კობა დავითაშვილმა ასლან აბაშიძე ლიპარიტ ბაღვაშს შეადარა

კობა დავითაშვილმა ასლან აბაშიძე ლიპარიტ ბაღვაშს შეადარა

გასულ კვირას რუსეთის დუმაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შორის არსებულ დაპირისპირებაზე იმსჯელეს და არაერთი უმკაცრესი განცხადებაც გააკეთეს. ამასთან, ვითარება ბათუმში უკიდურესად დაიძაბა და ქვეყანაში შეიარაღებული დაპირისპირების რეალური საფრთხე გაჩნდა.

გვესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი, რომელიც „ვარდების რევოლუციამდე“ ბათუმში სასტიკად სცემეს:

- ასლან აბაშიძეზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და მან პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებრივ ქმედებებზე, ამას მთელი ქართული სახელმწიფოს ძალისხმევაც რომ დასჭირდეს. ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, აბაშიძის გუნდის წევრებზე რომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და არა პირადად მასზე. აბაშიძე საქართველოს ზურგზე მიბჯენილი ხანჯალია. შეცდომა გახლავთ ისიც, შევარდნაძის მინისტრები რომ დაიჭირეს, თვითონ ედუარდი კი რეზიდენციაში მშვიდადაა მოკალათებული.

სამწუხაროდ, ეს აბსურდები მეორდება. რაც შეეხება რუსეთის დუმაში გაკეთებულ განცხადებებს, მოკლედ ვიტყვი, იყბედონ რა, ნისკარტი გაუცვდებათ თუ... რუსეთის დუმაში ვინ რას იბჟუტურებს, ამაზე ქართველმა პოლიტიკოსებმა ყურიც არ უნდა შეიბერტყონ.

გასაგებია, რომ რუსეთის დუმის წევრებისბჟუტურს“  არაფრად აგდებთ, მაგრამ აჭარაში სისხლისღვრის საფრთხე რომ რეალურად არსებობს...

- ბუნებრივია, ეს საფრთხე არსებობს, მითუმეტეს, როცა სიტუაციას უკანონოდ შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ, ამიტომაც აჭარაში დამატებითი ძალების შეყვანაა საჭირო.

გაგახსენებთ ისტორიიდან ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ დავით აღმაშენებლის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რასაც ალბათ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ თავის დროზე ეს რომ არ მომხდარიყო, დღეს საქართველო არ იარსებებდა.

ძალიან ხმამაღალ განცხადებას ხომ არ აკეთებთ?... რა, დავით აღმაშენებელს მიხეილ სააკაშვილს ადარებთ, ხოლო ასლან აბაშიძეს - ლიპარიტ ბაღვაშს?

- ასლან აბაშიძე მართლა ჰგავს ლიპარიტ ბაღვაშს, მაგრამ ეს შეიძლება, მისი ხსოვნის შეურაცხყოფა იყოს. მიხეილ სააკაშვილს კი დავით აღმაშენებელს ნამდვილად არ ვადარებ.

ისე, რა ამის პასუხია და, კულუარებში ამბობენ, კობა დავითაშვილი ჟვანიას ჩასაძირად შექმნილი მართული ოპოზიციაა და სააკაშვილის დაკვეთას ასრულებსო...

- თქვენ როგორ ფიქრობთ? იქნებ ის პერიოდიც გაიხსენოთ, როცა ამბობდნენ, დავითაშვილი ჟვანიას დაკვეთას ასრულებსო. სამწუხაროდ, ეს სიმართლე არ არის.

იმასაც ამბობენ, პრეზიდენტი კობა დავითაშვილს ოცნებას აუსრულებს და მალე გენპროკურორის სავარძელს მოარგებსო...

- ჩემთვის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ვერ გაიმეტეს და გენპროკურორად დამნიშნავენ? არ მინდა ეს თანამდებობა და ამის პრეტენზია არც არასდროს მქონია, მითუმეტეს - დღეს. ნახავდით, რომ „ნაციონალებმა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის დროს მხარი ხათუნა  გოგორიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს, ცხადია, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათი დამცინავი და აგრესიული დამოკიდებულება ჩემ მიმართ მართლაც მოულოდნელი იყო. ბესო ჯუღელი იყო პირველი, ვინც ქვა მესროლა, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ამისთვის ჩინ-მედლებს მისცემდნენ.

ბოლო დროს ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთხელ შეუტიეთ და თანამდებობიდან მისი გადაყენება მოითხოვეთ...

- რა, არ არის გადასაყენებელი? პირადად ჟვანიას კი არაფერს ვერჩი, მისი საქმეები მიბიძგებს ასეთი განცხადებების გაკეთებისკენ. მან შეგვიყვანა დსთ-ში, ხელი მოგვაწერინა „ნულოვან ვარიანტზე“, ასლან აბაშიძეს „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შემოღებაზე გაურიგდა, კონსტიტუცია თავზე დაგვამხო, პენსიონერების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა... აღარ კმარა? ამიტომაც მივმართე პრეზიდენტს, გაეთავისუფლებინა ეს კაცი დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა, როგორც ჩანს, იგი თვლის, რომ ჟვანიას დიდი ორგანიზატორული ნიჭი აქვს. თუკი პრემიერ-მინისტრი კარგ საქმეს გააკეთებს, მხარს მასაც დავუჭერ, მაგრამ თუ რამეს ქვეყნის საზიანოს ჩაიდენენ, სააკაშვილსაც არ შევეპუები!