზე. „თამაშგარე“ ადგომარეობაში არიან „სახალხო-ტრადიციონალისტები“ და „ეროვნულ-დემოკრატები“. მათი სიებიც, ძირითადად, „პროფესიონალი პოლიტიკოსების“ გარშემო ფორმირდება. არადა, თბილისელი ამომრჩეველი ამ ჯიშის „პროფესიონალიზმით“ გადაიქანცა.