როგორც აპირებს მთავრობა საწვავის ფასის შემცირებას?

როგორც აპირებს მთავრობა საწვავის ფასის შემცირებას?

საწვავი გამუდმებით ძვირდება და ეს პროცესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკაზე, ასევე ინფლაციაზე. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულებამ 4 ლარს მიაღწია. მთავრობა რაღაც ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით არ ამხელს, თუ როგორ აპირებს არანორმალურად გაზრდილი ფასის შემცირებას. გარკვეული ინფორმაცია უკვე გააჩნიათ იმპორტიორებს.

ასეთ ფონზე მოქალაქეებმა ორიოდე დღის წინ რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაიაფების მოთხოვნით აქციას გამართეს. მათი ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

თუმცა მთავრობას სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვს. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ქვეყანაში საწვავის ფასები ისედაც შემცირდება. ეკონომიკური გუნდი მუშაობს და აქ შეიძლება უფრო უპრიანი სხვა ტიპის გადაწყვეტილებები იყოს.

„რეალურად დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ღირებულების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან და არის მოლოდინი, რომ ბაზარზე შეიძლება უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს. გარკვეულწილად ის პიკური ფასები გადაივლის და რაღაც დროის შემდეგ უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს. საწვავთან მიმართებით გაიაფებას ველოდებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრიც, რომელიც საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას ითვალისწინებს.

„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსის მოთხოვნებია, რაც დღეს არის დაყენებულის საწვავის ფასებთან დაკავშირებით, კონკრეტულად დღგ-სთან მიმართებით. ესაა საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 8-დან 9%-მდეა ამიტომ ამხელა ტიპის შემოსავლების დაკლებაზე საუბარი, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რაც ქვეყანას აქვს აღებული მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამაზე ამ ეტაპზე იყოს საუბარი“, - აღნიშნა მინისტრმა.

საბოლოოდ კი საკიხს მთავრობის სხდომაზე შეეხო ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც საწვავის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა შედარებით ფართოდ მიმოიხილა საერთაშორისო ტენდენციის გათვალისწინებით.

„საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში უფრო ძვირია საწვავი, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება გაზის ფასებს - გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა, 2-3 კვირის წინ 3 900 დოლარს მიაღწია 1000 კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა და თუ გახსენდებათ რამდენს ვიხდით ჩვენ ბუნებრივ აირში? ეს არის სოციალური გაზი და ეს არის კომერციული გაზი, ვინაიდან ეს კომერციული საიდუმლოებაა კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კონტრაქტები, რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, არის ძალიან მიზერული.

ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ მეორე თუ მესამე ადგილას ვართ გაზის ფასების მიხედვით. ყველაზე იაფი ღირს მთელ ევროპაში გაზი საქართველოში, აზერბაიჯანის შემდეგ. ამიტომ, გთხოვთ ყველას, რომ ამ სიტუაციაში, ასეთ კრიზისულ ვითარებაში, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში. ევროპაში 3 900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1000 კუბური მეტრი გაზი, ჩვენთან ეს დაახლოებით 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე რასაც მოქალაქეები იხდიან. ძალიან დიდი სხვაობაა, კომუნალური გადასახადები არის გაათმაგებული მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება, მინდა, ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, რომლებიც გამოდიან და ტყუილებს ეუბნებიან ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის წევრთა შეფასებები ერთი მხრივ გასაგებია, მაგრამ რეალურად რას აპირებენ ისინი ფასის შესამცირებლად? ამ საკითხზე სხვაზე მეტი ინფორმაცია აღმოაჩნდა „სენტა პერტროლიუმის“ დამფუძნებელს ზაალ იაკობიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველომ შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნებიდან საწვავი გაცილებით იაფად მიიღოს, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასია. მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს და თუ შეთანხმება შედგა, ერთ ლიტრ საწვავზე სხვაობა შესაძლოა, 50-60 თეთრი იყოს.

„საქართველოს მთავრობა ცდილობს და უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნებთან. მიდის საუბარი, რომ შესასყიდი ფასი საქართველოსთვის იყოს იაფი, ვიდრე საერთაშორისო ბაზრის ფასებია.

მაგალითად, „პლატცის“ მიხედვით თუ 1 ტონა ბენზინის ფასი 1100 დოლარია, შეიძლება მინიმუმ იგი 300 დოლარით შემცირდეს (სპეციალურად საქართველოსთვის). ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, ეს გამოიწვევს დაახლოებით 50-60-თეთრიან სხვაობას (ერთ ლიტრზე)“, - განუცხადა „საქმის კურსს“ იაკობიძემ.

ბიზნესმენი არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროცესი ძალიან აქტიურია.

„როგორც ვიცი, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად უნდა გადაწყდეს საკითხი. ეს არის ყველაზე ქმედითი, რაც შეიძლება მოხერხდეს ამ სიტუაციაში, რადგან მთავრობა და მოსახლეობა ვერ შეცვლის ფასს, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე“, - დასძინა ზაალ იაკობიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ის „დაზღვევის მექანიზმი“, რასაც საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ჰპირდება, ბიზნესმენი ამბობს, რომ დიდწილად, სწორედ ეს იგულისხმება.