ზეთის იმპორტთან დაკავშირებით უკვე სერიოზული პრობლემები გაჩნდა

ზეთის იმპორტთან დაკავშირებით უკვე სერიოზული პრობლემები გაჩნდა

მზესუმზირის ზეთის იმპორტთან დაკავშირებით თანდათან პრობლემები გროვდება. უკრაინა, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი, უკვე აღარ არსებობს. ახლა ირკვევა, რომ რუსეთიდან რთულდება პროდუქტის შემოტანა. ალტერნატიული ბაზრები კი ასე ადვილი მოსაძებნი არ არის.

გუშინ რუსეთის საბაჟო ქვეკომისიამ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის კვოტირების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და მას უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ. ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა დაადასტურა.

„მზესუმზირის ზეთთან მიმართებით ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობს. მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ზეთისა და შროტის ექსპორტის კვოტირების ჩათვლით, დამატებითი ზომები შევიმუშავეთ. უახლოეს პერიოდში მთავრობის დადგენილების შესაბამისი პროექტი შემუშავდება“, - განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საბაჟო-სატარიფო რეგულირების კომისიამ მხარი დაუჭირა. „ამიტომ რუსეთის მთავრობისგან შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ველოდებით“, - თქვა პატრუშევმა.

მზესუმზირის ზეთზე დაწესებულმა კვოტამ შესაძლოა 1.5 მლნ ტონა შეადგინოს. ზეთებისა და ცხიმების ასოციაციაში განაცხადეს, რომ რეგულაცია, შესაძლოა 15 აპრილიდან ამოქმედდეს. სხვა წყაროები შეზღუდვის ამოქმედების დროდ პირველ აპრილს ასახელებენ.

ასე რომ, მზესუმზირის ზეთთან დაკავშირებით საქართველოს მეორე მთავარი მომწოდებლის მხრივაც შეექმნა პრობლემა. პირველი კი უკრაინაა, სადაც პროდუქციის მწარმოებელი ქარხნებიც კი დაიბომბა. ზეთის იმპორტიორი კომპანიის „ჩირინას“ დამფუძნებელის ცნობით, ქარხანა, სადაც ზეთს ყიდულობდნენ, განადგურებულია. ალტერნატიული ბაზრების მოძიება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ დროს საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტიორ 5 ყველაზე დიდ კომპანიას შორის ერთ-ერთი სწორედ „ჩირინაა“. რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანიას ზეთის იმპორტი შეჩერებული აქვს.

„ჩვენ ზეთი შემოგვქონდა უკრაინიდან და ის ქარხანა დაბომბეს და გაანადგურეს. ამ დრომდე ალტერნატიული წყაროები, რომ სხვა ბაზარზე გადავერთოთ, ნაპოვნი არ გვაქვს, რადგან შავ ზღვაში უკრაინის გარდა, ყველა მხრიდან ხდება იმპორტი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. შესაბამისად, ზეთის იმპორტი შევაჩერეთ“, - თქვა ვაშაკიძემ.

იმპორტიორი კომპანია „მზიურის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დიმიტრი რამიშვილიც ადასტურებს, რომ ზეთის იმპორტი სულ უფრო ძნელდება. რუსეთში გართულებული გადახდების გამო, კომპანიამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ბაზრების ჩანაცვლებაზე დაიწყო ფიქრი, თუმცა ეს მარტივი არ აღმოჩნდა.

„ალტერნატიული ბაზრები საკმაოდ რთული მოსაძიებელია. დღეს რუსეთის ბაზარი მოქმედია, ქარხანა მუშაობს, პრობლემები არ აქვს და ნედლეულიც არსებობს, თუმცა მომავალში რა იქნება არ ვიცით. მაგალითად, არგენტინიდან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ბაზრის მსგავსად ზეთის წარმოებაში მსხვილი ქვეყანაა და იმპორტის განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს.

ჩვენ რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მივიღოთ, არსებული რესურსი უნდა ამოგვეწუროს და ნულს გაუტოლდეს“, - განაცხადა რამიშვილმა.

მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.9 მლნ აშშ დოლარის 1,914 ტონა ზეთი შემოვიდა, აქედან 1,469 ტონა რუსეთიდან, 239 ტონა უკრაინიდან, 204 ტონა კი აზერბაიჯანიდან.

აღსანიშნია ისიც, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ზეთის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.9%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველომ სულ 2.9 მლნ დოლარის 1 914 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა. (2021 წლის იანვარ-თებერვალი - 5.6 მლნ დოლარი, 4 210 ტონა). ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია (2.2 მლნ დოლარი, 1 469 ტონა).

ლაზი რაში გჭირდებათ ამ პანიკის თესვა. ცოტა დაფიქრდით რას ემსახურება ეს თქვენი "ანალიტიკა". დაესევა ხალხი ამის გამო მაღაზიებს და შედეგად მოიმატებს ფასი. როგორც ეს გააკეთეთ შაქარზე. ამას ჟურნალისტობა კი არა პანიკიორობა ჰქვია, მიუხედავად იმისა, მართალია ეს ყველაფერი თუ არა.
2 წლის უკან