ბიზნესმენი თემურ ჭყონია აფხაზეთში „კოკა-კოლას“ შეტანის გზებზე საუბრობს. იგი სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და შეთანხმებას აპირებს. მისი ინფორმაციით, რუსეთს აფხაზეთში „კოკა-კოლა“ კონტრაბანდული წესით შეჰქონდა, ამიტომ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა იყოს მორგებული და ეს საქმიანობა ლეგალური გახდეს. რეალურად კი ბიზნესმენის ავანტიურისტულ იდეას აღსრულება თითქმის არ უწერია. საქმე ისაა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, კანონის მე-6 მუხლით აკრძალულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური სამეწარმეო ან არასამეწარმეო საქმიანობა.
ჭყონია კი მაინც გზების ძიებაშია და აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთანაც აპირებს საუბარს.
„ძალიან დიდ კომპანიებს, როგორიცაა „კოკა-კოლა“, „მაკდონალდსი“ და ა.შ. ეკონომიკური რუკა აქვთ, რომლითაც ჩვენი გასაღების არეალი ნაწილდება. გეოგრაფიული რუკით აფხაზეთი ჩვენი არეალის ქვეშაა. რუსეთს აფხაზეთში „კოკა-კოლა“ კონტრაბანდული წესით შეჰქონდა, ამიტომ ზაქარეიშვილის მინისტრობის დროს, მასთან ერთად ვმუშაობდით, რომ ლეგალური გაგვეხადა ეს ურთიერთობა.
გვინდა, რომ აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობა დავამყაროთ და ჩვენი გაერთიანება ურთიერთობით დაიწყოს. ამიტომ ეს ყველაფერი მინდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებთან იყოს მორგებული.
ლევან დავითაშვილთან გვექნება საუბარი და მე მგონი საინტერესო თემა გამოვა, თუ გამოვიდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს პუტინს ვუჭერთ. ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური საკითხია. ეს ნდობისა და ბიზნესის დაკავშირების თემაა.
ჯერ არ ვიცით, ეს როგორ მოხდება, თუმცა ბიზნესმენები ვართ და ვეძებთ გზებს. თუ არის მოთხოვნა, მიმწოდებელიც მოინახება და ამის იმედი გვაქვს. თუ ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენს ტერიტორიას მოვემსახურებით.
თუ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მოითხოვს, ლეგალური შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. აქ ერთი პრობლემა იქნება, ვის შეხვდება ფული დამატებითი ღირებულებისა და სხვა გადასახადებიდან. ეს მოლაპარაკების საგანი იქნება, თუმცა ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ ზაფხულში აფხაზეთს ჩვენი „კოკა-კოლათი“ გავაგრილებთ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ „ბიზნეს ფორმულასთან“ და დასძინა, რომ ახლო მომავალში „კოკა-კოლა“ წარმოების გაფართოებისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს, რათა რეგიონის გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
რამდენად შესაძლებელია, რომ სეპარატისტულ რეგიონთან და ე.წ. მთავრობასთან კერძო ბიზნესმენმა ითანამშრომლოს? საქართველო ასეთ ურთერთობებს კატეგორიულად კრძალავს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილის აზრით, ინიციატივა მოითხოვს უფრო მეტ დაზუსტებას, გამჭვირვალობასა და განმარტებებს საზოგადოებისთვის. იდეა უნდა იყოს შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, ისე - საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ეროვნული სუვერენიტეტის საკითხებთან.
„როდესაც საუბარია, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეს მოლაპარაკებები იმართება ბიზნესმენებს შორის, ბიზნესსა და აფხაზეთის თვითაღიარებულ მთავრობას შორის, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების მოლაპარაკებების რაუნდის ფარგლებში, თუ მხოლოდ ერთი ბიზნესმენის სურვილია.
შეკითხვები ჩნდება, რომლებიც არის არსიდან გამომდინარე და თემურ ჭყონიას განმარტებები არასაკმარისია და შეიძლება ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგოდ. კერძოდ, საქართველოს კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ მე-6 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური სამეწარმეო ან არასამეწარმეო საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. კანონი ამას ცალსახად ამბობს და, აღნიშნული კანონის თანახმად, ყველა ის „თანამდებობის პირი“, რომელიც ამჟამად პოზიციას იჩენს აფხაზეთის ტერიტორიაზე ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც შექმნილია, საქართველოს სახელმწიფოს უკანონო ორგანოებად და უკანონო თანამდებობის პირებად ჰყავს გამოცხადებული.
კანონი, რა თქმა უნდა, უშვებს გამონაკლის შემთხვევებს. კერძოდ, ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალულია (ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა), ამ საქმიანობის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში და ეს უნდა იყოს განსაკუთრებული შემთხვევა. განსაკუთრებული შემთხვევა თუ რა შეიძლება იყოს, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი იქნება ლეგიტიმური, მთავრობამ უნდა მისცემს იმ საქმიანობის ნებართვის განხორციელების უფლება, რომელიც თემურ ჭყონიამ დაასახელა. ამიტომ როდესაც ბიზნესმენი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უფრო მეტი სიცხადეა შესატანი“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.
ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ დასავლეთის მხრიდან ოკუპირებული ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების გამო, აფხაზეთის რეგიონში „კოკა-კოლას“ მიწოდების პრობლემა წარმოიშვა.